* * *

მზით მოგშუშებოდეს და მზის ჩრდილებადვე

გიქციოს უფალმა დარდი

რაც რამე ჩაგიქრე და მაინც რჩებოდი

იმხელა რომ არც კი ჩანდი

მიწაზე მთლიანად დღეს ჩემი სარკმლიდან

გიგზავნი ნაცრისფერ მტრედებს

ნუ მეტყვი არ გინდა ნუ მეტყვი არ გინდა

ნუ მეტყვი არ გინდა
მენდე

 

 

* * *

დედი, ჩემი ოთახი დემონებით ივსება,
დედი, ისე მშორდება დარდი შენთან შეხვედრის…
სულ მთლიანად მომწამლეს შხამიანმა ისრებმა.
არ იტირო, როდესაც საბოლოოდ შემხედავ.
არ წამოგცდეს ცრემლები. შენ რომ ასე გინდოდა,
შემიყვარდა კიდეც და ვერასდროს გაგიმხილე.
და მას მერე ჩამოდგა მკაცრი უამინდობა.
მას მერეა, ბნელ სახლში მუდამ ბნელი ჩიხივით
რომ ვბრუნდები. ცხოვრებას გავეცალე მთლიანად.
გაქრა ყველა სურვილი. გაქრა ყველა შიმშილი.
ადვილად მიხვდებოდი ალბათ, შენზე კი არა
სიცოცხლეზე რომ მინდა ვწერდე ახლა, გიჟივით.
დედი, ასე თბილად ხომ არასდროს მომიმართავს.
ახლა, როცა ოთახში დემონები მღერიან,
თურმე ბოლო სურვილი, როგორც ბოლო სიმართლე,
დედის ნახვა ან ბოლო სიგარეტის ღერია.

 

 

1 2 3 4 5