სხვა მეცნიერება

 

გაუზომია ვინმეს,

დედამიწის ტვირთამწეობა?

ან დარდისა

და ტკივილის  ფიზიკური სიდიდეები?

წარსულის ფარდობითობა,

სიყვარულის

და სიყმაწვილის უწონადობა,

ბავშვობის გრავიტაციის კანონი,

ფიქრის ალგებრა,

ან ღრუბლების გეომეტრია,

დროის ოთხი განზომილება:

წარსული, აწმყო, მომავალი, მარადისობა.

განა შეიძლება ოთხგან ყოფნა?

სიზმრები წარსულში,

მზერა აწმყოში,

ხედვა მომავალში,

სული კი ცნობს მარადისობას,

როგორც ზღვასთან მიახლოებისას

ხეების ზოლს იქით ჯერ არა ჩანს,

მაგრამ აგერ, ცოტაც და იგრძნობა იგი.

 

 

 

წერილი ბებიას

 

ბებო, ბაღანაც კარგად, ჩვენც კარგადა ვართ, მადლობ.

რაის უჭმელი? სავსე ქვაბი არ ყოფნის მარტოს.

 

ცისკენ ხელს იშვერს თოვლში – „ეცა ლა ალი, მამა?“

არ შეგეშინდეს, თბილად ვაცმევთ და ვასმევთ წამალს.

 

ზამთარში ცივა მაინც, ცივდება, სეზონია.

მე ქე ვმუშაობ, აფერს არ ვიკლებ, ნუ გგონია.

 

თბილი მაცვია ნასკი, ვიხურავ შენს თბილ საბანს.

ილო, გაფრინდა ისევ, საით? რა ვიცი აბა.

 

დუნია მოიარა, მთლად დაემსგავსა შენს მაზლს.

კარგი, მოვიშლი, ბებო, ბავშვის კისერზე შესმას.

 

მოვიშლი ბოლთის ცემას, მოვიშლი მარტო სმასაც.

არ გავუწყრები ცოლს და არ ამოვიღებ ხმასაც.

 

რაფერი ზამთარია, თოვს და წვიმს, მიწას ალტობს.

მაქეთ რა ხდება ბებო? ხვარ მოიწყინე მარტომ?

 

ლადო თუ ნახე სადმე, სულმა თუ იცნო სული?

ხელი თუ შეუხვიე? დამწვარი ხელისგული?

 

ბიძები მომიკითხე, აქედან გითვლით სალამს!

ამოვალ მალე, გნახავ, მოვთხრი ბარდსა და ბალახს.

 

ქვასაც გადავწმენდ, შუბლზე ტალახი მოგცხებია.

სხვაი? სახურავს აცდა შენი დარგული ბია.

 

ბაბუის დიდი ქუდი, კიდია, ოჯახს იცავს,

იმას რომ შემოევლე, იმან გაგითბო მიწა,

 

იმან გიკვალა კვალი, იქიდან გაგინათა,

მოგიგერია,  ბებო, ყმუილი ქარაფთართა.

 

აგერ ბაღანა, აგერ, შენი ეზო და კარი.

გიგზავნი წერილს.. ალბათ, მალე ჩადგება ქარი.

 

დაიხურება ღამის მოშანდაკული ზეცა
(მთელი ზამთარი შენი თბილი ჯემპრები მეცვა)

 

ვარსკვლავის სხივზე ბაცი, გრძელი და ძნელზე-ძნელი

გაიცრიცა და გაქრა ოთხმოცდაშვიდი წელი,

 

ოთხმოცდაშვიდი ზამთრის წასვლა, ზაფხულის მოსვლა,

ტაშტში ფეხების ბანვა და ხერხემალზე კოცნა.

 

თენდება, ტიალდება.. უკვე ადგომის დროა,

ადექი, დაახვავე, წვრილი ფიჩხების გროვა

 

მზეს დაახვედრე ფუტი, ცეცხლი შეანთე ფეჩში,

სახლს თქვენი სითბო შერჩა, როგორც მაგ გორაკს შერჩით.

 

ჯოხდაუბჯენლად წასულს, ჯოხი რიღასთვის გინდა?

ან ასე წარბშეკრული რატომ მიყურებ ქვიდან?

 

არ გავუწყრები ცოლსთქვა, მოვიშლი ბოლთის ცემას.

(მომიკაკუნა აგერ ოცდამეათე წელმა)

 

ლუკა ხელს იშვერს თოვლში, „ეცა ლა ალი, მამა?“

არ შეგეშინდეს, თბილად ვაცმევთ და ვასმევთ წამალს.

 

აფერი მოგვაკლდება, შენ მაგი არ იდარდო,

წერილს თოვლის ფიფქს ვატან, ყველაფრისათვის გმადლობ.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4