ცა და მიწა

 

სათქმელი

 

ამქვეყნად ყველაფერს თავისი სათქმელი აქვს,

ღრუბელს, ფოთოლს, მატარებელს – დაგან, დაგან..

ყველაფერი თავის თავს ამბობს, უბრალო არსებობით,

სრიალით, ძვრით, სვლით, დებით.

მხოლოდ კაცი ვერ გამოთქვამს საკუთარ თავს,

ხან მიწას ჩაჰყურებს, ხან ცას აჰყურებს,

ხან ერთში ეძებს პასუხს, ხან მეორეში,

მაგრამ თავის თავის მაინც ვერ  ხედავს.

ხედავს ჩრდილებს, ილუზიებს, ანარეკლებს,

მაგრამ თავის თავს ვერა, საერთოდ ვერა.

 

შეიძლება კაცი განთიადის ხილვით იყოს

ბედნიერი

და კბილის ჯაგრისის დაკარგვით უბედურობდეს?

 

არც მიწისა ვარ, არც ცისაო…

მიწაც არი და ცაც არი,

ზოგში ცა მეტია, ზოგში მიწა.

ზოგი კიდე თავშექცევით ზის

და გავლილ გზას უყურებს – ეგება თავისი

თავი იქ მაინც დაინახოს, ბავშვობაში,

იქ, აუმღვრეველ, კრიალა წყლებში.

 

გული ივსება სიტყვის წვენით,

სიტყვაც მწიფდება როგორც ნაყოფი,

სიტყვას თავისი აქვს გაზაფხული,

და ზოგჯერ ისეთ რამეს გამოთქვამს,

სულ რომ არ ჰქონდა თქმად განზრახული.

 

წამოძახილში სიმართლე მეტია,

ნაფიქრში – სიმძიმე,

წარსულში მეტი მომავალია,

მომავალი კი სავსეა წარსულით.

 

ადამიანზე უკეთ ადამიანს საგნები და მოვლენები გამოთქვამენ –

ქვეყნით ამოვა მწვანე,

დრო მათის პაემანის,

გადამწვანდება ბაღი,

ქუჩა და ხეივანი,

დარეკავს ზარი,

დარეკს,

მატარებელიც – დაგან…

წახვალ და მაინც მოხვალ,

ვერ გაჩერდები სხვაგან.

 

 

 

1 2 3 4