ცის თვალებით
ადამიანი ყველაზე ნამდვილი მაშინაა, როცა ტკივა.
ყველაზე მართალიც მაშინაა.
სიკვდილი რომ არა,
რა იქნებოდა ვარდის ყვავილობა?
რაც თვალს აკლდება, გულს ემატება,
რაც გულს აკლდება, ქრება თავისით,
ან რად იწყება, ან რად მთავრდება,
ან რატომ ქრება – ეს აღარ ვიცით.
თვალი მომწყვიტა…
ახალი დრო ადამიანს თვალს წყვეტს,
თვალს ატყვევებს…
აბა შეხედე ხეს,
ხეს და შენს შორის ჰაერს,
ჰაერის იქით მთებს,
მთებზე ნისლების ხმაურს,
ვეღარ შეამჩნევ, ვერ –
დასაფიქრებელს მრავალს,
ყოფით ამბებში სხვა ვარ,
ცის დანახული – სხვა ვარ.
მიწის სუნი
რა სიმყუდროვე გამეფდება ხოლმე კაცის სულში,
სიო რომ მინდვრებს წამოუბერავს?
თითქოს რაღაცას იხსენებსო,
რაღაცას – დიდს და შორეულს…
რა ვიცოდით და რა დავივიწყეთ?
რით ვერ დავასრულეთ, რაც დავიწყეთ?
რაც დავასრულეთ, დავსვით წერტილი,
შორს დაგვრჩა, როგორც ცამოწმენდილი…
დღის წერტილი ღამეა,
ღამის წერტილი დღე,
და ორივესი?
განა ბავშვს ავი რამ განზრახვა აქვს,
როცა პირველად შეეხება ყვავილს,
ჩაბღუჯავს და ამოგლეჯს?
ფესვებ-მიწიანს,
მიწის სუნიანს…
კარგა ხანს მოგვყვება ხოლმე
იმ ამოგლეჯილი ყვავილის და მიწის სუნი
და თითებზე კვალი –
მწვანე წვენისა,
შეგრძნება –
ხელიდან გასხლტომის,
ვერ-მიწვდენის
და ვერ-დაწევნისა.