სეზონი


ზღვის სეზონია,

ქალაქები ჩამოდიან ზღვაზე,

ჩამოდიან ყველა ქვეყნიდან,
თითო ტალღისთვის,

თითო კათხისთვის,

მზის სხივებისთვის.

შეხვდებიან, შეერთდებიან,

იცინებენ, იმხიარულებენ,

სხვა რამეებსაც იზამენ..

დისკო მზისა,

სხვა დისკოები ფერად-ფერადი,

ცეკვა, ცეკვა,

ხმაური, ხმაური.

დღე დღეზე და ღამე ღამეზე.

და ბოლოს –

ავსების ნაცვლად

სევდა-ნაღველი

შემოაწვებათ,

გაიშლებიან, დაიშლებიან,

თავჩაქინდრულები, დაცარიელებულები –

ზღვისპირას დაყრილი პლასტმასის ბოთლებივით.

 

 

კენჭები

 

რატომ ვწერ ლექსებს? რატომ ვანდობ, რატომ ვენდობი

ან უფრო ნაკლებ ბანალურად – ამ ბოლო ჩიხით

რატომ მთავრდება ყველა ქუჩა, შუკა, ფერდობი?

ნუთუ ამდენი ტანჯვის მერეც მინდა და მიღირს –

 

ვანდო ამ მომცრო, უსხეულო სიტყვებს სათქმელი,

ქაღალდის ტბაში კენჭებივით ვყარო და ვყარო

გზები, ხეები, ნაბიჯები,სახლი,სარკმელი.

მერე ვუყურო ოვალურ წრეს, წრეებს. დავხარო

 

თავი და გავყვე ამ გზებიდან ერთს, რომელიმეს.

დროდადრო ფსკერზე დავეძებდე ჩემ ჩაყრილ კენჭებს.

ცა ჭრილობაა, მზე სისხლი და ქარი მალამო.

რა სიმწრით ვცდილობ, ნაპირთაგან ერთს მაინც შევრჩე.

 

(ნაპირი, უფრო კონკრეტულად კუნძული, ყურე.

დროის კუნძული ცას და მიწას შორის და მიღმა).

გული – კარები, მერამდენედ გამოვიხურე,

მერამდენე გზა, მერამდენე ქვიშა და თიხა.

 

 

 

1 2 3 4