****

 

დგება დრო, როცა ყველა ნივთს,

მოგონებას, სამახსოვროდ დატოვებულ საღამოებს თავს უყრი.

პარკებში აწყობ.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქში აღარასოდეს დაბრუნდები.

განა იმიტომ რომ ეს ქალაქი აღარ გიყვარს.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქში შენი მეგობრები აღარ ცხოვრობენ.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქში შენი თავი დაასრულე.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქიდან სამუდამოდ მიემგზავრები.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქში ნაქირავები ბინის ფანჯრიდან ყურება მოგბეზრდა.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქში, საღამოს, გალაქტიონის ხიდზე გადასვლა აღარ გინდა.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქში მეტროს წინ მეგობარს აღარ დაელოდები.

განა იმიტომ რომ ამ ქალაქში

გამთენიისას სიზმრებიდან გამოსასვლელად სახეს კორპუსებს არ მიუშვერ.

უბრალოდ დგება დრო, როცა ყველა ნივთს, მოგონებას,

სამახსოვროდ დატოვებულ საღამოებს

თავს უყრი, პარკებში აწყობ.

მიდებ კუთხეში, შუქს ჩააქრობ.

ღრმად ამოისუნთქებ და გახვალ ყველაფრიდან და ყველასგან,

სადაც შენი ნაწილები დაგიტოვია.

რაღაც ახლისკენ, შეუცნობლისკენ.

თვალს გაავლებ, როგორც წითელ ხაზს

გადაკვეთის გამჭირვალე წერტილს,

მშვიდად მსუბუქად გამოცლილი გაყვები გზას,

რომელიც არ იცი საით მიდის, ან აქ საიდან მოვიდა

 

 

გალის მანდარინები

 

გალის მანდარინზე ბაშვობიდან ლეგენდები მესმოდა.

ერთხელ ზამთარში ხაშურის ცივ ავტოსადგურში ვიჯექით მე და მამა.

არ მახსოვს სად მივდიოდით, საიდან მოვდიოდით.

ისედაც ყველაფერი გზა იყო და გზა იყო მანდარინებიც,

როცა მამაჩემი იხსენებდა კოლმეურნეობის მანდარინებს,

მისი თვალები კიდევ უფრო წყლიანი ხდებოდა

და ხმა კიდევ უფრო სევდიანი.

როგორც ძველ შეყვარებულს ისე იხსენებდა,

მის მწიფობას, გემოს მოვლას და ყველა რიტუალს და მიწას,

რომელიც კოლმეურნეობის მანდარინთან აკავშირებდა.

ყველაფერი, რასაც ამბობდა ლოცვას გავდა.

და მე იმ წამს, იმ ცივი ზამთრის დღეს

სამუდამოდ შემიყვარდა კოლმეურნეობის მანდარინი.

და მიწა,  რომელზეც იზრდებოდა მანდარინის ხეები.

და მე იმ წამს, იმ ცივი ზამთრის დღეს

სამუდამოდ შემიყვარდა მამაჩემი.

კაცი, რომელიც თავის თავში ყველაფერს ინახავდა, რაც უცხოვრია.

ყველა ომს, რომელიც წააგო.

ყველა სახლს, რომელიც დაკარგა.

და მე იმ ცივი ზამთარის დღეს

სამუდამოდ შემიყვარდა ხაშურის ავტოსადგური.

ადგილი, სადაც ოდესღაც მამაჩემმა

კოლმეურნეობის მანდარინებზე და ჩემს დამწვარ სახლზე

დიდი ზღაპარი მომიყვა.

ეს მოხდა პირველად და უკანასკნელად,

როცა მამა დაჯდა და ზღაპარი მომიყვა.

მას ხომ არასოდეს ქონდა დრო ყოფილიყო მამა.

ის ხომ ყოველთვის გზაზე იყო და უცხოდ რჩებოდა .

და მე იმ წამს, იმ ცივი ზამთრის დღეს

პირველად დამესიზმრა მანდარინების ბაღი.

და სახლი, რომელმაც სამუდამოდ დამკარგა.

 

 

 

1 2 3