ჩემი ახალგაზრდობა

 

ჩემი ახალგაზრდობა გავს დედაჩემის ახალგაზრდობის ფოტოებს, სადაც ის იღიმის შავ-თეთრ კადრში.

ჩემი სიყვარულის ისტორია გავს დედაჩემის სიყვარულის ისტორიას, სადაც ის ხვდება ზღვისპირა ქალაქში სევდიან კაცს ხაკისფერ ტანსაცმელში.

ჩემი იმედგაცრუება გავს დედაჩემის იმედგაცრუებას, სადაც ის კარგავს საყვარელ ადამიანებს.  ერთმანეთს როგორც უცხოები უყურებენ.

ჩემი ლექსები გავს დედაჩემის ლექსებს, სადაც ის სიჩუმეში გახვეულ ძილში იძინებს სიზმრებს მიყვება.

ჩემი დაკარგულობა გავს დედაჩემის დაკარგულობას, სადაც ის ქართან ერთად დამოგზაურობს უდაბნოში.

ჩემი სახლი გავს დედაჩემის სახლს, სადაც ის არსად არ არის რომ ყველგან შეძლოს ყოფნა.

ჩემი ხეტიალი გავს დედაჩემის ხეტიალს, სადაც ის ტყვიების წვიმა გამოვლილი დაღლილ სხეულს მიათრევს მდინარის მეორე ნაპირისკენ.

ჩემი მარტოსულობა გავს დედაჩემის მარტოსულობას, სადაც ის არ ელოდება არავის თოვლს სულს უბერავს ხელებით მზეს ეფერება.

ჩემი სევდა გავს დედაჩემის სევდას, სადაც ის ხაშურის ბაზარში პოულობს  გამყიდველ ქალს მეგრულ ენაზე მოსაუბრეს ერთმანეთს სიტყვებს უშენენ როგორც ყინულის ლოდებს სახეზე სიამოვნების გრილი ჟრუანტელი დასთამაშებთ.

ჩემი გზა გავს დედაჩემის გზას, სადაც ის ემშვიდობება დროს ყოველი დღე დროსთან დამშვიდობებაა.

ჩემი ავადმყოფობები გავს დედაჩემის ავადმყოფობებს, სადაც ის წამღერებით პასუხობს კითხვებს ფეხებს ბავშვივით ათამაშებს.

ჩემი ამბავი გავს დედაჩემის ამბავს, სადაც ის  ემსგავსება დედამისს.

ყველა ამბავი გავს დედას.

 

 

ხორცი და თბილისის ზღვა

 

საღამოს როცა მზემ თვალები დახუჭა

და ცაზე მისი მთვლემარე სახე ამობრწყინდა

თბილისის ზღვის ტყეებში

ციცინათელებივით დაფარფატებდნენ თხები

სხვადასხვა ფერის ხასიათის ასაკის

ყველაზე სუფთა და ახალ ყლორტებს ეტანებოდნენ  დაშარიშურობდნენ  მზით გამთბარ ბალახებს შორის

მოშორებით ნაძვების ძირში იდგა მანქანები

სადაც ადამიანები ერთმენეთის გაოფლი სხეულებს ეკვროდნენ

მე ვიდექი  თხებს მივყვებოდი

მათ იცოდნენ საით უნდა გაგვეხვია

მათ იცოდნენ ყველაფერი

რაზეც მე ჯერ ნაფიქრი არ მქონდა

ქვემოთ იყო ქალაქი რომელიც მთვარის ნათებაში ეხვეოდა

სადაც დავტოვე მეგობრები

რომლებიც აღაროსოდეს იქნებიან ჩემი მეგობრები

ქვემოთ დავტოვე მათი სიყვარული

მთაზე მსუბუქად ავედი თავი თხებს მივანდე

მათ მიმიყვანეს ხესთან რომელიც მესიზმრებოდა

მათ მიმიყვანეს მზის ჩასვლასთან რომელიც მესიზმრებოდა

მათ შემახვედრეს ადამიანს რომელმაც შემიყვარა

ბალახებში გავშალეთ სუფრა

დავყარეთ ხორცი გავტეხეთ პური

ამოვივსეთ მშიერი მუცლები

ვიცინეთ

არასოდეს ყოფილა პური ამდენად პური

და ხორცი ამდენად ხორცი

და დაკარგული მეგობარი ამდენად დაკარგული

სავსე მუცლით და სავსე გულით

მწყემსმა გამომაცილა ქვემოთ

ქალაქისკენ სადაც არავინ მელოდა

 

 

 

 

1 2 3