უცხო ქალაქი

 

არ გიყვარს, როცა ჩვენზე ვწერ და ყველას ვუყვები ჩვენს შავ-თეთრ ამბებს –

ჩვეულებრივს, ბანალურს და ასე უგემურს,

მე  კი არ ვიცი, შენ გარეშე  ოდესმე რამის დაწერას თუ მოვახერხებდი,

უშენო ამბებს თუ დავწერდი,

უშენო დღეებს თუ აღვწერდი,

უშენო ფიქრებს თუ გავამხელდი – ძალიან მარტივს,

უფრო სწორად, ზედმეტად მარტივს, უშნოს, უფერულს. . .

ხშირად ვიხსენებ უშენო დღეებს  – ჩემს სხეულში ღრმად ჩაგუბებულს;

ერთფეროვანს? . .

არა, უფრო მრავალფეროვანს, მაგრამ სასტიკს,

მკვლელს  და სიკვდილზე ბევრად მტკივნეულს.

ახლაც მახსოვს უცხო სურნელი იმ ქალაქის,

ერთმანეთს რომ  წლების მერე  პირველად შევხვდით:

წვიმდა,  მე კი ქოლგის თან წაღება არც მიფიქრია,

მივლასლასებდი…

კისერზე კი ყველა უშენო დღე მეკიდა  და სიარულში ხელს მიშლიდა,

ზუსტად ისე ვერ მივდიოდი,  როგორც სიზმარში,  ან ფიქრებში –

როცა გარბიხარ,  თან ადგილს ტკეპნი,  წინ ვერ მიდიხარ,

ფეხები გწყდება და ძილიდან სიფხიზლისაკენ  მიგაქანებს რაღაც მძიმე,

ძალიან მძიმე,  იმდენად მძიმე,  აწევას რომ ვეღარ ახერხებ,

ადგილიდანაც კი ვეღარ ძრავ,  მაინც ჯიუტად მიაგორებ. . .

ხელით ვცდილობდი  ჩვენ შორის ფარდად ჩამოშლილი

წვიმისა და ნისლის გაწმენდას –  ვეღარ გხედავდი;

სათვალის მინა, თითქოს, ცდილობდა, არ გაეცურათ ძველ ტკივილებს

ჩემიდან შენკენ.

როცა შევხვდით უცხო ქალაქში,

უერთმანეთოდ ჩავლილმა ყველა  ამბავმა ფასი დაკარგა იქვე –

თითქოს, იყო და თან აღარც იყო,

უცხო ქალაქის უცხო ბილიკზე

ერთმანეთისკენ ზურგით ვიდექით  და ერთმანეთს მაინც ვხედავდით –

თითქოს, აყვავდნენ  სხეულები  და ყველა მხრიდან სარკის თვალები გამოგვეზარდა;

სადღაც კი ახლოს,  ძალიან ახლოს  ძაღლები ყეფდნენ,

საშინლად წვიმდა

და, თითქოს, მარტო ეს წვიმა იყო  მიზეზი ჩვენი ერთად არყოფნის

და გადავწყვიტე, სადღაც გამექრო;

გავაქრე კიდეც

და ნელ-ნელა მოგიახლოვდი.

თმებით ვაშრობდი  ჩვენ შორის ჩამდგარ ნისლსა და ბურუსს,

ნაჭუჭებივით შემოვაფცქვენი  ფიქრებს წარსული…

ჩვენ უკან იწვა უცხო ქალაქი  უცხო ქუჩებით,

ამდენ უცნობში და მარტოსულში,  მარტო ჩვენ ორნი ვგავდით ნაცნობებს –

ვიყავით კიდეც ერთმანეთისთვის ბევრად ნაცნობი,

ბევრად ძვირფასი და ახლობელი, ვიდრე ოდესმე…

სულ არ ყოფილა ეს სიყვარული პათეტიკური,

არც გულუბრყვილო და მიმნდობი,

მიჯაჭვულობის ტკივილებით,  ბავშვის სურნელით გაჯერებული,

მან მომცა ძალა, ნაპირიკენ გამომეცურა…

ახლა კი ვდგავარ  და შორიდან ვუყურებ იმ ზღვას,

ხელ-ფეხშეკრულმა რომ გადავცურე – ჩვენ შორის ჩამდგარს,

და ხშირად ვფიქრობ:  – როგორ შევძელი? –  მე არ ვიცი როგორ შევძელი…

 

 

 

1 2 3 4 5