ომში მოკლული ჟურნალისტი
სულ არ მინდოდა, ომზე მეწერა
და არც გმირობა მქონდა გეგმაში,
ახლა კი როცა ომში მოკლული ჟურნალისტი ვარ,
ყველა ამბავმა, რაც კი აქამდე თავს გადამხდა,
სულ სხვა დატვირთვა და მნიშველობა შეიძინა.
დღეიდან უკვე ომში მოკლული ჟურნალისტი ვარ
და ჩემზე ყველამ ზეპირად იცის,
რომ გრძელი თმები და ჭორფლიანი სახე მქონდა.
ომში რომ კვდები, ყველასთვის უცებ ცნობილი ხდები,
არადა როცა ერთ-ერთ გაზეთში ვმუშაობდი,
ჩემი სახელი ხალხს არაფერს ეუბნებოდა…
ათი წელი მარტო იმაზე ვწერდი სტატიებს,
როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად, წონაში რომ არ მოვიმატოთ,
კიდევ იმაზე, რომ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი
ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია…
მერე კი ომი დაიწყო და ყველამ,
ვისაც კი მასზე ოდესმე რამე დაუწერია
და მათაც, ვისაც არც ჩვენს და მითუმეტეს,
არც სხვების ომზე არასდროს დაგვიწერია,
გადავწყვიტეთ, ცხელ წერტილებში გვეცადა ბედი…
არ მინდოდა ომზე მეწერა, რადგან მეგონა, ჩემი ომი –
ბავშვობაში რომ გამოვიარე, მერე კი თავი ძლივს დავაღწიე
და ჩემს წარსულში ღრმად ჩავმარხე,
ალესილი რქებით და ცეცხლისმფრქვეველი ენით შეიარაღებული,
ჩემი და ჩემი ახლობლების გადასასანსლად კიდევ ერთხელ დაიძრებოდა. . .
და მართლაც, ომი, რომელიც ძლივს გადავაგორე,
ჩემი სივრციდან ძლივს გავაქრე,
ზედ კი ყველა მძიმე ფიქრი, მძიმე დარდი და ტკივილი გადავაფარე,
მაშინვე აღდგა საფლავიდან, როგორც კი მასზე წერა დავიწყე,
ყველაფერი, რაც ზედ ეყარა – მთელი ცხოვრება რომ ვაყარე დაუზარლად,
სულ ერთ წამში გადაიფერთხა და მოსაკლავად გამოგვიდგა.
მიწისფერი ხალათი ეცვა და გზას, რომელიც უნდა გაევლო,
კუდით და რქებით, გრძელი ბრჭყალებით თუ კლანჭებით,
ფეხზე მიბმული დაჟანგული რკინის გუთნით თხრიდა და თხრიდა…
შორს გასროლილი მიწის ღორღი სახეს და თვალებს ისე სერავდა,
როგორც ტყვიები – უმისამართოდ, მაგრამ მაინც ჩვენკენ ნასროლი…
მიწის ბელტები იმ ადგილებზე გვაჭყლიტავდა, სადაც ვიდექით –
გზებზე, სახლებში, აივანზე, ლოგინებში, მანქანებსა თუ პურის რიგებში.
როცა დაგვბომბეს, ყურში ჩამსკდარმა ხმაურმა მითხრა
უფრო სწორად კი, მიღრიალა, რომ დავმთავრდი, რომ აღარა ვარ,
მეც ავდექი და დასერილ სახეს მკვდარი თვალები ჩამოვაფარე,
პირში ჩამდგარი სისხლის გემო კი ბოლო ლუკმად გავიყოლე…
ჩემგან დარჩა წითური თმები, ყველას ეკრანზე რომ აფეთქდა
და სტატიები, სადაც ვწერდი: რომ სწორი კვება სიცოცხლეს ახანგრძლივებს,
რომ ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს,
რომ ცურვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს,
რომ მოწევა და ალკოჰოლი სიცოცხლეს ამოკლებს…
– ომი არის კანიბალიზმი და ისე ღეჭავს ჩვენს უკვდავ სულს და მოკვდავ სხეულს,
როგორც სტაფილოს ან კარტოფილს – მეფიქრებოდა უკვე გარდაცვლილს…
მე კი მის ნამდვილ, შემზარავ სახეს ვრცელი სტატია ვერ მივუძღვენი –
ძალიან ვწუხვარ…