წერილი ვისლავა შიმბორსკას

 

“შეიყვარე განსაცდელები,  მათ გარეშე ეს ცხოვრება არაფერია,” –

მითხრა მღვდელმა იმ  ქვეყნის მშობლიურ ენაზე,

ჩემი სამშობლოს ოცი  პროცენტი რომ დაიპყრო,

გამოგვტაცა, მიიტაცა, მიისაკუთრა,

მავთულხლართებით შემოგვსაზღვრა,

სიცოცხლე  და მომავალი კი   ტყვიით შუაზე   გადაგვიგლიჯა…

ეს მაშინ  მოხდა,   შენს სამშობლოში პირველად  რომ   ვიმოგზაურე –

ჩვენი  ქვეყნის დამპყრობლის მშობლიურ  ენაზე  მოსაუბრე მღვდელიც

შენი ქვეყნის შვილი  იყო…

მას არ უთქვამს:  – გიყვარდეს  მტრები ან ახლობლები –

თქვა, ტკივილები შეიყვარეო…

შენს სამშობლოში ძალიან ბევრი ტაძარია,

იმის მოძებნას, რომელზეც ახლა ვცდილობ მოგიყვე,

სულ ორი კვირა მოვანდომე –

შემოვიარე  შენი ქალაქის ყველა ქუჩა,  კუთხე-კუნჭული. . .

ჯერ ფრანცისკანულ  ტაძარში მოვხვდი,

მერე კი თქვენი  დიდი  წმინდანის,

იოანე პავლე მეორის სახელზე ნაკურთხ

უზარმაზარ გოტიკურ  სტილში გადაწყვეტილ  შენობაში შევაბოტე   გზააბნეულმა…

სიძველისა და მარტოობის სურნელი დამხვდა –

სინესტისა და დარდის სუნთან შეზავებული…

სურვილი ლოცვის სულაც არ მჭირდა,

შესაწირ ყუთში ზლოტი ჩავაგდე,

ფიქრებიდან  კი  30 ვერცხლმა გაჟონა,

ჩემი  სანთელიც   წამში   აინთო…

ლოცვამ დამტოვა – ვერ ვილოცე.

ზოგადად ლოცვა ძალიან მიჭირს,

სიყვარულზე მეტადაც კი –  სიყვარული ყოველთვის უკეთ გამომდიოდა,

ახლა არც ერთი აღარ გამომდის…

თითქოს, ვიღაცა  იქვე იყო –

სიცარიელით  და მარტოოვით  გაჟღენთილ   სულს  უბერავდა   სანთელ-ნათურას. . .

მასთან ერთად კი  ჩემს სხეულში  არაფერი  აღარ  ჩაქრა –

არც ტკივილი,

არც მარტოობა,

არც სამშობლო…

– ღმერთო, დააცხრე ჩემი სულის შფოთვა  და ფორიაქი – ვიმეორე და ვიმეორე,

ალბათ, ათასჯერ,   ან იქნებ სულაც მილიონჯერ  ან მილიარდჯერ გავიმეორე…

მერე ვიპოვე რასაც ვეძებდი –

ფერად  სახლებში ჩაკარგული ორთოდოქსული  ძველი ტაძარი –

განსაცდელების შეყვარებაზე სწორედ იქ მითხრეს. . .

შენ შენს კაცებზე არასოდეს  დაგიწერია,

გერჩივნა, დარდზე,  წინაპრებზე  ან  შენს დაზე დაგეწერა ვრცელი ლექსები –

დაზე, რომელსაც პოეზიის  არაფერი გაეგებოდა,

შენს  ჩანთაში  ჩაჩურთულ  ლექსებს  არაფრად  თვლიდა –

ვერ იგებდა და არც ცდილობდა…

სულზე წერდი და ამბობდი, რომ  როცა  კონსერვის  ქილის გახსნას ვაპირებთ,

ჩვენი სული ჩვენგან გარბის –  შვებულებაში მიიპარება…

იცი, მე სულზე არასოდეს დამიწერია,  ალბათ, ვერც დავწერ –

ძალიან ვუფრთხი ამ სიტყვის სადმე გამოყენებას,  პათეტიკურად რომ არ აღიქვან…

ისე  ვუფრთხი, ზოგჯერ არც მჯერა,  რომ მაქვს და მტკივა,

ზოგჯერ თავის  და თვალების გარდა  აღარაფერიც აღარ მტკივა,

ღმერთს კი მაინც ვთხოვ:

– ღმერთო, დააცხრე ჩემი სულის ფეთქვა,  შფოთი და ფორიაქი…

ზოგჯერ კი შენზე მეფიქრება. . .  იცი, ყველაზე მეტად რა მიკვირს?

როგორ გაჩნდა ასეთ მომაკვდავ,  ჩამქრალ სივრცეში –

სიცარიელის და მარტოობის  მფრქვეველ დრაკონს რომ  მოგვაგონებს  –

შენისთანა იდუმალი,   გულწრფელი სული…

იქ როგორ გაჩნდი, სადაც გაჩნდი,

როგორ ეძებდი მნიშვნელობებს ცარიელი სიტყვების  მიღმა

და შენი ჩუმი და მაინც  ძალიან ხმამაღალი  სიტყვების შფოთით

როგორ შეძელი ასე ლამაზად დაბერება…  დაბერება საერთოდ როგორ მოახერხე?..

 

 

 

 

1 2 3 4 5