***

დასანანია როგორ ყვავის წელსაც ბუნება

დასანანია რომ არაფრის წევრი არა ხარ

გაცხოვრა ლამის კომფორტულად თითქმის უვნებლად

სიცოცხლის ერთი მინიშნებაც არ გიკარნახა

 

 

***

სულ რამდენიმე სიყვარული თუ შემიძლია,

იმასაც ვტირი და ხანდახან ისიც მაშინებს.

ცაში გნახე და სამწუხაროდ დამრჩი ცაშივე.

ჩვენ თურმე ზოგჯერ ღრუბლები ვართ – ქარები გვშლიან.

 

რამდენი დროა გასული, რომ აღარ მოსულხარ

აღარც სიზმარში, აღარც სადმე, რითაც ვიმხნევებთ

თავს. შენ მაშინაც იცინოდი, როცა ცივ ხელებს

გითბობდი. მერეც, როცა შენი სასაფლაოდან

ავხედე ცას და დაგინახე. შენი სიცილი

გვიან ვიცანი. მთელი კვირა ვერ მოვიცილე.

და ვიხსენებდი ექვსი წელი როგორ აორთქლდა.

რამდენი დროა გასული, რომ აღარ მოსულხარ.

დაგირჩა ცოლი და საწოლი მტკვრის პირას

და ხედად – ღმერთების ციხე.

სულ ტყუილად გიტირა, მაშინ ვინც გიტირა.

შენ ახლა ღრუბლებში ზიხარ.

და შენი თვალებით – კეთილი თვალებით

დაღლილი ღმერთივით გვიმზერ.

ვიგრძენი, როდესაც ქარი ღრიალებდა.

ვიწექი თეთრი კლდის ქიმზე.

 

 

1 2 3 4