***

სანამ ჩემი გულით გასაზრდოვებ

და სანამ შენი არსებობით ვსაზრდოობ

სანამ ჩემი გულის თითოეულ ეკალზე

შენს გამოდებას ვცდილობ

სანამ ასეთი დაუცველი ხარ ჩემი გულისგან და

ჩემი ხელებისგან

რომელიც საცეცებად იქცევიან როცა ახლოს ხარ

და თუკი არ ხარ თვითმკვლელებად

მინდა აგიხსნა რა შორია ღმერთი

და რა შორია ცხოვრება ჩემგან

როგორ გეძებდი წინა ცხოვრებაში

და როგორ ვერ გიპოვე

როგორ ველი შემდეგ ცხოვრებას

და როგორ არ მინდა დავკარგო ერთი იმედიც

რომელიც შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს

როგორ შეიძლება მოჩლუნგდეს სურვილები

როგორ შეიძლება კუბოდ გექცეს საწოლი

და გინდოდეს ძილი და ვერ იძინებდე

გენატრებოდეს და ვერ პოულობდე

გზებს ეძებდე და პოულობდე

და მერე თვითონვე გკარგავდნენ გზები

სანამ ჩემი გულით გასაზრდოვებ

მანამდე მინდა იცოდე ვინ ვარ

თორემ ვინ ვიყავი ეს რომ მოხდეს

იმ ტკივილისთვის მეცოდები

როდესაც შენი მხრები მახსენდება

და შენი თვალები

ჩემი ნისლიანი ვარსკვლავები

 

 

1 2 3 4