***
კვლავ ზურგშექცევით დგანან ისინი
ჩვენსავით მათაც აღარ გამოსდით
მწარე სიმართლე არ მოისმინონ.
რომ უკანასკნელ ჩვენს საღამოსთან
ყველა ტყუოდა მაშინვე მივხვდი,
მაშინვე ვგრძნობდი სანამ გეტყოდი.
რომ მე ვნანობდი შენს ყველა სიკვდილს
შენი მკვლელობის ყველა მეთოდი
გამოვიყენე. ის ფიქრი დამხრავს,
რომ სერიული მკვლელი ვარ ახლა.
ან სიყვარული რაში გვჭირდება
ანდა სიყვარულს რაში ვჭირდებით
თუ არ აავსეს გული ჩიტებმა
თუ არ აივსო გული ჩიტებით
ბოლო ქუჩა და ბოლო სპექტაკლი
ბოლო ფინჯანი და ბოლო ყლუპი
მე გიყვებოდი როგორ გენდობი
და უნდობლობა მომქონდა უბით
ამ ფანჯარაშიც ნისლივით ჩანდი
იბზარებოდა დილა ნაცრისფრად
„ნუთუ არ გესმით ამდენი დარდი
რომ ზედმეტია ერთი კაცისთვის“
რომ საშიში ვარ ჩემი თავისთვის
რომ არ არსებობს არსად სიმშვიდე
რომელიც შეძლებს და გულს გამიხსნის.
გამიხსნიდეს ან გადამიშლიდეს
ამ სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ,
რომელშიც ზოგჯერ ისე ვნელდები,
მძულდება ჩემი პირღია სორო
მობეზრებული სენტიმეტებით.
და როცა ეჭვი აზარტში შედის,
როცა საკუთარ თავს არ ვეკუთვნი,
სამიზნე ვხდები ოთხივე კედლის
და ბინადარი ოთხივე კუთხის
–
ან სიყვარული რაში გვჭირდება
ანდა სიყვარულს რაში ვჭირდებით
თუ არ აავსეს გული ჩიტებმა
თუ არ აივსო გული ჩიტებით