ის დღე იყო

 

იყო ერთი გადარეული ზაფხული,

და იყო ერთი უჩვეულოდ დაგუბებული,

მოლოდინით პირსავსე დღე,

როცა თითქოს კრატერიდან ლავას უნდა ამოეხეთქა,

თუმცა, ასე არ დაწყებულა ჩვენი სიყვარული –

ნაცვლად ამისა,

თავისთვის, ჩუმად მიწიდან ბაბუაწვერები ამოყვავილდნენ.

 

და მიუხედავად ასეთი არაფრისმსგავსი ეპილოგისა,

შენ ყველაფერს მიხვდი, თავი დაბლა დახარე და შეგუბებული სულის შებერვა დაიწყე –

თითქოს პირველად ამოისუნთქე,

თითქოს პირველად დაპურდი,

თითქოს ზურგიდან ტვირთი ჩამოიხსენი.

 

ეგ დღე იყო და ეგ –

მეც რომ მიშველე,

და თითქოს მიშვილე,

მას მერე მუხლები აღარ გადამიყვლეფია.

უცნაური სევდებიც დაამდნენ,

ყველა მათგანი ხომ ახლა შენ გიკავშირდება.

 

ეგ დღე იყო და –

უკიდეგანო ზრუნვის ზეწარი სხეულქვეშ ამოვიგე,

თვალებდახუჭულმა შენს ნაკვალევზე გავლა ვისწავლე,

და ყველაზე უფრო – ვისწავლე, თუ როგორ ვიჩქარო შენკენ,

როცა ამის ფუფუნება არ მაქვს.

 

ეგ დღე იყო და –

ეს სამყარო უფრო გადიდდა,

ერთმანეთისკენ მიმართულ ფიქრის ზვირთებად ვიქეცით,

სიცოცხლის ეპიცენტრები ერთმანეთის გულებში მოვნიშნეთ და –

სიყვარული სიცოცხლის გზად და ხიდად დავიგეთ.

 

იყო ერთი გადარეული ზაფხული,

და იყო ერთი უჩვეულოდ დაგუბებული,

მოლოდინით პირსავსე დღე,

როცა თითქოს კრატერიდან ლავას უნდა ამოეხეთქა,

თუმცა, ჩვენი სიყვარული ასე არ დაწყებულა..

 

 

 

1 2 3 4