სიყვარული ყოველთვის ახალია.

 

ერთ დღეს რომ ტყდები,

მეორე დღეს გამთელებს.

ერთ დღეს რომ დარდებისგან იბერები,

მეორე დღეს ნემსის ყუნწში გაგატევს.

 

ადამიანებიდან და ქუჩებიდან აკრულ მტვერს

თავსხმა წვიმასავით გრეცხავს

და შემდეგ მზის ცხელი სხივებით

შეციებულ სხეულს გიშრობს.

 

სიყვარული სულ ახალია,

 

თან ძვლებში გტეხავს,

თან ვერგამოთქმად იმედს განიჭებს,

განდომებს,

რომ არასდროს განიკურნო,

ფეხიც არ წაგცდეს

ძველ,

უნახევრო არსებობაში.

 

სიყვარული სულ ახალია –

ასჯერ მეორდება

და შენ მაინც რაღაც ახალს ისრუტავ.

მუდმივად განგრძობადია და მაინც გგონია,

სადღაც წყდება,

ახლიდან ივსება და გემართება.

 

თითქოს ერთი და იგივე მუსიკა გესმის,

თუმცა კი უნიკალური ნოტებით გევსება სმენა,

ტკბილი ჟრუანტელით ყურები გებერება,

ისიც კი გესმის, რასაც ხედავ და

იმასაც ხედავ, რაც არ ჩანს.

 

სიყვარული სულ ახალია,

ყველა მზერა და ყველა შეხება,

ყველა ლოდინი

ვერგათქმადი ბედნიერებაა.

 

და ამ ყოველ ახალ დაბადებაში

არ იცვლება ერთი რამ –

ის, რაც სულ ახალია.

 

 

 

1 2 3 4