მოდი, ამოვყაროთ მკვდრები საფლავებიდან

 

მოდი, ამოვყაროთ მკვდრები საფლავებიდან,

ავაჩახჩახოთ მათი ძვლები და

კიდევ ერთხელ ცხადად დავინახოთ –

არაფერი დარჩენილა მათგან

ჩვენთვის ძვირფასი.

არაფერი დარჩენილა მათგან –

ძვლებს არ ეტყობათ,

რამდენჯერ ვკოცნეთ მათი სხეულები,

რამდენჯერ შემოვეკარით სიგრძე-სიგანეზე

და

გადავეფარეთ, ტყვიის მოლოდინში,

სეტყვის მოლოდინში,

ზათქის მოლოდინში.

ძვლებს არ ეტყობათ, როგორ გვიყვარდა,

ანდაც, როგორ ვუყვარდით,

არც ის ცრემლები ეტყობათ,

სააქაოში რომ ღვარეს და

დააჩნიეს ღაწვებს –

მკვდრებს არც ცრემლები ეტყობათ,

არც რაიმე სხვა ამქვეყნიური –

მკვდრებს მხოლოდ სიკვდილი ეტყობათ.

მოდი, ამოვყაროთ მკვდრები საფლავებიდან

და კიდევ ერთხელ დავინახოთ –

რომ მათ ვეღარ ჩავიხუტებთ,

ვერც იმ სურნელს შევიგრძნობთ,

ოდესღაც რომ ვთვრებოდით და

სულში გადაგვდიოდა ეს სიმთვრალე.

მკვდრებს არ ეტყობათ ოცდახუთწლიანი სტაჟი,

არც ის რუტინა,

აქამდე რომ ნაოჭებს აჩენდა მათ სახეზე,

ისინი არც ახალგაზრდები არიან,

არც მოხუცები,

უბრალოდ არიან მკვდრები,

რომელთა ძვლების ჩხარუნი სააქაოდან საიქიომდე

გაბმულად ისმის.

მოდი, ამოვყაროთ მკვდრები საფლავებიდან

და დავინახოთ,

როგორ არაფერი შერჩათ ჩვენ  ნაყვარებ ადამიანებს,

თითქოს სილა თითებს შორის ჩაგვეცალა,

თითქოს არაფერი გვყვარებია

და

არაფერს ვეთაყვანებოდით.

ამოვყაროთ და დავრწმუნდეთ –

რომ სხეულსა და მიწას შორის შეთვისება განუზომელია,

და რომ ჩვენი მკვდრები ახლა

ღრუბლებიც არიან და მზეებიც,

იასამნებიც არიან და გაკვირტული ატმის ყვავილებიც,

რომ ჩვენი მკვდრები მთელ სამყაროზე არიან გადაწოლილნი,

და ყველაზე მეტად – ჩვენი ფიქრები არიან.

მოდი ამოვყაროთ ჩვენი მკვდრები და დავრწმუნდეთ,

რომ მკვდრებს მხოლოდ სიკვდილი ეტყობათ.

 

 

 

1 2 3 4