არწასვლა

 

ისე ბევრია ეს ფოთოლი –

მეშინია, რომ შევერევი და ვეღარ მიპოვი.

 

და თითქოს, ადამიანებიც ისე გაბევრდნენ – ვშიშობ, რომ ჩვენს საყვარელ ქუჩაზეც კი დამეკარგები.

 

მე ვიცი, რომ არც იქაური ლამპიონები აღელდებიან და –

არც ის ფანჯარა, საიდანაც მუდმივად ვიჭყიტებით ყავის სმის დროს.

 

და ისიც ვიცი, ნაოქტომბრალი ქალაქი რომ ნაჩვევია სევდიან ამბებს –

მისი წვიმებივით გაბმულს და უსაშველოს.

 

ამ ამბის წამით წარმოდგენაა და სხეული კაჟი ქვებივით ბასრდება,

თვითგადარჩენის ინსტინქტს იძენს ეგო და

არყოფნის აბსტრაქტული მალამოს ძებნას ვიწყებ.

 

უცნაურია, თუმც კი სასიამოვნო –

წარმოიდგენდე სხვის წასვლას მაშინ, როცა არსად მიდის.

თითქოს სხეულში ძველად განცდილ სითბოს თავიდან აცხელებ –

კმაყოფილებისა და მადლიერების ნაზავს წვენივით წრუპავ.

 

და ამ დროს –

ასჯერ განცდილი იმედები გიცოცხლდებიან,

თხემით ტერფამდე ჭიანჭველებივით დაგდიან და გახსენებენ, რომ ისევ აქ არის.

არსად წასულა და არც წავა –

ჯვარდაწერილივით.

 

ასეთ დღეებში მშვიდად იძინებ –

რომ შენ არა ხარ იმათთაგანი,

ვისაც საყვარელი ადამიანი ძველი კაბასავით შემოერღვა.

 

და აი ასე ჩუმად, ტაატით –

განაგრძობ ყვინთვას იქ, სადაც სივრცე აკვანივით თბილია,

იმედი – თმის სიგრძე,

ის კი – ძალიან მშვიდი.

 

 

 

 

 

 

1 2 3 4