პური

 

ჩაიცვი შენი ძველი ხამლები და თვალწასული კოლგოტკები,

რა აზრი აქვს გაპრანჭვას…

მოზილე საკუთარი ცხოვრება და მერე დიდხანს,

ძალიან დიდხანს მიაფიცხე აპრილის მკრთალ მზეს.

გვიან, მაგრამ მაინც აფუვდება,

გამოცხვება შენი წილი პურიც…

მთელი ცხოვრება გძულდა ანდაზა:

“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო”,

გძულდა,

რადგან მოსახდენი ან დროულად უნდა მოხდეს, ან არასოდეს,

თორემ სიხარულს გემო დაეკარგება.

საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს მხოლოდ საკუთარი თავის გეშინია,

თუმცა გაქცევის ნაცვლად,

რჩები.

ზელ ცხოვრებას და იმ კაცზე ფიქრობ,

საკუთარი სიკვდილით ყველაზე საშინელი განაჩენი რომ გამოგიტანა:

სიკვდილის შეყვარების განაჩენი…

ჩაიცვი შენი ძველი ხამლები,

ნუ მალავ თვალებს,

სიცოცხლე რომ მოზილე ცომივით,

აპრილის მზეზე გამოდგი გობით,

რომ ერთხელაც აფუვდეს და

გამოცხვეს პურად…

ნუ მალავ თითებს…

 

 

 

1 2 3 4 5