ლუკმა

 

გამოაფურთხე,

გამოაფურთხე ეგ შენი

ყელში მოწოლილი მარტოობა.

ამ ცხოვრებას სხვისი დაღეჭილი ლუკმის გემო აქვს,

ბავშვობიდან რომ გაზიდებდა –

წარმოდგენაზეც.

დამალე შენი ძუძუები…

დამალე შენი ძუძუები –

მზეუნახავი, ავი სითეთრე რომ დასდებია,

რძე არასოდეს ჩაგიდგება ძუძუში რაკი,

მზემ

აღარ უნდა შეხედოს…

დამალე თვალები,

არადა ხვდები, რომ

ყველაზე მოღალატე თვალები კი არა,

თითები ყოფილან –

ეგ შენი სუსტი,

კალმით წერისგან დაბრეცილი,

თხელფრჩხილებიანი თითები…

ამ ცხოვრებას სხვისი დაღეჭილი ლუკმის გემო აქვს…

და როგორ გადაყლაპავ,

გაზიდებს უკვე…

ჰოდა, მიდი, გამოაფურთხე

ყელში მოწილილი სიმარტოვე,

რომ შვება იგრძნო.

და იარე ასე:

დუჟმორეულო,

ავად თეთრძუძუებიანო,

თმაშეკვეცილო,

მოღალატე თითებით წერე,

რომ

ოდესღაც გიყვარდა,

რომ

ოდესღაც გეფერებოდნენ,

რომ

ოდესღაც შენს იმედგაცრუებულ თითებსაც შეეძლოთ ალერსი…

იარე ახლა…

შუბლზე ჩამოყრილი “ჩოლკებიდან” შემპარავად გახედე მზეს და

ზედ ტუჩებთან მოიკვნიტე

ყელს მომსკდარი ტკივილები…

მარტია გარეთ!!!

 

 

1 2 3 4 5