შემომხვდა გზაზე მონატრება

(ბებოს ხსოვნას)

 

შემომხვდა გზაზე სიყვარული და მითხრა:

შენი გაუხარელი გრძნობების გამო,

შენი ატირებული გრძნობების გამო,

შენი დაქვრივებული გრძნობების გამო,

წამოდი,

ერთად ვიაროთო.

წავყევი.

წინ ჩემი ბაბილინა მიმიძღოდა ლოცვის ბუტბუტით.

ჰოდა, ქვა იყო თუ

ლოდი იყო თუ

ძეძვიანი,

ფეხიც წამოვკარი,

მუხლიც გადავიყვლიფე,

ხორციც შევატოვე და

მაინც

ღიმილიანი  დავდივარ –

ჩემი ბაბილინას ლოცვა მიმყვება ჩაუმქრალ კელაპტრად…

შემომხვდა გზაზე სიხარული და მითხრა :

შენი ვერდაბადებული შვილების გამო,

შენი დარდჩამდგარი ძუძუების გამო,

შენი ამოკვეთილი საშვილოსნოს გამო,

შენი შეუმდგარი ქალობის გამო,

წამოდი,

ვიაროთ და შევაგროვოთ:

გზაზე დარჩენილი ღიმილები,

ქვაზე დადებული სიკეთე,

სხვისთვის გაცემული სითბო,

რომ გამთელდე.

წავყევი.

გვერდით ბაბილინა მიმყვებოდა ლოცვის ბუტბუტით.

და ქვა რომ იყო და

ლოდი რომ იყო და

ნარ-ეკალი,

ყველგან ჩემი შერჩენილი ტკივილი შევაგროვე,

ღიმილად ვაქციე და

სიხარული დავიბრუნე –

ბაბილინას ლოცვა მიმყვება შვებად.

შემომხვდა გზაზე იმედი და მითხრა:

მიუხედავად და მით უმეტეს,

ყველაფრის გამო,

რომ გაუძლო და ასწავლო სხვებსაც,

წამოდი:

ვიპოვოთ გზებზე დაკარგული შენი სიხალასე,

სულის სიძლიერე და ხვალის რწმენა,

რომ ფრენა ისევ შეძლო.

წავყევი.

უკან ბაბილინა მომყვებოდა ლოცვით და პირჯვრის წერით.

ხელები ფრთებად მექცა და

ხვალის სიკარგე დავიჯერე –

ბაბილინას გადაწერილი პირჯვარი მიმყვება ძალად…

შემომხვდა გზაზე მონატრება და

ბაბილინას თვალები ჰქონდა…

1 2 3 4 5