ელენეს

მე შენთან ერთად შევეზარდე უცხო ქალაქებს
მომხიბვლელიც კი არ ყოფილა ზოგი სიმწარე
ის დღეც დადგება ვერაფერს რომ ვეღარ წააგებ
და ის დღეც მოვა ვერაფერს რომ ვეღარ ისწავლი

ყველა ოცნება საბოლოოდ მზისგან ხუნდება
ჩამწკრივდებიან უხალისოდ როგორც ლოდები
ის დღეც დადგება ვისაც ელი რომ დაბრუნდება
და ის დღეც მოვა არავის რომ არ ელოდები

ალბათ ჯობია გვაღიმებდნენ სენტიმენტები
ალბათ ჯობია არ შეწყვიტონ მოსვლა ჩიტებმა
ის დღეც დადგება რომ არავის გაახსენდები
და ის დღეც მოვა არავინ რომ არ დაგჭირდება

მგონია ტანი დაემტვრევათ თოვლით ანტენებს
თოვს
თოვს
ირიბად
ის დღეც დადგება ვერაფერს რომ ვეღარ გატკენენ
და ის დღეც მოვა ამაზე რომ აგეტირება

მე შენთან ერთად შევეზარდე უცხო ქალაქებს
მათაც მიგვიღეს უცხო მდგუმრებად
ბედნიერება იშვიათად გვალაპარაკებს
უფრო კი ალბათ უბედურება

შენ დილით ისევ შემისწორებ მოჭრილ საყელოს
მე კი თვალს მომჭრის შენი მშვენება
ერთ დღეს ვაითუ ვერაფერმა ვერ აგვაღელვოს
რა გვეშველება

 

 

 

1 2 3 4