სხვაობა

 

რა სხვაობაა საპირისპირო ვერსიასა და

იმ არსებული პიროვნების უკუსვლას შორის,

რომელშიც ისე მოკალათდა თვინიერება

როგორც ჰამაკში გადაღლილი უფორმო ტანი

კატის თუ კაცის. მისავათდა ქარმა არწია.

ასეთ სანიშნეს მოცულობა როგორღაც შერჩა.

შიგ დაბეგვილი ემოცია სადღაც იხშობა,

თუმცა ხანდახან ზანტად მაგრამ მაინც წრიალებს.

ვინ იცის იქნებ საიდანმე ალბათ იყნოსა,

მკვდარი მიზანი როგორ გახდა მკვეთრი და ხრწნადი,

თითო უჯრედის გამოშრობით ნესტი შეიმკო,

შემოიფხიკა სივიწროვე, გახდა მანძილი,

მერე იმ სახის ნაკვალევში გადანაწილდა,

რომლითაც სხვები სამუდამოდ გამოაჯავრა.

საბელგაკვნეტილ პირუტყვივით ისე დაიძრა,

თითქოს შეეძლო იმავე გზით შინ დაბრუნება,

რომლითაც მხოლოდ თავის ირგვლივ ტრიალი შერჩა

და შეკვეცილი გამბედაობა მოისაკლისა;

ვერც სიტყვა დათმო, ვერც იმედი აღმოაცენა,

ვერც დრო იხელთა იმ სიზმარში დარჩენილიყო,

რომელშიც სულს არ უბერავენ ბაბუაწვერებს.

 

 

ღრუბელის კაცო

 

სახელი შენი  ვიღაცისთვის არის იმედი

და შენი თვალი კბილზე ბასრია,

ნეტავი როდის გიმღერებენ  ღრუბელის კაცო,

აქამდე მიწის მესმოდა ლხენა.

ბალახის ნამწვი შეგაფხიზლებს ხანდახან – მჯერა,

როგორც მხრჩოლავი ქათინაური.

დიდი შვებაა შვილები რომ სიზმრებს იხდენენ,

ნერგები უხმო ლოცვას ჭკნებიან.

შენი ძაბრიდან ერბოს ფერი მზე ათბობს სახლებს,

და ჩალის ქუდში თავი ჩვენია.

ხანდახან წვიმაც იწრიტება ძაბრის ყელიდან,

ჰორიზონტს მოსდევს როგორც სიდინჯე,

ან სიჯიუტის ამღვრეული წამოსველება

– სხვადასხვა გზისკენ წასვლას გვიბიძგებს.

აქამდე როგორ გვიმღეროდი ღრუბელის კაცო?

რა ძაფით ქსოვდი დარდის შვეულებს?

ვცოცდებოდით და გვიწყრებოდა შენი გზა-კვალი,

ასე აღმა სვლას გადაჩვეულებს.

ჩვენი ნამღერი რა ხანია დამრეცს გაეკრა

და ბოლო სიტყვა ვერ მოვიშუშეთ.

 

 

1 2 3 4 5