ჰომოდეციბელური

 

შენი ბგერის სიხშირე,

წებოვანი ყელიდან ამოკორტნილი ყველა იმ შრიალით გაიზომება,

რომელიც შორისდებულებმა დაიმარტოხელეს

და დათრგუნეს, დაიმორჩილეს და გადატკეპნეს.

ისე როგორ უნდა დაიკაპიწო ადამიანმა თვალთმაქცობა

რომ მხოლოდ იმ სიტყვებმა შეძლონ ენიდან გადმოხტომა,

რომლებსაც სიხარულის პარაშუტი არასოდეს ეხსნებათ

და ითქვიფებიან დაუჯერებლობაში…

ისე როგორ უნდა მოილხინო სასეიროდ,

დარდის ხანძარიც შეუმჩნეველი დაგრჩეს

და ხანდახან იმის შეხსენება რომ ადამიანი ხარ,

შინაურ ოთხფეხას განუსაზღვრო მთავარ ვალდებულებად.

 

 

 

გადაწყვეტილება

 

გადავწყვიტე ის რომ

რაღაც უნდა გადამეწყვიტა

და გადაწყვეტილების მიღებამდე

აუცილებლად უნდა მეფიქრა გადაწყვეტილების შედეგზე.

არ მეგონა რომ გადაწყვეტილება მომცემდა რამე განასკუთრებულს,

ან მე შევძლებდი მისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას.

გადაწყვეტილების მიღებამდე მომზადებაზე არ მიფიქრია

და იქნებ ეს აჭიანურებდა გადაწყვეტილების მიღების

დადგომის მომენტს?

ან საერთოდაც სწორედ ეს იქნებ იყო ის ,,იქნებ”,

რომელიც გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

საკუთარ მცდელობას დააკარგვინებდა რწმენას სხვა შემთხვევაში?

თუმცა მთავარი მაინც აღმოჩნდა ,,თუმცა”

და გადაწყვეტილების მიღებამდე წყლის ქალაქში

ჩამხრჩვალი მცდელობა

– ყველაზე უტიფარი რამ, რაც იღბალივით აღმოვაჩინე,

იღბალივით რომელზეც ბევრი უსაუბრიათ,

რომელზეც ბევრი უღლაბუციათ

და ვერასოდეს დაუმყარებიათ მასთან კავშირი.

არაფერია გადასაწყვეტი მაშინ,

თუ ყელზე თოკის მოჭერად ასაღებ

სხეულის წონით გაქნილ მოლოდინს.

გადასაწყვეტი თუ რამეა ალბათ ეს თოკი

და თოკის ერთი ბოლოდან დაწყებული გამბედაობა,

რომელიც ცეცხში გაქნეული გველივით უნდა დაიგრიხოს

თუ გაიმეტებ.

 

 

 

1 2 3 4 5