სანახევრო

 

სანახევროა ყველა როლი, რაც აისხლიტე.

ბედნიერების ინდექსივით უკიდურესი,

და საარსებო მინიმუმთან შეუსაბამო,

წვეთავს ცხოვრება გაღიმებულ ადამიანშიც.

ლამის გამოხრას გამუდმებით ქარმა თვალებში

სუსტი კარი და თიკნებივით ფიქრი გარეკოს,

მოუსავლეთში სამფეროვან იალაღებზე,

სადაც მუქია თითო ზოლი, თითო მინდორი,

სადაც ჩოჩქოლი აღწევს პიკს და ჩარხავს ნარინჯის

ფერად სოკოებს, უფრო სწორედ სოკო-სადგურებს,

ნაყავს გამხმარი ბუჩქის ძირებს შიშის დამქაშებს

და ჩნდება კანში როგორც ობი პურის ნატეხზე.

საცალფეხოა წასავლელი გზები, ხიდები,

სადაც განგაში ეპირება უხმო ჯებირებს,

გაუბედავი მცდელობების გადასალახად,

გამოურღვიოს ოცნებების ფარდაგს ნაქსოვი

და ერთი ხელის მოსმით ისე გადააფინოს,

როგორც დოლბანდი რძის ჩასხმამდე ცარიელ ქილას.

ასეთი როლი აღარავის ეპიტნავება.

აღარ დუღდება ვულკანების ყელში სიკვდილი,

თხევადი ფერფლი ისე აღარ მოეღვენთება,

რომ გაციების შემდეგ შექმნას მხატვრული ბოდვა

და ნაცოდვილარ ნასახლარებს დაეპატრონოს.

გარკვეულია გადაბარგება როლიდან როლში

როდიდან არის გადარჩენის ფხიზელი აქტი

და გაოცების მინანქარში ამოგანგლული

ადმიანის საპირწონედ მხრების აჩეჩვა.

 

 

 

კავშირი

 

როცა ალუმინის განიერ ქვაბს

არც ისე ხმელი შეშით დანთებული ფეჩი

ბეჭებზე მოიდგამს,

გული მითბება და დუღილს ვიხანგრძლივებ.

ამ დროს დედები ცოცხლდებიან,

საზიარო შვილებზე ყვებიან ამბებს,

ნაცნობი ზრუნვით ატკბობენ წარმოდგენებს

და ზამთრამდე იტრუნებიან,

სანამ პირველი ქილა გაიხსნება,

სანამ არჩევანი შეჩერდება,

მარწყვზე, ატამზე, კომშზე ან სულაც თეთრი ბლის კომპოტზე,

ფიქრები იმ მოლოდინს აშოშმინებენ,

რომელმაც სიმშვიდის  დაბადება

ბავშვობის სევდისგან უნდა გამიჯნოს.

მერე  სარდაფის ექომ

შეიძლება დედის ხმითაც დაგიძახოს

და თაროზე ჩამწკვრივებულ მოტივტივე ხილის კოლბებში აიმღვრეს ზამთარი.

 

 

 

1 2 3 4 5