წყლის ქალაქი

 

კალთაზე უნდა დაებღაუჭო იმ ქალაქისფერ წინადადებას,

რომელშიც უკვე გიცხოვრია და გასაქცევად აცმაცუნებ ტუჩებს,

საყვედურების გასაქცევად, სამდურავების გასაქცევად,

მაგრამ სად გინდა გააცილო, ვინ გეგულება მასპინძელი,

თბილი ხმიადის გამტეხავი, თანაგრძნობით მოზელილი ცომის გამომცხობი.

მშივრები შენთვის შემოინახე, ნერწყვში ჩამხრჩვალი

და ბაბაჭუას ლორწოვანით საგულდაგულოდ გამოკოჭე,

იქნებ ვინმეს ,,აფხაზურად’’ შეასაღო, შეუწვა და გაძღეს,

მაგრამ სად გაგონილა გადამარხული მკვდრის საფლავიდან

გაუჩინარებული ჭირისუფლის ნაკვალევით

ვინმე შინ დაბრუნებულიყოს.

ამ სიცოცხლეს და იმ სიცოცხლეს ერთი წუნი აქვს,

თუ წყრომით დაგხვდა, სხვა ცოცხლები მკვდრებს დაგეშავენ,

უმადურობას დაგიჩემებენ და იმ მხარეს აღმოჩნდები,

საიდანაც გაგიადვილდება მათი გამართლება.

წყლის ქალაქში ხარ. ისე ფრთხილად უნდა ისუნთქო,

რომ სიცილით ნაზასრდოებ მახვილ ყურებს

აღელვება გამოეპაროს და ნოტიო ეკლებზე დასობილ სილაღეს,

გაუჩინარება გადააფიქრებინოს დაშრობის შიშმა,

შენობების დაწრეტივსა და თხევადი ქუჩების აორთქლების უღონო შიშმა,

ასეთი ქალაქი არ იფილტრება. გამდინარეც აღარ არის.

წყურვილის უშნო სურვილი ნაბოლარა ღრუბელივით დაცურავს მის ზემოთ

და ქარის უღელზე წამოსკუპებულ გაფრენის ექოს,

ონავარი ბავშვივით უბზუებს ცხვირს.

 

 

1 2 3 4 5