*

                                        

 

არ გჭირდება არაფერში კაცის

არაფრისკენ გაყოლა და მისდევ

და თავს თითქოს ბოლო ძალას აცლი

კაცს მიყვები გეგონება ქრისტეს

 

მაგრამ თითქოს უნდა გაყვე უნდა

შეასრულო უთარგმანო როლი

ყველაფერი არის ძლიერ ცუდად

სიგარეტის რამდენიმე რგოლი

 

და ვიცინი რამდენიმე ბავშვის

სიცილით და რამდენიმე მკვლელის

მე არავინ მელოდება სახლში

და თვითონაც აღარავის ველი

 

და ვიცინი მეცინება თანაც

შიში თითქოს სულ გამიქრა უფლის

ვფიქრობ უნდა მიაცილოს ქალმა

ქალმა უნდა დაუჭიროს შუბლი

 

თუ დაჭირდა კაცს ყველაფრით დაღლილს

კაცს სუსტსა და სასაცილოდ ძლიერს

არ მაქვს ქოთნის ყვავილები ძაღლის

კატის ყოლაც კი არ შემიძლია

 

ახლა წელზე გადარტყმაა ქამრის

სიფხიზლე და ხედი აგურების

სახლში უნდა მიაცილო მამრი

თორემ სადმე გაანადგურებენ

 

იქნებ უფრო ძმაკაცებზე ვდარდობ

იქნებ მამა მეცოდება მარა

მე არა ვარ კაცებივით სანდო

შეიძლება სულ უბრალო ქარმა

 

ტკივილები ამიტეხოს ძვლების

სამყაროსთან გამამხილოს მყუდრო

მაგრამ ყველა ნემსის ყუნწში ვძვრები

ჩემმა თავმა რომ არ შემისრუტოს

 

ასე იყო ასეა და რადგან

ასეც უნდა იყოს კაცებს უვლი

ყველაფერი არის ძლიერ კარგად

მთას რომ ასწევ ნაინფარქტალ გულით

 

მენანები მეცოდები გიხმობ

თითქოს შენი გადარჩენა მინდა

შენმა ვიწრო ეკლიანმა ჩიხმა

ყველაფერი წამიშალა წმინდა

 

მაგრამ შენი ფოტო ამაცალეს

დამიტოვეს ღვთიშობელის ხატი

ჩემში ცხოვრობს კაციცა და ქალიც

შენ კი შეგიყვარდა ფსიქოპათი

 

მოდიხარ და მიდიხარ და ასე

მიჩენ გულში უზარმაზარ რგოლებს

მაგრამ მაინც ამ არაფრით მავსებ

მაგრამ ამ დროს რა გადააგორებს

 

 

1 2 3 4