*

ათასი ნემსი. თეთრი პალატა. ხელთათმანები.

მე წვეთ-წვეთ ვითვლი, როგორ მოდის ჩემკენ კურნება.

როგორ მიყვარხარ. როგორ მძულხარ. გეთაყვანები.

ნეტა, პირველმა ვინ შენიშნა უცნაურობა

ჩემში, ჩემ ბედზე ვინ დაფიქრდა, ნეტა, პირველად.

ვინ მოინიშნა ჩემი თვალის დაღლილი ჭრილი,

თითქოს, შექმნილი მოსაწყენად და სატირელად.

მე ახლა ოთხი მომაკვდავის შუაში ვტირი.

წამო, გავიქცეთ, ნუთუ, ქვეყნად არ იარსებებს

ადგილი, სადაც ბედნიერებს დაგვიძახებენ.

მიყვარხარ. მძულხარ. მაცოცხლებ და თან მკლავ ასევე.

მთელი სიკვდილი ჩამესმოდა შენი სახელი.

 

 

 

*
უფრო დიდი ბედნიერებები მაჩვენეთ ან მანახეთ

თუ იგივე ვთქვი

ჯიქიას ქუჩა მახსოვს

ვიწრო სკვერი და ყავის მაღაზია

ანანო და ბექა

და შენი მომწვანო ზედა

და ჩემი მოცისფრო ქუდი

 

 

*
ჩემი შეყვარებული რო მოდის და მიდის

საავადმყოფოში მეღვიძება

იქ მამა და ერთით ნაკლები მეგობარია უწინდელზე,

მას სახელმწიფო ჩემთვის

კომპენსაციას აკისრებს ხუათასი ლარის ოდენობით.

ის მიხდის ამ თანხას და

მე ამ თანხას ვუხდი სახელმწიფოს კიდევ ერთი ვერშემდგარი თვითმკვლელობისთვის.

ყოველ ჯერზე ჩვენ ერთით მეტ ადამიანს ვეჯავრებით

და ერთით მეტს ვეცოდებით

ასეთია ჩვენი სიყვარული

ვერასოდეს მივატოვებთ ერთმანეთს

 

 

1 2 3 4