სანამ ისევ მოხვალ შენივ მკვლელთან

გეფიცები თუ ვლოცულობ გხედავ

ვერაფერი რომ ვერ გაგიკეთა

სწორედ შენ ის შეიყვარე დედამ

 

და დედებმაც ალბათ ასე მკრთალი

შეყვარება იცით უკვე სხვების

და ჩემივე სისხლში მაყვინთავებ

მერე ყველა ჯოჯოხეთში მყვები

 

შენს სუნს ვერ ვგრძნობ შენს ხმას ვერ ვგრძნობ დილის

ნიავია შენზე ვფიქრობ მღვიძავს

დედასავით თუკი ვერ მომივლი

ისევ ისე მოდი ხოლმე ძიძად

 

თორემ აჰა დავუშვათ და მოვკვდი

დავუშვათ და დამავიწყდა ხოხვა

იქაც ისევ შენ დაგიწყებ ლოდინს

შენ დედა ხარ და იქ როდის მოხვალ

 

ასე უნდა გაილიოს ნუთუ

ჩემი ყოფნა მოლოდინი აბი

ნეტავ სუმთლად მივყვებოდე თუთუნს

ნეტავ ერთხელ გაწყდებოდეს ძაფი

 

აღტყინებულს წერისათვის მომტყდეს

ხელიცა და დამებინდოს ტვინი

შენ ასწავლე ამ დამქანცველ ლოდინს

რომ არ გიყვარს სხვანაირი ნინი

 

მე რომ სადილს გიმზადებდი მე რომ

ვუხამებდი შენს ზედას და ქვედას

ის ვარ მაგრამ შენ ხომ აღარ გჯერა

აღარ გჯერა რადგან შენ ხარ დედა

 

ცას ვუყურებ და ფრთაგაშლილ ფრინველს

ყველაფერი სევდიანი არი

როცა არ ხარ ანუ როცა ვინმე

მეკარება ანუ როცა მკვდარი

 

ვარ უყურე მალე ზამთრის ქარებს

ჩვენ ორივე მარტო ვეყოლებით

სულ ღიაა ეს ოხერი კარი

ეს ოხერი მუდამ მეყვარები

 

და ყველაზე ძალიან რომ გიჭირს

ნაძვებზე და ბეღურებზე წერე

სხვას ვისა აქვს ჩვენნაირი ნიჭი

დახოცონ და შეიყვარონ მერე

 

მოკლედ სადმე პლეხანოვზე ისევ

ამ სახლიდან რადგან მასახლებენ

გელოდები გიყურებ და გისმენ

მთელი ჩემი დამტვრეული ძვლებით

 

 

1 2 3 4