ვირუსი

 

წამლის შუშაში რას დაინახავ.

ბავშვობაში ნაჭამ ტუჩის საცხით მოთხუპნილ სახეს,

თუ სტრეპტოციდის მოტკბო სიმწარე ჩაგიგუბდება?

ხშირი ხველებით სისუსტის წინაპირობა

შუბლზე გიფრთხება დედის ხელივით.

გადააფურთხე ბეტონის იქით,

შეშუპებული ენა უსიტყვობას უნდა მოარგო,

ძმრიან ნასკებს რა ხანია თვითონვე იცვამ.

კედელთან ველოსიპედი დაგრჩა,

მელნისფერი პიჟამა ქარმა

თოკიდან ააფრიალა.

შეხედე – სხეულის მოძრაობებში

კიდევ ერთხელ გაივარჯიშა

მუქი ნაჭრის ვიწრო შარვალმა.

 

 

 

მითხარი

 

მითხარი როგორ გამოვწურო

პატივმეყვარეობა ჩემი ძვლებიდან,

მითხარი თუ აქვს თადარიგის დაჭერას აზრი

იმ სიტყვის თქმამდე, რომელიც სადღაც გაუჩინარდა,

გულგრილობის ეშაფოტზე ისე დამარცვლეს,

როგორც პირველი სიმინდის ტარო,

წვრილფეხებისთვის საკენკად რომ ვერ გაიმეტა მარჩენალმა,

ტომარაში რომ ჩააპნია, დასათესად გადაინახა.

გაზაფხული უნდა მოვიდეს. ლოდინით მისი დაჩქარება ვის გაუგია.

მიწა ისვენებს. მერე ბუდნების ამოღების ჯერი დადგება.

ისეც ყოფილა თესლმა კაცს რომ ვერ გაუმართლა,

ამინდებისგან გაფიცხებულ ფოთლებს და ფესვებს

ზოგჯერ კაციც ძნელად უმართლებს.

მომიყევი უერთმანეთო წონასწორობაზე.

თავის მართლების სივრცე თუ დარჩა,

ვინ დაასწრებს გამოყენებას?

ეს კიდევ ერთი სატკივარია

პერიოდულად კვალში ვუდგავარ იმ ყველა მიზეზს,

რომლის გამოც ნდობას მიცხადებენ.

თითოეულის საწყისს ვიხსენებ.

გუგულის საათის ქვეშ ვდგები კედელთან.

ფოლადის ორი მოგრძო გირჩი აღარ ქანაობს.

მექანიკურმა მოწყობილობამ

იქნებ კბილანებიდან უძრაობა გადმოანთხიოს,

ციბერბლატიდან საკუთარი ბავშვობა თუ დამეჯღანა,

იქნებ წაქცევაზეც ვაგო პასუხი.

 

1 2 3 4 5