დავიწყებული საზეპირო

 

ეთქმოდა წარსულს არც ისე შორი თუ უფრო ახლო,

მოვედით დღემდე.

ჩვენ განსხვავებებს ვუთვალთვალებდით

ერთმანეთისგან გამოსარჩევ ნიშნებს, სახელებს,

გვარებს, კანის ფერს, ენის სისქეს, ცხვირის ნესტოებს,

უცხო ლექსიკას და ერთმანეთს ვემიჯნებოდით.

ჩვენ ვთამაშობდით ერთნაირები.

ვსწავლობდით ლექსებს, ისტორიებს, რაღაც სიმღერებს,

მათზე ვინც თითქოს დაიჯერა რაღაც ცხოვრების,

იქ ცხოვრების და მათთან ერთად თანაცხოვრების,

მშვიდი მოდელის საამაყო უშნო ვერსია,

რომელშიც არ ჩანს ადამიანი.

ან ჩანს იმდენად უფორმო რომ თვალწინ გემსხვრევა,

უცბად ხელიდან გავარდნილი თიხის თასივით,

რომელსაც სადღეგრძელოები კვნესად წამოცდა

გამარჯვებაზე, სიქველეზე, შეწყნარებაზე

და გაიტრუნა იმ უცხო ხმასთან,

რომელმაც შეძლო მახსოვრობიდან

ამოეკრიფა, მოზარდობისას გავრცელებული ის კუპლეტები

რის გამოც ვმალეთ თაობებში ნაქცევი ბრაზი

აი რიხით და სიამაყით სათქმელი ლექსი:

,,ათასცხრაასხუთ წელში

კატა მოკვდა რუსეთში,

წაიღეს და დამარხეს

გერმანელის მუცელში“

ამის შემდეგ კი ჯგუფურ სიცილს იწყებდა ყველა.

გაიგონებდით მეტად მკაცრ და უცნაურ ნათქვამს:

,,თათარო თათარო

შენი თავი გავთალო,

შიგ მარილი ჩავაყარო

ქუჩა-ქუჩა ვატარო“.

რას არ დაიტევს ადამიანი, რას არ ჩაიდენს,

ამ საზეპიროს დასავიწყებლად.

 

 

 

თანალექსი

 

არც ისე დიდი ვარ, არც ისე მიელავს სიტყვა,

გზის პირას არ მოაქვს ჯერ კიდევ მდინარეს მორი,

რომ ამოვათრიო, გავაშრო, დავჩეხო, დავანთო

ცეცხლი და ვინ იცის იქნებ ერთხელაც გავთვბე.

იქნებ ლოდინმა წყლიდან მოიტანოს შედეგი.

მაგრამ ეს ოხერი წყალიც აღარ ჩანს თურმე.

ცეცხლიც არ იქნება თუ არ ადიდდება წყალი.

ცეცხლი წყალი! ცეცხლი წყალი! ცეცხლი!

წყლით ჩავაქრობ ცეცხლს რომ არ მომეკიდოს,

წავიდეს და ბარემ სხვას მოეკიდოს,

ჩავიდეს და ჩაიფერფლოს მორი.

რატომ მიუყვება ეს გზა ამ დინებას დიდ ხანს?

ადრე არ ყოფილა ასე შესამჩნევი მახსოვს,

მეც კი არ ვყოფილვარ, გზამდე გამეზარდა თვალები,

ადრე რაც არ ჩანდა- გამრუდებულია მიწა

და ზედ ამოდიან გადაღძუებლი გზები,

გზებზე ღამეები თანამგზავრებივით შლიან

ქარწაკიდებულთა ქოშინით ავსებულ ფორებს,

მათში იბუდებენ აღმართს ფეხდამცდარი ჭინკები,

მიწა აბოყინებს დღემდე დაგორებულ ლოდებს,

ქვებზე გადარბენა სხვაგან დაბადებას იწვევს.

უკან ბრუნდებიან ლამის – კოსმიური ქარები.

 

1 2 3 4 5