დრო სხეულზე

 

როდის მოგიკვდი ჩემო ხეიბარო მეზობელო,

მაშინ ხომ არა მონათლული რომ დამინახე?

იქნებ მაშინ მდინარიდან გალუმპული რომ ამომათრიე?

ან იქნებ სულაც ჩემი ლექსებიდან დაქცეულმა დარდმა წაგლეკა,

იქნებ სულაც სიხარულმა წაგაქცია,

გადაიხარხარე და გაგიბითურდა ჩვეული ნაბიჯი.

მას მერე მიწისკენ იყურები.

თითქოს მანამდე ცაში ცქერით არაფერი გამოგპარვია.

გეტყვი რა არის საშიში და სახტად დარჩენა,

როცა უფოთლოდ იჩაგრება მიწისპირი,

ანტენებზე მიჭიკარტებულ მტრედებს

ღუღუნი აღარ გამოსდით,

უჭირისუფლო მიცვალებულს კანდელი რომ უხრჩოლდება.

სულ ეს არისო? – შეიძლება გაგიკვირდეს.

–  სულ ეს ვერ იქნება.

რაც აკლია ჩამონათვალს ეს დროის კულტია.

სახტად დარჩენის მომენტია მისი დამხობა

და ამის შემდეგ ვეღარაფრით შევიზღუდებით.

როდის შეიძლება კიდევ ერთხელ მოგიკვდე მეზობელო?

ისეთი ცრიატი ამინდია ნებართვის გარეშე უხერხულია რამის ჩადენა.

მე მკვდარი თევზის წყევლა მომყვება,

შემცბარი კაცის სიტყვა მომყვება,

გზას გზა კვებავს და ელეთს მელეთი,

თვალი სხვის ცრემლში ლბება;

ცვდება ძვალივით, კბილივით – ღმერთი,

ჭანგა ნიადაგს აბერებს,

ეკალი ჩიტის ყელში მიძვრება ,

ხალხის ყურებში შიში მიძვრება,

რა ნუგეში უნდა იკმაროს დამარხულმა…

ახლა მღვრიეა შენი სიზმარი დილის ძილივით,

შენი ცრემლია ზეცის წყალივით ორთქლი.

უღრანში ფიჩხი უნდა შევკონო, დარჩი ეომე გამოფხიზლებას.

ჩამოიბერტყე სახიდან დეფორმირებული მიმიკები,

იმედების თავლადან იმდენ მშიერს მოიგერიებ,

მუხუდოს რამდენი მარცვალიც პლანეტად გადაიქცევა.

თუ დავიჯერებ რომ ხატვის უნარი შენი ძლიერი მხარეა,

იქნებ მოვინდომო ნახვა როგორ შექმენი აქაფებული წვერი,

საპარსის დაღლილობა მისივე ტარის სიგრძით რომ გამოითვლება,

სამ თითს შორის გაჩხერილი ნაყინის ჯოხივით

და სახის ნაწილობრივ პრიალა კანზე დასერილი ადგილებიდან

გამოჟონილი სისხლის სიმკვეთრე,

ნიჟარაში გაუჩინარებული სიმყრალის ხიბლისკენ როგორ ინაცვლებს.

ან როგორ გაცოცდება ფეხზე ახალი ადამიანი,

როგორ გევსება დანაკლისი მისი გამოჩენით

და არხეინად აგრძელებ ხვრინვას.

1 2 3 4 5