აბა მითხარი

 

რა მწყრალია შენი სახიდან გამომშპარი სიმკაცრე

ჩემო ექვთიმე,

რას მეტყვი ამ დროს.

სათანადო მადლიერება არ დაგახვედრეთ იმ სიკეთეზე რის გამოც ასე,

დაუსრულებელ საყვედურებს ვიმკით შინაგან,

თუნდაც გარეგან სამყაროზე გაცხარებული

მადლიერების შექანებით დაღლილ დევნაზე,

სხვების დევნაზე, იმავე დროს თან თვითგვემაზე,

გაკვირვებული თვით დინებით კიაფობს ხორცი,

ხან სისხლის შვიდფერ, ხანაც სისხლის უბრალოდ წითელ

მოეიერიშე ხორცის თხემზე ტრიალებს კოჭი,

კოჭი ძაფის ან სულ უბრალოდ კოჭი ფაიზნის,

ფხვიერი კოჭი, გოჭის წვივი, წივა მუგუზლით,

დაგჩემდა ასე სახე მწყრალი, ხელსაქმე წრფივი,

ვერ გაგიზომეთ და უბრალოდ ჩუმად გავქუსლეთ.

რა მწყრალი უნდა ყოფილიყო ჩემო ექვთიმე,

შენი სახლიდან გამომშპარი მშიერი ცუგა.

დამილპა ძილი.

 

 

***

აღარ მინდა თამაში

გამოვაცხე ლავაში”,

თხამ კისერი წაიგრძელა,

ვაზზე დაჯდა გავაზი.

ფიჩხის კონა ჩაიწვება,

ზაქი წვება ტლაპოში

– ბაყაყები იძახიან

წყალი დაშრა ხაროში.

აიწონა დაიწონა

თითმა ჩირქი გაიწოვა,

ქვამ ღუბელი აიორთქლა,

დათვს შეადნა ფინთიხი,

კაჟი სველი, ცარცი შავი,

სინოტივე მღვიმეში,

თევზის ნაცვლად ხელაობით

ბედის ძებნა მღვრიეში

რას მოიტანს, თუ არ ჩახტი

თუ არ ამოათრიე,

ჩახერგილი მდინარიდან

გაჟღენთილი პანტის ხე.

თავს თუ იტკენ, მხარს თუ იტკენ,

მერე წაიბორძიკე.

გაიშოტე ისე როგორც

მზის საათის ბერკეტი,

დარჩი შეუპოვარი და

კაკალივით კერკეტი.

წამოხტი და გაეკიდე

ქარის ისეთ დინებას,

რომლის იქით ოცნებები

აღმართს მიედინება.

 

1 2 3 4 5