„…გათენებამდე ვცეკვავდი წარმოსახვით ვალსს ჩემს ვაჟიშვილებთან, მონაცვლეობით… …ისინი ძალიან განსხვავდებიან ხასიათით. შესაბამისად, რიტმიც იცვლებოდა… დიდი ცეკვის მოყვარული არ ვარ. …ჩემს ქორწილშიც არ მიცეკვია. ის ღამე კი სულ ცეცხლოვან ვალსებს და ტანგოებს ვბზრიალებდი. ცეკვის თუ მუსიკის მოსმენის დროს აღმოვაჩინე, რომ ფილტვში რაღაც მოულოდნელი ადგილები მეხსნებოდა, წამიერად მიადვილდებოდა სუნთქვა, ძალ-ღონის მოკრების საშუალება მეძლეოდა,“ – ეს კოვიდგადატანილი ქალის  მარინე ბერიძის მონათხრობია, რომელმაც რეანიმაციაში გაიაზრა, რომ გადარჩებოდა, თუ სუნთქვის სტრატეგიას შეიმუშავებდა.

წარმოსახვითი ცეკვაც მისი ამ სტრატეგიის ნაწილი გახდა. სტრატეგიამ გაამართლა – გადარჩა.

როცა მამები კვდებიან, შვილები იჯერებენ, რომ მამა ცაშია და შეუძლიათ, წერილები მისწერონ ხოლმე.

როდრიგო მარკესმაც, პანდემიისგან დაღლილმა პატარა ბიჭმა, აგერ, გუშინ 62-ის რომ გახდა, წერილი მისწერა მამას –  გაბრიელ გარსია მარკესს.

მე ახლა მისი ეს წერილი უნდა წაგაკითხოთ. მაგრამ მანამდე შეკითხვა მაქვს:

როდის იცეკვეთ ბოლოს?

ფილმებში ნანახის გარდა, რომელი იყო ის ცეკვა, რომელმაც მოგნუსხათ?

პანდემიაში თუ გიცეკვიათ?

ოღონდ არც ესაა ჯერ  როდრიგო მარკესის წერილი.

ჩემი შვილი ცეკვავდა ყოველდღე – კოვიდის გადატანის შემდეგ. „მოვკვდი ამისი ცოდვით: მამამისს ეხვეწება, რომ ანალიტიკურად აუხსნას ცეკვის ილეთები“ – მივწერე ფბ-ფრენდს თამუნა თანდაშვილს. „მიიყვანეთ ჭანოსთან“-  მომწერა თამუნამ და იქვე:  „ბავშვს ცეკვა უნდა!“ – დათაგა თავისი მეგობარი სუხიშვილების სოლისტი დავით ჭანიშვილი, ვისთან ერთადაც ცეკვავდა თვითონ პანდემიაში და სახალისო ვიდეოებს დებდა ფეისბუქზე.

თამუნამ, რომელსაც არასოდეს შევხვდრივარ, რამდენიმე დღის წინ დატოვა რეანიმაცია – კოვიდი დაამარცხა და მე ყოველდღე შევდივარ მის  ფბ გვერდზე – ცეკვის ვიდეოებს ველოდები.

კიდევ დამამახსოვრდა ნუგზარ ზაზანაშვილის „ცეკვა“ პანდემიაში. ლექსი ოღონდ. „რამდენი ხანია, არ მიცეკვია“- ასე იწყებოდა. რომ არასოდეს ყოფილა კარგი მოცეკვავე, რომ მელოდიას და რიტმს გრძნობდა და სიამოვნებით ეცეკვებოდა ნელ ცეკვებს ქალებს -ახალგაზრდებს და არც ისე ახალგაზრდებს.

კიდევ ის, რომ მეოთხედი საუკუნეა, არ უცეკვია.

მაშინ დავფიქრდი, რომ მეც არ მიცეკვია; რომ მღლიდა ცეკვა მეოთხედი საუკუნის წინათაც; რომ „ეს ადგილი ცეკვაზე დავდიოდი და იმით დამამახსოვრდა, აწი შენით დავიმახსოვრებ“ – მითხრა ერთმა ბიჭმა ასე, მეოთხედი საუკუნის წინ. მეც დავიმახსოვრე ის უსახური ადგილი – ნახევრად დანგრეული შენობის კედლები, იმ ბიჭით არა – ამ ფრაზით, მაგრამ ერთხელაც ტრაქტორები მიაყენეს და მოასწორეს.

„ახლა, აქ რომ იყო…. …ნახავდი, როგორ უმკლავდებიან შეყვარებულები მათ წინაშე აღმართულ კედლებს და ერთად ყოფნის სურვილით, სიკვდილსაც კი არ უშინდებიან.“  – მისწერს მოგვიანებით პატარა მარკესი დიდს.

„მაინც ვიცეკვებ! –

როგორც შემიძლია, ისე ვიცეკვებ,

მით უფრო – ახლა კარგი დროა

საცეკვაოდ, ზედგამოჭრილი დროა –

ეპიდემია:

მთელი დღეები სახლში ვზივარ –

აი, ახლა ავდგები

და დავუვლი!“

წერდა ზაზანაშვილი და ამ „ცეკვის“ მერე შემიყვარდა, თან ისე, რომ როცა მოკვდა,  მამაჩემის სიკვდილიდან მორჩენილი ბოლო ცრემლებით ვიტირე და წარმოსახვით ვიცეკვე კიდეც მასთან – უცნობ ღაბუა ჩიტ-კაცთან.

„ერთხელ თქვი, რომ პანდემია გვზარავს, რადგან  გვაიძულებს, ჩვენს პირად ცხოვრებას გადავხედოთ,“ – ახსენებს როდრიგო მამამისს –  გაბრიელ გარსია მარკესს.

„ათეისტი იყავი, მაგრამ გჯეროდა, რომ წარმოუდგენელია, არ არსებობდეს გენერალური გეგმა… …ამ საკითხთან დაკავშირებით ახლა შენ ჩემზე გაცილებით მეტი იცი.“

ჩვენ მივხვდით, რომ პირადი ცხოვრების გადახედვის ორი წელიწადი უდრის მარტოობის ას წელს.

მარკესის  შვილის წერილი ეძღვნება ადამიანებს, რომლებსაც „ვირუსი ვერ შეაშინებს მას შემდეგ, რაც კიბოს, სამსახურებს, პასუხისმგებლობებს და ქორწინებას გადაურჩნენ, “ – სიყვარულით როდრიგოსგან.

ჩემგან კი ეძღვნება კოვიდთან მებრძოლ ყველა ადამიანს, ვინც  აღმოაჩინა ცეკვა,  როგორც სტრატეგია, როგორც გენერალური გეგმა.

(და თუ მკითხავთ, რა უფლებით ვარიგებ სხვის წერილს ძღვნად, გეტყვით, რომ   ლიცენზიის უფლებით – შტამპ-ბეჭდით მაქვს ეს ამბავი მოგვარებული. მადლობას ვუხდი დალილა გოგიას, რომელიც მეხმარება „ნიუ იორკ ტაიმსის“ სპეციალური  გამოცემის „თურნინგ პოინტს“-ის ლიცენზიის ფარგლებში შეძენილი ამ და სხვა პუბლიკაციების თარგმნაში).

 

1 2 3