ბევრი დარწმუნებულია, რომ უწინდელი ცხოვრება აღარ დაბრუნდება. სავარაუდოდ, უამრავი ჩვენგანი ბევრად შეიცვლება, ზოგი ნაკლებად,  მაგრამ რატომღაც მგონია, რომ უმრავლესობა ცეკვას მიუბრუნდება. განა პანდემიამ არ დაგვანახა, რომ ცხოვრება შეიძლება მოულოდნელად გაქრეს, და ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ახლა, ამ წამს  და მთელი სისავსით შევიგრძნოთ მისი ნეტარება? ეს აზრი შენმა შვილიშვილმა გამოთქვა.   

 

…თავისუფლებაზე ოცნებაში ბევრ ადამიანს ავიწყდება აღთქმა, რომელიც სულ ახლახანს ღმერთების წინაშე დადეს. ინავლება ენერგია და სურვილი, დავაკვირდეთ პანდემიის ზეგავლენას საკუთარ თავსა და სხვებზე. ჩვენს შორის მოიძებნება უამრავი ადამიანი,  ვისაც დიდი სურვილი აქვს, ობიექტურად გაიაზროს, თუ რა მოხდა სინამდვილეში მსოფლიოში, თუმცა, საბოლოოდ ამ პერიოდს სუბიექტურად განიხილავს. უკვე გვესმის შოფინგის მუქარა, რომ ისევ მოგვიბრუნდება, როგორც ჩვენი უსაყვარლესი ნარკოტიკი.

 

მე ნისლიდან ჯერ არ გამოვსულვარ. მგონი, უნდა დაველოდო, ვიდრე ახლანდელი თუ მომავალი პროფესიონალები ჩვენს საერთო გამოცდილებას გამოიკვლევენ და შედეგებს გაგვაცნობენ. მოუთმენლად ველოდები ამ დღეს. ალბათ სიმღერა, ლექსი, ფილმი ან რომანი საბოლოოდ წინ ზოგად სურათს გადამიშლის, სადაც პანდემიის შესახებ ჩემი აზრები თუ გრძნობებიც იქნება დამარხული. როცა ეს მართლა მოხდება, ალბათ მაინც მომიხდება საკუთარ თავში ღრმად ქექვა.

 

ამასობაში, პლანეტა ისევ ისე ბრუნავს, ხოლო ცხოვრება ისევ იდუმალი, მძლავრი და გასაოცარია. ან, როგორც შენ ამბობდი, ნაკლები ზედსართავი სახელით და უფრო პოეტურად: ცხოვრებას ვერავინ ვერაფერს ასწავლის!

 

როდრიგო

 

P.S. „ბევრი დარწმუნებულია, რომ უწინდელი ცხოვრება აღარ დაბრუნდება. სავარაუდოდ, უამრავი ჩვენგანი ბევრად შეიცვლება, ზოგი ნაკლებად,  მაგრამ რატომღაც მგონია, რომ უმრავლესობა ცეკვას მიუბრუნდება.“ – ვფიქრობ, მამამისმა უპასუხა.     

 

 

 

1 2 3