როდრიგო მარკესის წერილი მამას 

 

„გაბო,

 

…დღე არ გავა, შენი „სიყვარული ჟამიანობის დროს“ ვინმემ არ ახსენოს, ან წიგნის სათაურის ინტერპრეტაციას არ მიმართოს,  ან „მარტოობის ასი წლიდან“ ინსომნიის პანდემია არ გაახსენდეს. შეუძლებელია, ადამიანი არ დაფიქრდეს, ამჟამინდელი მდგომარეობიდან რას შექმნიდი შენ, ვისაც ყოველთვის გხიბლავდა ეპიდემიები, რეალური თუ გამოგონილი. ასევე გიზიდავდა ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ბრუნდებიან და მეორდებიან.

 

შენ ჯერ დაბადებული არ იყავი, როცა დედამიწას ესპანური გრიპის პანდემიამ გადაუარა. ისეთ სახლში დაიბადე, სადაც ჭირის, მოჩვენებებისა და მწუხარების შესახებ ამბების მოყოლა უყვარდათ და დარწმუნებული ვარ, თითოეული ისტორია ლიტერატურისთვის არაჩვეულებრივი მასალა იქნებოდა. შენ თქვი, რომ  ხალხი ისე ილაპარაკებს უხსოვარ დროს მომხდარ მოვლენებზე, თითქოს  კომეტის გამოჩენას იხსენებდესო –  მეოცე საუკუნის დასაწყისში დედამიწასთან მოახლოებულ ჰალეის კომეტას გულისხმობდი. კარგად მახსოვს, რა სიხარულით ელოდებოდი მის დაბრუნებას საუკუნის ბოლოს, რომ საკუთარი თვალით გეხილა. კომეტის გამოჩენას მონუსხული ელოდი, იდუმალი საათი ყოველ 76 წელიწადში ერთხელ უჩუმრად ჩამოკრავს, რაც, დაახლოებით,  დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პერიოდია. უბრალო დამთხვევაა? …მართალია, ათეისტი იყავი, მაგრამ გჯეროდა, რომ წარმოუდგენელია, არ არსებობდეს გენერალური გეგმა, ხომ გახსოვს? ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ახლა შენ ჩემზე გაცილებით მეტი იცი.

 

დაბრუნებით კი პანდემია დაბრუნდა. მეცნიერული მიღწევების და ადამიანთა მოდგმის  გამჭრიახობის მიუხედავად, მისგან საუკეთესო თავდაცვა, უბრალოდ, სახლში გამოკეტვა აღმოჩნდა – გამოქვაბულში მტაცებლისგან თავის დაცვა. უნდა ითქვას, რომ ეს დრო მშვიდია თვინიერი ადამიანებისთვის, დანარჩენებისთვის კი მოსაბეზრებელი პერიოდია.

 

შენთვის უძვირფასესი ორი ქვეყანა, ესპანეთი და იტალია ყველაზე მეტად დაზარალდა. შენი ძველი მეგობრები იმ სახლებში, სადაც შენ და მერსედესი უთვალავჯერ ჩასულხართ სტუმრად, ვირუსს მედგრად ებრძვიან. არა მხოლოდ ისინი, არამედ იმ თაობის უამრავი ადამიანი იბრძვის და დანებებას არ აპირებს. მათ ვირუსი ვერ შეაშინებთ მას შემდეგ რაც კიბოს, დესპოტებს, სამსახურებს, პასუხისმგებლობებს და ქორწინებას გადაურჩნენ.

 

ჩვენ არა მხოლოდ სიკვდილი, არამედ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებიც  გვაშინებს. უცხოპლანეტლებივით გამოწყობილი უცნობი ადამიანების გარემოცვაში დაუმშვიდობებლად წასვლა, რაღაც აპარატების უსულგულო წრიპინი, სხვა დაავადებულები, რომლებიც იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, არცერთი მშობლიური სახე: შენი ყველაზე დიდი შიში – მარტოობა.

 

შენ ხშირად ახსენებდი დანიელ დეფოს „შავი ჭირის წელიწადის დღიურს“, წიგნს, რომელმაც, შენივე სიტყვებით, დიდი გავლენა მოახდინა შენზე. თუმცა, გუშინდლამდე არ გამხსენებია, რომ შენი უსაყვარლესი სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ გვიამბობს, როგორ ცდილობს მეფე, როგორმე ქვეყანა ჭირისგან გაათავისუფლოს. გონებაში ღრმად ჩამებეჭდა მეფის ტრაგიკული, ირონიული  ბედისწერა, მაგრამ ჭირი იყო ის, რის გამოც გარკვეულმა ძალებმა დასასრული დააჩქარეს. ერთხელ თქვი, რომ პანდემია თავზარს გვცემს, რადგან ის გვაიძულებს, ჩვენს პირად ცხოვრებას გადავხედოთ. ბედისწერა და სიკვდილი უამრავი მწერლის გამორჩეულად საყვარელი თემაა.

 

ახლა აქ რომ იყო, შენ, როგორც ყოველთვის, კაცს მოჯადოებულივით დააკვირდებოდი. სიტყვა „კაცი“ უწინდებურად ზოგადი მნიშვნელობით აღარ გამოიყენება, მაგრამ ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, არა იმის გამო, რომ პატრიარქატს ვუკმიო, რაც შენც გზარავდა, არამედ იმიტომ, რომ ეს სიტყვა ექოდ ჩაესმის  მგრძნობიარე ახალგაზრდა კაცს, ახალი იდეებით სავსე, იმედისმომცემ მწერალს, როგორიც შენ ოდესღაც იყავი. ღრმად გწამდა, რომ ბედისწერა წინასწარ იწერება ღვთის ხატად შექმნილთათვისაც კი და მათ თან სდევთ წყევლა –  თავისუფლების სურვილი. აქ რომ იყო, შეგებრალებოდით ჩვენი უმწეობის გამო, გაგაოცებდა ჩვენი ურთიერთკავშირი,  დაგასევდიანებდა ჩვენი ტანჯვა, გაგაცოფებდა ზოგიერთი ლიდერის უსულგულობა და გულს აგიჩუყებდა წინა ფრონტზე ვირუსთან მებრძოლი ადამიანების სამაგალითო გმირობა. გამოიჩენდი ცნობისმოყვარეობას, გაგეგო, თუ როგორ უმკლავდებიან შეყვარებულები მათ წინაშე აღმართულ  კედლებს, რომ  ერთად ყოფნის სურვილით, სიკვდილსაც კი არ უშინდებიან.  და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, უზომოდ გეყვარებოდა ადამიანები.

 

ამ რამდენიმე კვირის წინ, კარანტინის პირველ დღეებში, ლამის თავი გამისკდა იმაზე ფიქრით, თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, ან რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა ჩვენს მდგომარეობას. ვერაფერი მოვიფიქრე. მოულოდნელად გარს საშინლად სქელი ნისლი შემოგვეხვია. ახლა, როცა ასე თუ ისე, შევეჩვიეთ, როგორც ყველაზე საზარელ ომებში ხდება ხოლმე, ზუსტ სახელს მაინც ვერ ვუძებნი.

 

 

1 2 3