A Hero / გმირი

ასგარ ფარადის ახალი ფილმი, ერთგვარი მორალური არითმეტიკაა, მარტივი სავარჯიშო საკუთარი გრძნობების, პოზიციების და სენტიმენტების გამოსავლენად. ფილმის სიუჟეტი მუდმივად ცვალებად  მარშრუტებს იღებს, სადაც გზის გაკვლევა პირადი ძალისხმევით მოგიწევთ. აქ მუდმივად იცვლება ბოროტის და კეთილის, პროტაგონისტის და ანტაგონისტის, უანგარობის და მომხვეჭელობის, სიმამაცის და სიმხდალის ცნებები და შეუძლებელია ფილმის დასაწყისში გაჩენილი სიმპათიები თუ ანტიპათიები დასასრულამდე ერთიდაიგივე პერსონაჟბის მიმართ შემოგრჩეთ. „გმირი“ საკმაოდ ემოციური და მომენტებში დისკომფორტის გამომწვევი მედიტაციაა კომპლექსურ სამყაროზე ჩვენს ირგვლივ, იმაზე, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ცნებები და საკითხები, ზედაპირული და მარტივი დაკვირვების შედეგად არავის უნდა მოარგო, რომ ყველა სიტუაციას მრავალწახნაგოვანი პრიზმა აქვს და ყოველი მათგანის კუთხიდან არის საჭირო გაიხედო, სანამ შეფასებით კატეგორიებში ხელაღებით გადასვლის უფლებას მისცემ თავს.

Parallel Mothers / პარალელური დედები

პედრო ალმოდოვარი უნიკალური რეჟისორია, რომელსაც შეუძლია საპნის ოპერის ესთეტიკით, გლობალური მნიშვნელობის ისტორიული გაკვეთილი და პოლიტიკური განაცხადი გააკეთოს, ისე, რომ ცენტრალური სიუჟეტური ხაზი – ორი დედის მშობიარობა და უიღბლო შემთხვევის გამო დატრიალებური ადამიანური ტრაგედია, აქციოს პოლიტიკურ იარაღად საკუთარი ქვეყნის წარსულის და აწმყოს უკეთ გასაცნობად და გასააზრებლად – აქციოს პერიფერიულად და პირიქით. ფილმი ფრანკოს რეჟიმის დროს დახვრეტილ უდანაშაულო ადამიანების სამარხების ძიებას ისეთივე მნიშვნელობის საკითხად აქცევს, როგორც მშობლის მიერ შვილის დაბრუნების, მასზე პასუხისმგებლობის და სამართლიანად აღზრდის აუცილებლობას. პედრო შთამბეჭდავი დრამატიზმით უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ თუ ქვეყანა საკუთარი დანაშაულებრივი წარსულის შესახებ სრულად არ იქნება ინფორმირებული, არ მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას და არ გადასცემს ამის შესახებ ცოდნას შთამომავლობას, შემდეგი თაობის სიცოცხლე მხოლოდ მყიფე და უნაყოფო ხასიათის იქნება.

 

 

 

1 2 3 4 5