სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება №642; სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ

15:29, 12.11.2026

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,

1. სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის 2026 წლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის ერთი პროცენტის ფარგლებში, სამეურვეო საბჭოს 10 წევრზე ერთჯერადად დამატებით გაიცეს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2019 წლის 27 დეკემბრის N465 (ოქმი N416) გადაწყვეტილებით დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის (მასში შეტანილი შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებთ) 2.6. პუნქტის 2.6.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი თვის ოდენობის შესაბამისი ჰონორარები.

2. სხვა ხარჯების ნაწილში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის 0,5 პროცენტის ფარგლებში, სამეურვეო საბჭოს აპარატის თანამშრომლებზე – აპარატის უფროსზე და უფროს სპეციალისტზე 2026 წლის ნოემბრის თვეში დამატებით გაიცეს ერთი თვის ოდენობის შესაბამისი ანაზღაურება.

3. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდის შემდგომ სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებისთვის, ასევე სხვა ხარჯების ნაწილში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში განსაზღვრული ბიუჯეტის 1,5 პროცენტის ფარგლებში, კალენდარული წლის ბოლოსთვის დარჩენილი ნაშთიდან – 407 314 ლარიდან – 207 314 ლარი მიემართოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ თანამშრომლების პრემირებაზე აჭარის ტელევიზიის და რადიოს მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესაბამისად ორგანიზაციის რეგულაციების დაცვით და 200 000 ლარი მიემართოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების პრემირებაზე მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ორგანიზაციის რეგულაციების დაცვით.

4. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ გადაცემული 207 314 ლარიდან სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს“ დირექტორზე დამატებით გაიცეს ერთი თვის ოდენობის შესაბამისი ანაზღაურება.

5. დაევალოს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსების ბლოკს უზრუნველყოს გეგმების შესაბამისი კორექტირება და მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახსრების სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსთვის“ გადასაცემად.

Download Document
0.69 MB
1TVPLAY