სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2025 წლის ანგარიში
განვითარების ახალი ეტაპი – 2025 წელი საქართველოს პირველი არხისთვის გამორჩეული იყო.
ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1925 წელს, საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობა დაიწყო. 2025 წელს საქართველოს რადიო 100 წლის გახდა და ქართული რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას – რადიოარხ „საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სიმბოლურია, რომ სწორედ 2025 წელს, მშენებლობის ხუთწლიანი პროცესის დასრულების შემდეგ, პირველმა არხმა ახალი შენობიდან დაიწყო მაუწყებლობა. პოლიტკოვსკაიას №31-ში განთავსებული ორი კორპუსი უახლესი ტექნიკითა და აპარატურით არის აღჭურვილი. გამორჩეული არქიტექტურის, დიზაინისა და დაგეგმარების კორპუსები მასშტაბურ პავილიონებსა და სტუდიებს აერთიანებს. ახალი შენობის შექმნის ისტორიასთან დაკავშირებით შეიქმნა ფილმი „მაუწყებლობის 100 წელი“. 2025 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კიდევ ერთ განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება – საქართველომ 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, კომპანია Starring Georgia-ს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით ჩატარდა. შოუში ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა და 20 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ხმამ, ანიტა აბგარიანმა, 176 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა. საქართველომ საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ საქართველო საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული.