სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2020 წლის პირველი კვარტლის ანგარიში
2020 წლის პირველი კვარტალი საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, იყო ურთულესი პერიოდი ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პირველი არხის ვალდებულება, „უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“. პანდემიური საფრთხის პირობებში ორგანიზაციის შრომისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პირველმა არხმა, სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და პრევენციული ზომები გაატარა. პრევენციული ზომების ნაწილი საანგარიშო პერიოდშივე გატარდა. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია იმ შემთხვევისთვისაც, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში გაუარესდება. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც მოსახლეობა მიიღებს მაღალ პროფესიულ დონეზე მომზადებულ, გადამოწმებულ ინფორმაციას.