ღია სტუდია - პაატა იმნაძე: ორ კვირაში გაირკვევა რამდენად დროული იყო შეზღუდვების მოხსნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენდირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ერთხელ უკვე აიცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, ამავე ვაქცინის მეორე დოზას აუცილებლად მიიღებენ. მისივე განცხადებით, ამ ვაქცინის ყველაზე ეფექტურ ვადად მეორე დოზისთვის 12 კვირა ითვლება და ამ ვადას უკვე აცრილთა მეორედ ვაქცინაცია არ გადაიდება. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვაქცინების მიწოდების თვალსაზრისით, კვლავ პრობლემებია შექმნილი. „საქართველოს კოვაქსისთვის ვაქცინების ფასი დიდი ხნის გადახდილი აქვს, მაგრამ მიწოდების თვალსაზრისით პრობლემები მაინც არსებობს და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში“ – ამბობს პაატა იმნაძე. მისი ცნობით, აცრების პროცესი საკმაოდ კარგად მიდის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. სხვა ქალაქებსა და რეგიონებში კი სიტუაცია ამ კუთხით საკმაოდ კრიტიკულია. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, პაატა იმნაძის ვარაუდით, დაახლოებით ორ კვირაში მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რამდენად დროული იყო შეზღუდვების მოხსნა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: