საქართველოში ტურიზმის სეზონი ძალას იკრებს. დაიწყო ფრენები. მთავრობა მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვის კუთხით, სახმელეთო საზღვრის გახსნაზე მუშაობს – ამის შესახებ გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მადრიდში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მყოფი მინისტრი საქართველოში ტურიზმის გამოცოცხლების პერსპექტივებთან დაკავშირებით საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აღდგენა 30 პროცენტზე მეტი, შესაძლოა, 50 პროცენტიც იყოს. ასევე მინისტრის განცხადებით, ტურისტების მიღება უსაფრთხოების ყველა არსებული წესით მოხდება.
დაავადებათა კონსტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული რეგულაციები უცხოელი ტურისტების ქვეყანაში ყოფნის უსაფრთხოების შანსს ზრდის – საქართველოში არსებობს ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ტურისტებიც, სრულად ვაქცინაციის შემთხვევაში, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიან.
ამავე დროს, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მეტ-ნაკლებად წარმატებულად ართმევს თავს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას. „რატომღაც არავინ აქცევს ყურადღებას, რომ 100 ათას ადამიანზე გათვლით, საქართველოში ავადობა მეტია, ვიდრე ინდოეთში, თუმცა საქართველო დაავადებულთა მართვას საკმაოდ ეფექტურად ახერხებს“ – ამბობს პაატა იმნაძე.
მისივე ცნობით, საქართველოს დიდ ქალაქებში ვაქცინაცია წარმატებულად მიმდინარეობს, რეგიონებისგან განსხვავებით, სადაც ვაქცინაციისაგან ჯერაც თავს იკავებენ.
„არადა, დარწმუნებული ვარ, მეოთხე ტალღაც იქნება“ – ამბობს პაატა იმნაძე, რომელიც ყველას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: