რა დამოკიდებულებით შეიძლება ლაპარაკობდე წარსულზე, რომელშიც ადამიანები ისტორიაში მანამდე არნახულ წნეხსა და ძალადობას განიცდიდნენ სახელმწიფოსგან? კომუნიზმის ეპოქაში მსხვერპლი, ჯალათი და ძალადობის მომღერალი შეიძლება ერთი და იგივე პირი ყოფილიყო. სულ ახლახან გამოიცა წიგნი, რომელშიც ყველა ფრჩხილი გახსნილია, ყველა ავტორი დასახელებულია, მზერას მორცხვად არავის არიდებენ. ეს წიგნი აქამდე ორჯერ იყო გამოცემული, მაგრამ ბევრი მოქმედი პირის მიჩუმათებით, ამოკლებით, უთქმელად. ახლა კი ჩვენ წინაშეა აკაკი ბაქრაძის „მწერლობის მოთვინიერების“ მესამე, სრული გამოცემა – სწორედ ის ტექსტი, რომელის ავტორმა თავდაპირველად, 1983 წელს შექმნა. ამასთან, დღევანდელი გამოცემა უხვად არის დასურათებული.
სტუმარი: ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.