იანვრის ბოლოს გაირკვევა, ვინ იქნება ნაციონალური მოძრაობის ახალი ლიდერი. პარტიის გაძლიერების მოტივით დაგეგმილი არჩევნები, დიდი შანსია, ნაციონალური მოძრაობის ფრაგმენტირების მორიგ ეტაპად იქცეს.
ანალიტიკოს დავით ბრაგვაძის აზრით, ნაციონალური მოძრაობის კიდევ უფრო დასუსტებით, ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ერთი პოლუსი – მმართველი პარტია დარჩება, რაც ამ პარტიის მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს კიდევ უფრო გაზრდის.
„24 თებერვლიდან მსოფლიო შეიცვალა და კვლავ იცვლება. საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც დასავლეთის ნაწილი, თითქმის დარწმუნებული იყო რუსეთის გამარჯვებაში, მაგრამ უკრაინა იბრძვის და დასავლეთის ამ ნაწილმა თავისი დამოკიდებულება შეცვალა. ამ ცვლილების აღიარება საქართველოს ხელისუფლებას უჭირს და ამას ხელისუფლების განცხადებები ადასტურებს. არადა, დღეს დარწმუნებით შეიცლება ითქვას, რომ რუსეთი მარცხდება და ძალიან მნიშვნელოვანია, ისტორიის ნათელ მხარეს ყოფნა. საეჭვოა საქართველოს ამ ხელისუფლებამ თავისი შეცდომა აღიაროს და ნელ-ნელა პოზიცია შეცვალოს“, – ამბობს დავით ბრაგვაძე.