ბოლო დღეები საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენების კუთხით ძალიან აქტიური გამოდგა. 14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიმართა, რომლის ბოლოს კომუნიკე გამოქვეყნდა. საქართველოსთან დაკავშირებით კომუნიკეში ნათქვამია, რომ ნატო კვლავ ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავე კომუნიკეში ნათქვამია, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.
ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე ყურადღებას ამახვილებს ნატოს 10 წლიანი სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირს ნატოს ინტერესს შავი ზღვის აუზში სტაბილური ვითარების შექმნის კუთხით. თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ ეს დოკუმენტი კარგ შანსს აძლებს საქართველოს, აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში და ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში.
„ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა – ეს იყო შეხვედრა ილუზიების გარეშე“ – ამბობს თენგიზ ფხალაძე და აცხადებს, რომ მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ შეხვედრა იყო არა ნდობის, არამედ პრინციპების თემაზე.
საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარის შორენა ლორთქიფანიძის აზრით, აუცილებელია, საქართველო ჩართული იყოს საერთაშორისო პროცესებში უფრო აქტიურად და კარგად ხედავდეს მსოფლიოში მიმდინარე დიდ პროცესებს. „ბუნებრივია, თუ რამე შეიცვლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში, ეს პირდაპირ აისახება საქართველოზე“ – ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: