​მსოფლიოს ამბები - დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
​მსოფლიოს ამბები - დაძაბულობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სომხეთი აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს, სადაც ვითარება დაძაბულია, საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგების ინიციატივით გამოვიდა. როგორც პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილზე შესაძლებელია რუსეთის ან ეუთოს მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების დამკვირვებლების განთავსება. ფაშინიანის თქმით, სომხეთის სამხრეთ ნაწილში რეალურად დგას მასშტაბური კონფლიქტის საფრთხე და ერთადერთი გამოსავალი მოლაპარაკებებია. სამხედროების დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს აზერბაიჯანს და სომხეთს აშშ-იც. შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისს დაიძაბა, როდესაც სომხეთში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გეღარქუნიკის და სიუნიქის რაიონებში სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. ერევანში ამბობენ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩება 1000 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე. აზერბაიჯანში ამ ინფორმაციას უარყოფენ. ადგილზე მოხდა რამდენიმე ინციდენტიც. მათ შორის ორმხრივი სროლა, რა დროსაც სომეხი ჯარისკაცი გარდაიცვალა. 27 მაისს კი სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა 6 სომეხი სამხედრო დაატყვევეს. ბაქოში ამტკიცებენ, რომ დაკავებული სამხედროები დივერსანტები იყვნენ. გეღარქუნიკის და სიუნიქის რაიონები სომხეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, სადაც შარშან ნოემბერში რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უნდა გაიაროს აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის რესპუბლიკის დამაკავშირებელმა გზამ, რომელიც საბოლოო ჯამში აზერბაიჯანს სომხეთის გავლით თურქეთს დაუკავშირებს. ე.წ. ზანგეზურის დერეფნის გახსნას ბაქო დაჟინებით ითხოვს. პრობლემას ქმნის ისიც რომ გეღარქუნიკისა და სიუნიქის რაიონებში სომხეთ აზერბაიჯანის საზღვარი დემარკირებული არ გახლავთ და ეს პრობლემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს უკავშირდება. 2020 წლამდე ამ ტერიტორიებს სომხეთი აკონტროლებდა, თუმცა მას შემდეგ რაც 2020 წელს კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ სტატუს-კვო შეიცვალა, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი გამწვავდა. რუსეთი მხარეებს შუამავლობას სთავაზობს. ამასთან მოსკოვმა სიუნიქის რაიონში დამატებითი სამხედრო ძალებიც გააგზავნა. ამას ემატება შიდა პოლიტიკური დაძაბულობა სომხეთში. 20 ივნისს დაგეგმილია ვადამდელი არჩევნები. ყარაბაღში შარშანდელი დაპირისპირების შედეგად სომხეთის მიერ დაკარგული პოზიციები, სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რეიტინგზე უარყოფითად აისახა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე და ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვესაუბრეთ ერევანში მდებარე რეგიონული კვლევითი ცენტრის დირექტორს, რიჩარდ გირაგოსიანს და ბაქოს პოლიტოლოგების კლუბის ხელმძღვანელ ზაურ მამედოვს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: