„წარმატებული“ საბანკო სექტორი

ვახტანგ ჭარაია – ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

 

ბოლო წლების განმავლობაში ხშირად გვესმის ფრაზა –  „წარმატებული ქართული საბანკო სექტორი“. ამ წარმატების არგუმენტირებას  აღნიშნული დარგის წარმომადგენლები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯილდოებით ცდილობენ, თუმცა, რის ხარჯზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად გვიღირს ეს წარმატება იმ დათმობებად, რაც ბანკების “მიღწევებს” ეწირება – მთავარ შეკითხვად რჩება.

ჯილდოების უკან კი ბევრი საინტერესო მაჩვენებელია, მაგალითისთვის – უკანასკნელ ხუთ წელიწადში საქართველოს ეკონომიკის საშუალოდ 4.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საბანკო სექტორის მოგება ყოველწლიურად დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფად, საშუალოდ 22 პროცენტით იზრდებოდა. 2017 წელს  კი საბანკო სექტორის მოგებამ აქამდე არნახულ, ისტორიულ მაქსიმუმს – 869.8 მილიონ ლარს მიაღწია. უფრო შთამბეჭდავია ამავე პერიოდში (2013 წლის მაისიდან, 2018 წლის მაისამდე) საბანკო სექტორის აქტივების პრიზმაში 140 პროცენტიანი ზრდაც – აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს ციფრი  14.7 მილიარდიდან 35.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

2017 წელს  კი საბანკო სექტორის მოგებამ აქამდე არნახულ, ისტორიულ მაქსიმუმს – 869.8 მილიონ ლარს მიაღწია.

საბანკო სფეროს მომგებიანობაზე საუბრისას საბანკო სექტორის დამცველები ხშირად არა მხოლოდ მოგების, არამედ მოგების კაპიტალთან ან აქტივებთან შედარებას ამჯობინებენ,  თუმცა, არც ეს მაჩვენებელები გამოიყურება „დაჩაგრულად“, უფრო მეტიც ე.წ. ROE (24.6%) და ROA-ს (3%-ზე მეტი) მაჩვენებლებით ქართული კომერციული ბანკები მსოფლიოში ლიდერთა შორის არიან. საქართველოს ბანკის ROE-მ 2017 წლის ბოლოსთვის 36.8 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლებით საქართველოს საბანკო სისტემას, აფრიკის განვითარებადი ქვეყნები თუ უსწრებენ, კერძოდ: მალავი, განა, გამბია, ნამიბია და სხვები.

უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს ბანკების მიზანმიმართული კონსოლიდაცია, მსხვილი ბანკების მიერ შედარებით მცირე ბანკების შესყიდვა და წამყვანი ორი ბანკის შეუჩერებელი გამსხვილება, რაც ანგრევს კონკურენციას და მომხმარებლების ინტერესებს, საბოლოო ჯამში კი ქვეყნის ეკონომიკას. სულ რაღაც 4 წლის წინ, ბაზარზე ასებული 21 ბანკიდან, დღეისთვის მხოლოდ 16-ია შემორჩენილი. 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით წამყვან ორ ბანკს კაპიტალიზაციით ბაზრის 2/3-ზე მეტი უჭირავს. კერძოდ, “თიბისი ბანკს” – 37% და “საქართველოს ბანკს” – 35%; შემდეგი ორი ბანკი 5-5 პროცენტიანი წილით “ლიბერთი” და “ვითიბი” ბანკია. მსგავსი დისპროპორცია არც-ერთ მეზობელ ქვეყანაში, არც აღმოსავლეთ და მითუმეტეს არც დასავლეთ ევროპაში მოიძებნება.

უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს ბანკების მიზანმიმართული კონსოლიდაცია, მსხვილი ბანკების მიერ შედარებით მცირე ბანკების შესყიდვა და წამყვანი ორი ბანკის შეუჩერებელი გამსხვილება, რაც ანგრევს კონკურენციას და მომხმარებლების ინტერესებს, საბოლოო ჯამში კი ქვეყნის ეკონომიკას.

რუსეთის, მიანმარისა და ზამბიას კომერციულ ბანკებთან ერთად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში შემოსავლების ძირითადი ნაწილის არასაპროცენტო საქმიანობიდან მიღების მაჩვენებლით, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ – საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან, ვალუტის კონევრტაციიდან და საურავებიდან გენერირებული მოგებით. მაგალითისთვის,  2017 წელს, მხოლოდ და მხოლოდ ვალუტის კონვერტაციიდან კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 202 მილიონ ლარს გადააჭარბა, 2018 წლის 5 თვეში კი უკვე 84.5 მილიონს. ხოლო ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე, ანუ ძირითადი საბანკო საქმიანობიდან მიღებულმა მოგებამ ჯამში 242 მილიონი ლარი შეადგინა.

„წარმატებული და სამაგალითო“ ქართული საბანკო სექტორი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის თანახმად (2017-2018 წწ), ფინანსური ბაზრის განვითარების კუთხით მსოფლიოში 63-ე ადგილზეა; ბანკების სიძლიერით – 64-ე; ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობით – 81-ე; ფინანსური სერვისების მრავალფეროვნებით – 92-ე. საბანკო სექტორის (თეორიული) ალტერნატივით – ვენჩერული კაპიტალის არსებობით – მე-80, ხოლო კაპიტალის ბაზრით დაფინანსების კუთხით კი – 131-ე! სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ მაჩვენებლებით  საბანკო სექტორის სიძლიერე რთული დასანახია და არც მისი ალტერნატივა არსებობს. იგივე კვლევის მიხედვით, ქართველი ბიზნესმენები ქვეყანაში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ფინანსურ რესურსებთან წვდომას ასახელებენ. თუმცა, წვდომა მხოლოდ ნახევარი პრობლემაა: საპროცენტო განაკვეთები ქართულ საბანკო სექტორში ასევე „განსაკუთრებულია“ და ძნელი წარმოსადგენია, 100-200 და ცალკეულ შემთხვევებში 250 პროცენტიანი უზრუნველყოფის ვალდებულებით როგორი ბიზნეს სესხი უნდა აიღოს ბიზესმენმა თუ  საშუალო საპროცენტო განაკვეთი მისი სესხისთვის 17 პროცენტია?

რუსეთის, მიანმარისა და ზამბიას კომერციულ ბანკებთან ერთად, საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში შემოსავლების ძირითადი ნაწილის არასაპროცენტო საქმიანობიდან მიღების მაჩვენებლით.

ფინანსური სექტორის არასაბანკო ნაწილის არსებობა, მიუხედავად მისი რაოდენობრივი სიმრავლისა (72 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 20-მდე საკრედიტო გაერთიანება, 3 საპენსიო სქემა და ა.შ.), ფაქტობრივად უმნიშვნელოა და მთლიანი ბაზრის 5 პროცენტსაც ვერ აღწევს. პრაქტიკულად არ არსებობს კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივა.  დღეს კაპიტალის ბაზარს ფორმალურად ეროვნული ბანკი ზედამხედველობს, თუმცა სინამდვილეში კაპიტალის ბაზარს, მისი კონკურენტი – საბანკო სექტორი მართავს.

პრობლემების სიმრავლეს და სირთულეს თან ერთვის სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა საბანკო სექტორის დომინირების გასამყარებლად, რაც ფინანსური ბაზრის სხვა მოთამაშეების შეზღუდვით, მომხმარებელთა ხარჯზე ბანკების რისკების მინიმიზებით, ბაზრის ინტერესების საწინააღმდეგოდ რეფინანსირების სესხების პრაქტიკულად ნებისმიერი ოდენობით მიწოდებით და ა.შ. ქმედებებში გამოიხატება.

ჩვენ ვამბობთ რომ საბანკო სექტორი წარმატებულია. თუმცა ეს მტკიცება ბევრ შეკითხვასაც წარმოშობს: რის ხარჯზე? რატომ გრძელდება არაპროფილური აქტივების მართვა? და თუ მაინც  ასეა, რატომ ეშინიათ ბიზნესმენებს “წარმატებული” სექტორის აქტორებთან ბიზნეს პროექტების მიტანა?

 

გამოყენებული ფოტოები: flickr.com

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი