2020 წელი რუსეთში პოლიტიკური აჟიოტაჟით დაიწყო – 15 იანვარს მთავრობა გადადგა და დაანონსდა საკონსტიტუციო ცვლილებები. გაჩნდა მოლოდინი, რომ კრემლში პოსტ-პუტინურ პერიოდში გადასვლისთვის მზადებას შეუდგნენ. ექსპერტების ვარაუდით, ხელისუფლებაში დიდი ხნის განმავლობაში მყოფი სხვა ავტორიტარი ლიდერების მსგავსად, ვლადიმირ პუტინმა თავისი პოლიტიკური მემკვიდრისთვის მყარი ნიადაგის შემზადება დაიწყო.
განიხილებოდა უამრავი ვერსია, მაგრამ ლამის ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ 2024 წლიდან პუტინი სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლებდა და რუსეთის პრეზიდენტის პოსტს მისი ნდობით აღჭურვილი პირი დაიკავებდა. მითუმეტეს, ქვეყანაში ამის პრეცედენტი უკვე არსებობდა – ქვეყნის სათავეში 2000-2008 წლებში ორი ვადით ყოფნის შემდეგ, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა სავარძელი დროებით დიმიტრი მედვედევს უბოძა და 2012 წელს ისევ გაპრეზიდენტდა, ამჯერად უკვე ორი 6-წლიანი ვადით.
ვინაიდან პუტინის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2024 წელს იწურება, რუსეთის პოლიტიკურ პროცესებში გათვითცნობიერებული ხალხი ვარაუდობდა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებებით, რუსეთის ლიდერი სახელმწიფოს მართვის სისტემას გადააწყობდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს დაასუსტებდა და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველად ისევ თვითონ დარჩებოდა. სახელდებოდა სავარაუდო თანამდებობებიც, რომელსაც ვლადიმირ პუტინი 2024 წლიდან დაიკავებდა: რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი და ა.შ.
თუმცა, ბოლოს, მოხდა ისე, რომ პუტინმა ყველა გააცურა. მან უარი თქვა არსებული მმართველობის სისტემის ძირეულ რეკონსტრუქციაზე, რაც გარკვეულ რისკს ნამდვილად შეიცავდა და გაკვალულ, ნაცნობ გზას დაადგა: რუსეთის მეთაურმა საპრეზიდენტო ვადების განულებას დაუჭირა მხარი, რაც, თეორიულად, იმას ნიშნავს, რომ პუტინი აპირებს, მომდევნო ორი ვადით, 2036 წლამდე, კვლავ პრეზიდენტის რანგში მართოს ქვეყანა. თუ მოვლენები მისი გათვლების მიხედვით წარიმართა, რუსეთის დღევანდელი ლიდერი 84 წლის ასაკშიც ისევ სახელმწიფოს ერთპიროვნული გამგებელი იქნება…
რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მოვლენების შესაძლო განვითარებაზე, აგრეთვე რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივებზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრობს პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარი, არჩილ სიხარულიძე.
– ბატონო არჩილ, 2020 წლის 15 იანვარს დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების არსი, თითქოს, პუტინის მემკვიდრის შერჩევაში მდგომარეობდა, რასაც რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვისთვის სამომავლოდ უსაფრთხოების გარანტიები უნდა უზრუნველყო. რატომ შეიქმნა ასეთი ილუზია? რატომ დაუშვა ლამის ყველამ, რომ პუტინი პოლიტიკური სცენიდან წავიდოდა და კულუარებიდან შეუდგებოდა ქვეყნის მართვას?
– ვლადიმირ პუტინი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც კარგად ერკვევა პოლიტიკურ ტექნოლოგიებში, მართვის სტრატეგიისა და ტაქტიკის ნიუანსებში. ამიტომ, მე და ბევრ ჩემს კოლეგას მიგვაჩნდა, რომ 2024 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ის ხელისუფლებიდან წავიდოდა.
პირადად მე იმისკენ ვიხრები, რომ მას ასეთი ნაბიჯი ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ უნდა გადაედგა და ახალი ვადით კენჭი აღარ უნდა ეყარა, ვინაიდან თავისი მისია იმ დროისთვის, პრაქტიკულად, უკვე შესრულებული ჰქონდა – მან რუსეთი „ფეხზე დააყენა“, გლობალურ არენაზე გამოიყვანა და გასული საუკუნის 90-იანი წლების მძიმე მემკვიდრეობა წარსულს ჩააბარა. მართალია, ფინანსურად და ეკონომიკურად, რუსეთი კვლავ სუსტი სახელმწიფოა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – რასაც პუტინი საკუთარ მოსახლებას 2000 წელს, პრეზიდენტად პირველად არჩევის წინ დაპირდა, მან ის პირნათლად შეასრულა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ 2018 წელს, თავის 18-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში, პუტინი რუსეთის ისტორიაში დადებით ფიგურად, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველის სახელით შევიდოდა.
თუმცა, მოხდა ისე, რომ უშიშროების სისტემიდან ხელისუფლებაში მისული სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, ვლადიმირ პუტინმა თავისი პოლიტიკური მემკვიდრე არ დატოვა. თავის დროზე, ერთ-ერთ ასეთ კანდიდატად მიიჩნეოდა პუტინის თანამებრძოლი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც რუსეთში მაღალ ტექნოლოგიებზე გათვლილი პროექტები წამოიწყო. მაგრამ მოგვიანებით ის კორუფციულ სკანდალებში გაეხვა, რის გამო მისი ავტორიტეტი და რეიტინგი ძალიან დაეცა. ამას დაერთო მედვედევის რამდენიმე განცხადება, რომლებმაც მისი, როგორც მაღალი დონის დიპლომატისა და პოლიტიკოს რეპუტაცია ეჭვის ქვეშ დააყენა. მხედველობაში მაქვს მასწავლებლებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მედვედევის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ „სახელმწოფოს მასწავლებლებისთვის ფული არა აქვს, მაგრამ მათ ამას უნდა გაუძლონ“… ასეთმა „გენიალურმა შეთავაზებამ“ მის შემდგომ პოლიტიკურ კარიერას, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა.
არსებობს მოსაზრება, რომ პუტინს არ უნდა გაემეორებინა ბრეჟნევის, ანდროპოვის, ჩერნენკოს და სხვა საბჭოთა ლიდერების შეცდომები, რომლებმაც ხელისუფლებიდან წასვლის დრო ვერ განსაზღვრეს და ხანდაზმულობის გამო, თავის მოვალეობებს ვეღარ ასრულებდნენ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ პუტინი ყოფილ საბჭოთა ლიდერებზე უფრო ჭკვიანია, ფუნდამენტურ შეცდომას არ დაუშვებს და 2016 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენას (ამ დროისთვის ის უკვე 84 წლის იქნება!) არ მოისურვებს.
– მაშინ რატომ თქვა მან უარი, რომ სხვა სავარძელში გადამჯდარიყო, იქიდან ემართა ქვეყანა და ამით უფრო „დემოკრატიული მმართველის“ მანტია მოერგო?
– ვლადიმირ პუტინმა თავის მმართველობის სტილად უკვე დიდი ხანია გამოაცხადა ე.წ. „სუვერენული დემოკრატია“. ეს მოხდა 2007 წელს, როდესაც მიუნხენში გამოსვლისას, მან ღიად განაცხადა: „ჩვენ, რუსები, ვართ თვითმყოფადი ერი და არ გვაღელვებს, სხვები რას ფიქრობენ ჩვენზე“. ამიტომ, დღეს მას ნამდვილად არ აინტერესებს, რას იტყვიან მასზე ამერიკასა თუ ევროპაში და ნურსულტან ნაზარბაევისგან განსხვავებით, დემოკრატიულობის თამაში არ სჭირდება.
ეს არ არის მხოლოდ ვლადიმირ პუტინის შეხედულება. ასე ფიქრობს თითქმის მთელი რუსული პოლიტიკური ელიტა.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, თუ რა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან დიმიტრი მედვედევმა, რომ პუტინის პოლიტიკური მემკვიდრე გამხდარიყო. მითუმეტეს, დასავლეთსაც მოსწონდა ეს პერსონა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მედვედევის რეიტინგი ძალიან დაეცა, პუტინის ახალი მემკვდრის რეალური კანდიდატურა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.
ამ კუთხით, თითქოს, საუბარი იყო ანატოლი ჩუბაისზე, მაგრამ ვისაც კარგად XX საუკუნის 90-იანი წლები, ადვილად მიხვდება, რომ მისი კანდიდატურა ქვეყნის შიგნით მოწონებას ვერ დაიმსახურებდა – ჩუბაისის სახელი ფიგურირებს ძალიან ბევრ საეჭვო საქმეში, რომლებმაც, თავის დროზე, რუსეთის ეკონომიკური დეფოლტი განაპირობეს.
საუბარი იყო რამდენიმე სხვა ფიგურაზეც, რომელთა შორის შეიძლება სერგეი ივანოვისა და სერგეი შოიგუს გამოყოფა. თუმცა, ისინი ისეთ ნომინალურ თანამდებობეზე გადაიყვანეს, რომ ნათელი გახდა – პუტინის პოლიტიკურ მემკვიდრეებად აღარ განიხილებოდნენ.
პუტინი მხოლოდ ისეთ ადამიანს გადასცემს ძალაუფლებას, ვინც მთლიანად გაიზიარებს მისი და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ელიტის პოსტულატებს და, ამავე დროს, საზოგადოებისთვის ახალი სახე იქნება. საკონსიტუციო ცვლილებების პროცესის დაწყების წინ კი, ნათელი გახდა, რომ პუტინისთვის მისაღები და სანდო კანდიდატურა ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობდა.
ამ კონტექსტში, დასავლეთში, ბოლო პერიოდში, ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, დიმიტრი მედვედევის ნაცვლად, მიხაილ მიშუსტინის დანიშვნას. ბევრი მიიჩნევს, რომ რუსეთში დღეს არსებულ პოლიტიკური სისტემაში მიშუსტინი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ფიგურაა…
– თუმცა, მის წინააღმდეგ უკვე აგორდა სკანადალი, რომ მან ელიტარული აგარაკის შესახებ ინფორმაცია დამალა…
– საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მიშუსტინი არის ნაკლებად კორუმპირებული, რადგან არსებული სისტემის პირობებში, მთლიანად „სუფთა“ ვერავინ იქნება.
– საკონსტიტუციო ცვლილებების მიზეზად სხვადასხვა ფაქტორი სახელდება. თუმცა, პოლიტოლოგებისა და ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდებაზე იმაზე, რომ ეს ცვლილებები რუსეთის მმართველად სიცოცხლის ბოლომდე ვლადიმირ პუტინის დარჩენას ემსახურება.
„ცვლილებები კოსმეტიკურია. ბორდელში ავეჯის გამოცვლა არაფერს შეცვლის“ – აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი, ლეონიდ ვოლკოვი. ეთანხმებით ასეთ შეფასებებს?
– ამ შემთხვევაში, გავიმეორებ ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის გამონათქვამს, რომ „პუტინი და მისი გარემოცვა ბრიყვები არ არიან“.
რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვაში არიან არა მხოლოდ უშიშროების სამსახურების წარმომადგენლები, არამედ საკმაოდ ლიბერალური შეხედულების მქონე პირებიც. ამიტომ, ჩემი აზრით, რადგან ბოლოს მაინც ისე გადაწყდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ვლადიმირ პუტინი უნდა დარჩენილიყო, ამ გადაწყვეტილების უკან, როგორც ჩანს, რაღაც ფუნდამენტური ფაქტორი იდგა.
არ ვიზიარებ მოსაზრებას, თითქოს, ხელისუფლებაში დარჩენა პუტინის თვითმიზანია. ეს ვითარების ძალიან მარტივი ახსნაა. ჩემი ვარაუდი იმისკენ იხრება, რომ არსებობს სერიოზული შიდა დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება რუსეთი გახლიჩოს. მითუმეტეს, ბევრი ვარაუდობს, რომ პუტინის მმართველობის დასრულების შემდეგ, სეპარატიზმის საკითხმა, შესაძლოა, კვლავ წინა პლანზე წამოიწიოს – ბაშკორტოსტანსა და თათარსტანში ამისკენ მიმართული პროცესები ჯერ არ დასრულებულა.
ამ თვალსაზრისით, ალბათ, საინტერესო იქნებოდა, გაგვეგო, რა ხდება შიდა სამზარეულოში, როგორ უყურებს ამ საკითხებს გადაწყვეტილებების მიმღები ელიტა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი საკმაოდ დახურული „ინსტიტუტია“ და იქიდან ინფორმაცია მხოლოდ მაშინ „ჟონავს“, როდესავ ვითარება დაძაბულია ან პროცესები დასრულებულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ – მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რატომ გადაწყვიტა პუტინმა პრეზიდენტის პოსტზე დარჩენა.
– ალბათ საინტერესოა ისიც, რომ მთავრობის გადადგომის და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის უმაღლეს ეშელონებში გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიიღეს. ამბობენ, რომ თავად პრემიერმა მედვედევმაც მომხდარის შესახებ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ შეიტყო. რატომ მოხდა ასე?
– მედვედევთან დაკავშირებით ასეთი ვერსია დასაშვებია, რადგან ის აღარ არის წამყვანი ფიგურა. უკვე დიდი ხანია, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იღებენ. გადაწყვეტილებების მიმღებთა შორის არც სერგეი ლავროვია – საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს დღეს პუტინის ნდობით აღჭურვილი სხვა პირები განსაზღვრავენ. ამდენად, მე სულაც არ გამკვირვებია, რომ დიმიტრი მედვედევი, მისი გადაყენებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, საქმის კურსში წინასწარ არ ჩააყენეს.
რაც შეეხება სერგეი ლავროვს, ბოლო პერიოდში მისი „წონა“ და დიპლომატიური კარიერა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 2014 წლამდე ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საგარეო საქმეთა მინისტრად მიიჩნეოდა, მაგრამ მოგვიანებით ლავროვი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ფაქტობრივად, ჩამოაცილეს. შესაბამისად, მისი „წონა“ და გავლენა შემცირდა, ყირიმის ანექსიის შემდეგ კი ლავროვისა და მისი უწყების ფუნქციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურებმა „შეიწოვეს“.
საერთოდ, ყველა ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორიც არის მთავრობის გადადგომა და საკონსტიტუციო ცვლილებები, ძალიან ვიწრო ჯგუფის შიგნით წყდება და გასაიდუმლოებულია. რამდენადაც დიმიტრი მედვედევი და სერგეი ლავროვი ამ ჯგუფის „წევრები“ უკვე აღარ არიან, სავსებით ბუნებრივია, რომ ისინი დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საქმის კურსში არ იყვნენ.
– პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის დარჩენის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებით, გარკვეულწილად, მაინც შეიცვლება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების შტოებს შორის დღეს არსებული ბალანსი. „რუსეთს ძლიერი საპრეზიდენტო ვერტიკალი სჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა. საპარლამენტო რესპუბლიკა, განვითარების ამ ეტაპზე, რუსეთში დაუშვებელია,“ – ასეთია თავად პუტინის პოზიცია. საბოლოოდ რა სახე შეიძლება მიიღოს მთლიანობაში რუსეთის მმართველობის სისტემამ?
– დავიწყოთ იმით, რომ ბოლო ათი წელია, რუსეთის პარლამენტი თავის მოვალეობას არ და ვერ ასრულებს. ამაში გასაკვირი არაფერია. ამიტომ, ვიზიარებ პუტინის მოსაზრებას, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთში საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა ძალიან საეჭვო და სარისკო გადაწყვეტილება იქნება – ეს მართლაც „საუკეთესო გზაა“ რუსეთის დასაშლელად.
საერთოდ, ძლიერი, ერთპიროვნული ლიდერის ფენომენი რუსეთის ისტორიისთვის უცხო მოვლენა ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში, მოსკოვის დიდი მთავარი ვასილ III ამბობდა, რომ ძლიერი ლიდერი (მეფე) რუსეთის იმპერიის არსებობის წინაპირობაა. ასეთი მიდგომა რუსეთის დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავ აქტუალურია.
მართებულად მიმაჩნია, რომ ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსაც ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი, ძლიერი პრეზიდენტი უნდა მართავდეს. არ გამიკვირდება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, 2024 წლიდან, მისი როლი კიდევ უფრო გაძლიერდება, რათა არ მოხდეს ქვეყნის პოლიტიკური დაღმასვლა. ამაში კატასტროფული არაფერია. კატასტროფა ის არის, რომ პარლამენტი თავის სიმაღლეზე ვერ დგას.
რუსეთისთვის უფრო დიდ თავსატეხს წარმოდგენს ის, პოლიტიკიდან ადრე თუ გვიან წასვლის შემდეგ, რა მემკვიდრეობას დატოვებს ვლადიმირ პუტინი. 84 წლის ასაკამდე მან, შესაძლოა, ვერ იცოცხლოს და შესაბამისად, – 2036 წლამდე ვერ მართოს ქვეყანა. რუსეთში ამაზე დღესვე უნდა იფიქრონ.
რაც შეეხება იმას, საკონსტიტუციო ცვლილებებით სახელისუფლებო შტოებს შორის როგორი ბალანსი ჩამოყალიბდება, ამაზე ახლა საუბარი ძალიან ძნელია. მხოლოდ ერთი რამ არის ცხადი – პრეზიდენტის ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერების ხარჯზე, პარლამენტის უფლებამოსილება კიდევ უფრო შემცირდება.
– ლამის მთელი ძალაუფლება დღეს ისედაც პრეზიდენტის ხელშია მოქცეული. საკანონმდებლო ხელისუფლების კიდევ უფრო დასუსტება და დამატებითი უფლებამოსილებებით პრეზიდენტის აღჭურვა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმი რუსეთში დე-იურედ კანონდება?
– მეტ-ნაკლებად მყარი ავტორიტარული რეჟიმი რუსეთში დღეს ისედაც არსებობს – მედიის აბსულუტური უმრავლესობა, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდენლო ხელისუფლება პრეზიდენტისა და მისი გუნდის კონტროლის ქვეშ არის. ერთადერთი, რაც ამის იქით შეიძლება იყოს, ეს არის „მსუბუქი“ დიქტატურის, ანუ ხისტი ავტორიტარიზმის დამყარება.
თუმცა, ამაში მე ეჭვი მეპარება და შევეცდები ავხსნა, რატომ.
პუტინი ძირთადად იმ თაობას ეყრდნობა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვიდა ცხოვრების ასპარეზზე. ამ ადამიანებში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ძლიერი პიროვნების, ძლიერი პრეზიდენტის საჭიროება, მისი აუცილებლობა. ამასთან, რუსეთში წამოვიდა ახლი თაობა, რომელსაც, რატომღაც, „პუტინის თაობად“ მოიხსენიებენ. რამდენად სწორედ არის ეს სახელი შერჩეული, სხვა საკითხია, რადგან ამ თაობას ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ცხოვრების არანაირი სურვილი არ გააჩნია. მე მისგან რაღაც რევოლუციურ სულისკვეთებას არ ველოდები, მაგრამ შეუძლია, ხელისუფლებას გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიოს. ისეთი ადამიანები, ვინც ღიად უპირისპირდებიან პუტინს, ამ თაობაში უკვე მრავლად გამოჩნდნენ. ისინი მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტს, არ გაიმეოროს იგივე შეცდომები, რომელიც, თავის დროზე, საბჭოთა ლიდერებმა დაუშვეს – არ შეზღუდოს მედიის თავისუფლება, არ გაატაროს რეპრესიები და ა.შ.
თუმცა, მათ შემთხვევაში, ქვეყნის სრული დემოკრატიზაციის მოთხოვნამდე საქმე მაინც არ მიდის.
– პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკური ოპოზიცია რუსეთში ძალიან სუსტია. მეტიც: შეიძლება ითქვას, რომ ის, პრაქტიკულად, არ არსებობს. თავისი მმართველობის ბოლომდე პუტინი ასეთ კომფორტულ მდგომარეობაში დარჩება?
– არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პუტინმა რუსეთში ყველაფერი გაანადგურა. ჩემს ზოგიერთ უცხოელ კოლეგას დავესესხები და ვიტყვი, რომ რუსეთის პრობლემა, ალბათ, უფრო იმაშია, რომ ამ ქვეყნის ლიბერალურ ძალებს თავისი საზოგადოებისთვის ახალი არაფერი აქვთ შესათავაზებელი. ამ კუთხით, მაშინაც კი მძიმე მდგომარეობა არსებობდა, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო და სერიოზული პოლიტიკური ბერკეტები ჯერ არ გააჩნდა.
XX საუკუნის ბოლოსა და XXI-ის დასაწყისში, რუსეთის საზოგადოებაში სრული გაურკვევლობა და დაბნეულობა სუფევდა – მაღალმა იდეალებმა, რომლებიც ამ საზოგადოებას გააჩნდა, სრული ფიასკო განიცადეს. რატომ მოხდა ასე, მოდით, ეს საკითხი გვერდზე გადავდოთ. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა – იმ პერიოდის ეკონომიკური რეფორმა (მათ შორის, პრივატიზაცია) კრახით დასრულდა. პუტინის ხელისუფლებაში მოყვანა სწორედ ამ იმედგაცრუებაზე რეაქციას და რეაგირებას წარმოადგენდა. ჰოდა, როდესაც დღეს იგივე ადამიანები (მაგალითად, გრიგორი იავლინსკი), ვინც თავის დროზე რეფორმა ჩააგდო, მოსახლეობას ჰპირდება, ხელისუფლებაში დავბრუნდებით და ყველაფერს აგიშენებთო, ლოგიკურია, რომ ხალხს მათი არ სჯერა.
ამ თვალსაზრისით, ალექსეი ნავალნი ერთგვარ გამონაკლის წარმოადგენს. თუმცა, თავის დროზე, ის ნაციონალისტი იყო და ბევრი დღეს მას სწორედ ამას უხსენებს. თუ ალექსეი ნავალნის კარიერას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ის ამერიკასა და ევროპაში ერთხელაც არ ჩასულა და დახმარება არ უთხოვია.
ნავალნის ესმის, რომ მის მხარდამჭერ ე.წ. „პუტინის თაობას“ არ მოსწონს იავლინსკის ყაიდის პოლიტიკოსები, „ლიბერალური სამოთხის“ აშენების დაპირებები… ამ თაობისთვის არც დახმარების სათხოვნელად ამერიკასა და ევროპაში სირბილია პოპულარული. პირიქით: „პუტინის თაობას“ უნდა, რომ პრობლმები შიდა რესურსებით დაძლიონ და ეკონომიკურ კეთილდღეობას საკუთარი ძალებით მიაღწიონ. ამ თაობას უნდა მეტი დემოკრატია, დასავლეთთან კავშირები, მაგრამ არა ისეთი პოლიტიკის გატარება, როგორიც ბორის ელცინის დროს იყო.
– ანუ, ე. წ. „პუტინის თაობა“ დგას სადღაც შუაში, რეალურ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის?
– მას უნდა მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფო ძველებურად ძლიერია, მას მართავს ძლიერი ლიდერი, პარლამენტს გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და ქვეყანაში ადამიანის უფლებები არის დაცული. ამ თაობში სამართლიანობის ლოზუნგი ძალიან ანგარიშგასაწევია, ეს თაობა დღემდე სამართლიანობის პრინციპის ძიებაშია.
– თუ ამ ე.წ. „პუტინის თაობის“ იდეები ხორცს შეისხამს, ხომ არ მოხდება ის, რასაც პუტინი გაურბის – ბაშკორტოსტანში, თათარსტანში, ჩეჩნეთსა და სხვა ავტონომიურ ერთეულებში, თვითგამორკვევის ლოზუნგით, განახლდება მოძრაობა რუსეთისგან გამოყოფის მოთხოვნით, რაც თავისთავად, საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას??
– ჭკვიანური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რუსეთს ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლია. გავიხსენოთ კატალონიის მაგალითი. ესპანეთის ხელისუფლებამ იქ ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა, დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკური ლიდერები დააპატიმრა და ამით დაძაბულობა განმუხტა. რუსეთის ხელისუფლებასაც აქვს იმის ბერკეტები, რომ ქვეყნის დაშლა არ დაუშვას.
დავხედოთ რუსეთის რუკას – ბაშკორტოსტანსა და თათარსტანს არსად წასასვლელი არა აქვთ, ისინი ანკლავებს წარმოადგენენ. მათი არჩევანია: ან ცენტრალური აზია, ან – ჩინეთი, ან – რუსეთი. სხვათა შორის, ასეთი დილემის წინაშე დგას ყაზახეთიც. ბევრს უკვირს, რატომ არის ყაზახეთი რუსეთთან. იმიტომ, რომ როდესაც ასარჩევია ჩინეთი ან რუსეთი, ის ყოველთვის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.
ვინ შეიძლება კიდევ წავიდეს რუსეთისგან? ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასია. მაგრამ სად წავა ეს რეგიონი? მას მხოლოდ სამხრეთ კავკასია ესაზღვრება, რომელთან ურთიერთობებიც ბოლომდე დალაგებული არ არის.
ამიტომ, რუსეთს შეუძლია თავისი ეს უპირატესობები კარგად გამოიყენოს – რეგიონების „ამბოხების“ შემთხვევაში, მათი ქმედებები ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს, ან ისინი დააყენოს არჩევანის წინაშე: ჩვენთან ერთად ევროპისკენ ან… სხვა არაფერი.
სხვათა შორის, როდესაც ყაზახეთი ლათინურ ანბანზე გადავიდა, ზოგიერთმა ეს აღითქვა, როგორც რუსეთისგან დისტანცირება. მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. ყაზახებს უნდათ, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გახდნენ და ამის გაკეთებას რუსეთზე „გავლით“ აპირებენ. მათ სხვა გამოსავალი, თუნდაც გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე, უბრალოდ, არა აქვთ. ამიტომ, ყაზახეთის პოლიტიკა ემყარება პოსტულატს: „ჩვენ რუსეთთან ვმეგობრობთ და მათი დახმარებით, მივდივართ ცივილიზებული სამყაროსკენ“.
ასეთივე გარდაუვალობის წინაშე დგანან ზემოთ ნახსენები რუსეთის რეგიონებიც. ამიტომ, მიმაჩნია, რომ რუსეთს, დემოკრატიზაციის შემთხვევაში, დაშლის საფრთხე მაინც ნაკლებად ემუქრება.
– როდესაც საუბრობენ პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომ ის 2024 წლის შემდეგაც დარჩება რუსეთის პრეზიდენტად, დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „უნიჭოდ დადგმული თეატრალური სპექტაკლი“, – ასეთია რუსეთში განვითარებული მოვლენების მიმართ მათი ზოგადი შეფასება. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რა სტატუსით დარჩება პუტინი ხელისუფლების სათავეში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა იცვლება რუსეთში და აქედან გამომდინარე, – რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში?
ნებისმიერი ფორმით რუსეთის ხელისუფლების სათავეში პუტინის ყოფნა დასავლეთისთვის მიუღებელია. დასავლეთში ლოცულობენ, რომ რუსეთის ლიდერად ბორის ელცინის ან მიხაილ გორბაჩოვის ყაიდის პოლიტიკოსები მოვიდნენ, რადგან ამ ორი რუსი ლიდერის მმართველობის ეპოქა, კრემლთან ურთიერთობის თვალსაზრისით, დასავლეთისთვის საუკეთესო პერიოდი იყო – მაშინ რუსეთი გლობალურ ძალას არ წარმოადგენდა და დასავლეთი ყველა საკითხში დომინირებდა.
ასეთი დამოკიდებულება რუსებს ძალიან აღიზიანებთ. კერძოდ, დასავლეთის სინანული იმაზე, თუ როგორი კარგი იყო გასული საუკუნის 90-იანი წლები, მოსკოვთან ურთიერთობების კუთხით. აღიზიანებთ იმიტომ, რომ ეს პერიოდი თავად რუსეთისთვის იყო ძალიან ცუდი.
შეფასებებში ასეთი ძირეული განსხვავებების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, პუტინის მიმართ ანტიპათიის მიუხედავად, კიდევ უფრო მეტად რატომ აღიზიანებთ რუსებს დასავლური მიდგომები პოლიტიკადან რაც შეიძლება მალე პუტინის წასვლის მიზანშეწონილობის შესახებ…
ვლადიმირ პუტინი უნიჭო რომ ყოფილიყო, ნამდვილად ვერ შესძლებდა იმას, რასაც 18-წლიანი მმართველობის პერიოდში მიაღწია. ამიტომ, მგონია, რომ შეფასება „უნიჭოდ დადგმული თეატრალური სპექტაკლის“ შესახებ უფრო ემოციური ხასიათისაა, ვიდრე რეალობას დაფუძნებული.
რაც შეეხება დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს, ამ საკითხს რამდენიმე ნაწილად გავყოფდი. სხვა შინაარსი აქვს აშშ-რუსეთის ურთიერთობებს და სულ სხვა ევროპა-რუსეთის ურთიერთობებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შეიძლება კიდევ უფრო დავაცალკევოთ აღმოსავლეთ ევროპა-რუსეთისა და დასავლეთ ევროპა-რუსეთის ურთიერთობები. ამ სამი პოლუსიდან (აშშ, აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ ევროპა) კრემლთან დამოკიდებულების საკითხს განსხვავებულად უყურებენ.
არ უნდა ველოდოთ იმას, რომ მომავალში აშშ-რუსეთის ურთიერთობები დალაგდება და გამოსწორდება, რადგან, ამ ორი ქვეყნის პოზიციებში ფუნდამენტური განსხვავებებია. ამიტომ, პუტინის ნაცვლად, რუსეთის სათავეში სხვა პოლიტიკოსიც რომ მოვიდეს, ამით აშშ-რუსეთის ურთიერთობებში არსებითი ცვლილებები მაინც არ მოხდება.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად არის მზად რუსეთი, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არაფერს ვამბობთ იმაზე, მოსკოვთან თანამშრომლობისთვის რამდენად არის მზად აშშ-ის პოლიტიკური ელიტა. ვაშინგტონსაც ხომ თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს? ბარაკ ობამას ცნობილი გამონათქვამია: „განა, შეუძლია მსოფლიოს რაიმე შესთავაზოს რუსეთმა, რომელიც მეორეხარისხოვან ძალას წარმოადგენს?“. ობამას ეს გამონათქვამი კარგად ასახავს ამერიკული ელიტების აზროვნებას და განწყობას. ასეთი ლოგიკა პოლიტიკურ მეცნიერებათა თეორიებში თითქმის არ ჯდება. ზოგჯერ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკული ელიტა რუსეთს არანაირ პოლიტიკურ უფლებას არ აძლევს და მას მეორე-მესამეხარისხოვან ძალად მიიჩნევს, რომელმაც არაფერი არ უნდა აკეთოს…
– მაგრამ რა ვუყოთ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების მიმართ ატარებს და რომელიც ყირიმის ანექსიაში, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაში გამოიხატება?
– რუსეთის ასეთი აგრესიული პოლიტიკა სწორედ ზემოთ ნახსენები დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. ჟურნალის – „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ – მთავარი რედაქტორი ფიოდორ ლუკიანოვი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა ჯერ არ დასრულებულა. არადა, ბელოვეჟში ხელმოწერილი დოკუმენტის შემდეგ, ამერიკამ და დასავლეთმა ჩათვალა, რომ რადგან საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მათ საბოლოოდ გაიმარჯვეს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მხოლოდ მითია და ამიტომ, რუსეთის სათავეში პუტინის მოსვლის შემდეგ, „საბჭოთა კავშირის ახალი ნგრევა“ დაიწყო.
იმ ერებისთვის, ვინც ბელოვეჟის შეთანხმების შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მოვლენების ასეთი განვითარება, ცხადია, მისაღები და სასარგებლო იყო, ისევე როგორც აშშ-სა და ევროპისთვის. მაგრამ რა მოიგო ამით რუსეთმა? ცხადია, არაფერი. მეტიც: ის უზარმაზარ ზარალში აღმოჩნდა. ამიტომ, მოგვიანებით, როდესაც რუსეთმა ძალები მოიკრიბა, ბუნებრივია, რომ მან თავისი პირობები წამოაყენა. უმთავრესი პირობა არის დასავლეთის მიერ იმის აღიარება, რომ რუსეთს აქვს თავისი საგარეო ინტერესები და ვინც ამ ინტერესებს დაარღვევს, დაისჯება. სხვათა შორის, ამ პირობის მართებულობაზე რუსეთში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა უპირობოდ თანხმდება, იმის მიუხედავად, ეს ძალა პუტინის მომხრეა თუ მოწინააღმდეგე.
დღეს სწორედ ამ პირობის შესრულება-არშესრულებაში, აღიარება-არაღიარებაში გამოიხატება ერთი მხრივ, რუსეთსა და მეორე მხრივ, აშშ-ევროპას შორის წინააღმდეგობის მთავარი არსი.
რუსეთთან დაპირისპირებულ მხარეებს შორის რატომ გამოვყავი ცალკე აშშ და ცალკე – დასავლეთ და აღმოსავლეთი ევროპა? იმიტომ, რომ დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში, მოსკოვის ეს სიგნალი მკაფიოდ ესმით. ესმით, მაგალითად, ის, რომ ყირიმის ანექსიის საკითხი, რომელიც დღეს გეოპოლიტიკურ-გეოსტრატეგიული დაპირისპირების საგანია, მხოლოდ პუტინის ახირება არ არის და ყირიმის თემა ჯერ კიდევ ბელოვეჟის შეთანხმების პროცესში განიხილებოდა. როგორც უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა იხსენებს, მოლაპარაკებების პროცესში იგი მოელოდა, რომ ბორის ელცინი ყირიმის დაბრუნებას მოითხოვდა, მაგრამ მაშინ ეს არ მოხდა…
მომავალში რუსეთი დემოკრატიული განვითარების გზითაც რომ წავიდეს, დასავლეთთან მისი დაპირისპირება მაინც იარსებებს. მოსკოვი დასავლეთისგან კვლავ მოითხოვს მისი ინტერესების გათვალისწინებას. სხვა საქმეა, ვინ იქნება დათმობებზე წანსვლელი და ვინ – არა. რუსეთში მიაჩნიათ, რომ მათ უკვე ისედაც ბევრი დათმეს და ახალ დათმობებზე აღარ წავლენ.
– ალბათ, ჯერ ადრეა ამაზე მსჯელობა, მაგრამ მაინც გკითხავთ: რუსეთში განხორციელებული ცვლილებები მომავალში რა ფორმით შეიძლება აისახოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე?
– თუ საკითხს პესიმისტის პოზიციიდან შევხედავთ, უკეთესის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
თავის პარტნიორებთან ამერიკის შეერთებული შტატების მიდგომა გამოიხატება იმაში, რომ ვაშინგტონი ძალიან დიდ თანხას ხარჯავს ე.წ. „რბილ ძალაში“ – სხვა ქვეყნებში განათლების დონის ამაღლებაში, კულტურული ღირებულებების გავრცელებაში და ა.შ. ამით აშშ ცდილობს, რაც შეიძლება მეტი უცხოელი მოაქციოს თავისი კულტურის „ზეგავლენის“ ქვეშ. ამ ფონზე, ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ არ აკეთებს იგივეს რუსეთი, რომელიც თვითონაც საკმაოდ დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა?
ამ კითხვაზე ჩემი რუსი რესპონდენტები თითქმის ერთხმად მპასუხობენ, რომ მოსკოვისთვის უფრო იაფია და ამიტომ, ურჩევნია დაამზადოს ტანკი, ვიდრე ეს ფული სხვა მიზნით დახარჯოს. ასეთი აზროვნება გულისხმობს იმას, რომ ბევრად უფრო ადვილია მეზობელთან საქმე ჯოხით მოაგვარო, ვიდრე მას შესთავაზო სტაფილო, რომლის მოყვანაში ფული გაქვს დახარჯული…
ამიტომ, თუ არ შეიცვალა ის ელიტა, რომელიც რუსეთში აზროვნების შაბლონებს ქმნის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
ამ ურთიერთობებში არსებითი ცვლილებები მოსალოდნელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვითარება მსოფლიოში გლობალურად არ შეიცვლება. და თუ ეს მოხდება, უკეთესის იმედი მაშინ ნამდვილად უნდა გვქონდეს.
მითუმეტეს, რუსეთში ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც მიაჩნიათ: „კი ბატონო, დასავლეთს შეიძლება დავუპირისპირდეთ, მაგრამ საქართველო ჩვენი მეგობარი ერია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პოლიტიკით ჩვენ არაფერი სარგებელი არა გვაქვს, ამიტომ, შესაძლებელია, მას ეს ტერიტორიები ნელ-ნელა, წყნარად და მშვიდად დავუბრუნოთ იმ პირობით, რომ თბილისი ჩვენს საზიანო ნაბიჯებს არ გადადგამს“. ამგვარი განწყობა, თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ადამიანებშიც კი არსებობს, ვინც „ველიკოდერჟავული“ იდეების მატარებლად ითვლება.
ასეთი მიდგომა, განსაკუთრებით, ყოფილ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ახალი არ არის, ის ადრეც არსებობდა. კოკოითის ე.წ. პრეზიდენტობის დროს, კონსენსუსთან, თითქოს, ახლოს ვიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა. თუ რატომ, ეს უკვე ცალკე მსჯელობის თემაა.
ესაუბრა გიორგი ასანიშვილი