საუდის არაბეთი და ვაჰაბიტური ტერორიზმი

საუდის არაბეთი მსოფლიო მასშტაბით ისლამისტური ტერორიზმის, კერძოდ კი, სალაფიტური ჯიჰადის ერთ-ერთი წამყვანი სპონსორია, რომელიც მთელ რიგ ტერორისტულ ორგანიზაციებს: ალ ყაედა, თალიბანი, დაეში, ბოკო ჰარამი და ლაშქარ ე თაიბას აფინანსებს და იდეოლოგიურ ბაზისს უქმნის. ეს დაჯგუფებები არიან პასუხისმგებლები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა მასშტაბების ტერორისტულ აქტებზე, მათ შორის 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში განხორციელებულ თავდასხმაზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ტერორიზმის აღქმა საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ლიდერი სახელმწიფოებისთვის იგი თანამედროვების წამყვან გამოწვევად აქცია.

ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლებიდან საუდის არაბეთი ყველაზე მეტ თანხა გასცემს ჯიჰადიზმის გავრცელებაში. არაოფიციალური ცნობებით, ამ მიმართულებით ქვეყანა ყოველწლიურად 3-4 მილიარდ დოლარს ხარჯავს. 1973-2002 წლებში, საუდის არაბეთმა მსოფლიო მასშტაბით მეჩეთების, ისლამური სკოლების, ცენტრების და კოლეჯების გახსნაში დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დახარჯა, რომელთა მთავარი მიზანი ისლამურ სამყაროში ვაჰაბიტური სწავლების გავრცელებაა. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ არამუსლიმურ ქვეყნებში საუდის არაბეთმა 1400-მდე მეჩეთი, 210 მუსლიმური ცენტრი, 202 კოლეჯი და 200 სკოლა გახსნა. ამ ქვეყნების ჩამონათვალში შედის აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ესპანეთი და შვეიცარია. ეს ორგანიზაციები პირდაპირი ძალადობის ნაცვლად რელიგიურ ინდოქტრინაციას ეწევიან. მათ პროპაგანდაში შედის ებრაელების დემონიზაცია, შიიტების ღალატის ხაზგასმა, სხვადასხვა ისლამური სექტების ჰერესად შერაცხვა და ა.შ. ასევე ისინი ისლამური მიწების ოკუპანტებზე – ისრაელი პალესტინაში, ინდოეთი ქაშმირში, დასავლეთი ერაყში – ძალადობის ლეგიტიმაციასაც ახდენენ. პოლიტიკის თეოლოგიური საფუძვლებით გამყარება საუდის არაბეთს ეხმარება იოლად მიიზიდოს მუსლიმი მორწმუნეების და მოახდინოს მათი დაჯგუფებებში რეკრუტირება.

ზუსტი სურათის დახატვა თუ ვინ და რამდენს იღებს ვაჰაბიტური ტერორიზმის დაფინანსებისთვის რთულია, რადგან საუდის არაბეთის მხრიდან ტერორისტული ორგანიზაციების დახმარებას კომპლექსური სახე აქვს. დაფინანსების უმეტესობას არასახელმწიფო აქტორები ახორციელებენ, მაგრამ ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას არ ამცირებს. აღნიშნული აქტორებს მთელი რიგი კონტაქტები გააჩნიათ მმართველ რეჟმთან. ზოგიერთ მათგანს ვაჰაბიტური რეჟიმი აქტიურ პატრონაჟს უწევს, ზოგი კი დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც საკუთარ ქმედებებს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მორწმუნეთა დაცვის პოლიტიკით ამართლებს. სამეფო სახლში შემავალი ათასობით პრინცი, რომლებიც ინდივიდუალურად არიან ჩართულების ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერით ასევე არ წარმოადგენენ ოფიციალურ სახელმწიფო წარმომადგენელებს.

მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთის უმაღლესმა მუფთმა დაეში დაგმო და განაცხადა, რომ ექსტრემიზმს, რადიკალიზმსა და ძალადობას საერთო არ აქვს ისლამთან, ქვეყნის მმართველი ელიტა ვაჰაბიზმის დაფინანსებას მაინც აგრძელებს. მათთვის მისაღებია ვაჰაბიზმის ისლამური პრაქტიკა და განსაკუთრებით, ანტიშიიტური მიმართულება, რომელიც ქვეყნის ლიდერებს ირანთან დაპირისპირების პოლიტიკისთვის ესაჭიროებათ.

აშშ-ის წინა ადმინისტრაცია საუდის არაბეთის მიერ ტერორისტული ჯგუფების დაფინანსებას აკრიტიკებდა, მაგრამ მაგრამ რიტორიკას გარკვეული ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. ვიკილიქსზე გამოქვეყნებული დოკუმენტებში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი წერდა: „საუდის არაბეთი მსოფლიო მასშტაბით სუნიტური ტერორისტული ჯგუფების მთავარ დამფინანსებელ წყაროს წარმოადგენს. მეტი უნდა გაკეთდეს, მაშინ როცა საუდის არაბეთი ალ ყაედას, თალიბანის, ლაშქარ ე თაიბას და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ფინანსური დახმარების ბაზად რჩება.“ გასული წლის ბოლოს, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჰარვარდის კენედის მართვის სკოლაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ისინი [საუდის არაბეთი, გაერთიანებული არაბთა ემირატები] ასეულობით მილიონ დოლარს და ათობით ტონა შეიარაღებას აწვდიდნენ ყველას, ვინც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის იყვნენ ალ ნუსრას ფრონტი, იგივე ალ ყაედა და სხვა ექსტრემისტული, ჯიჰადისტური დაჯგუფებები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩადიოდნენ სირიაში საბრძოლველად.“

საუდის არაბეთის კრიტიკა აშშ-ის ინტერესებს რეგიონში აზიანებს და შესაბამისად, ეს მის პოლიტიკაში არ შედის. ამას გარდა, აშშ-ის არაბულ ქვეყანაზე წნეხი განმახორციელებელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არ გააჩნია. ობამას ადმინსტრაციის მიერ გახშირებული კრიტიკის ფონზე საუდის არაბეთი მის ექსტრემისტულ პოლიტიკას უფრო აძლიერებდა. საუდის არაბეთმა დააფინანსა ეგვიპტის 2013 წლის სამხედრო გადატრიალებაც, რადგან იგი აშშ-ის მიერ ჰოსნი მუბარაქის 2011 წლის ჩამოგდების მხარდაჭერამ გაანაწყენა. მიუხედავად, ობამას ადმინისტრაციის მიერ საუდის არაბეთისთვის ასეულობით მიყიდული შეიარაღებისა ერ რიადში აშშ-ის მმართველობა მაინც მტრულად განწყობილ ძალად აღიქმებოდა.

 

ვაჰაბიზმის გენეზისი

ვაჰაბიზმი საფუძველს მე-18 საუკუნეში იღებს, როდესაც მუჰამედ იბნ აბდ ალ-ვაჰაბმა მისი სწავლება დააარსა. მან ისლამში მხოლოდ ღმერთის აბსოლუტური სუვერენულობა აღიარა და უარყო მუჰამედის ღმერთის მოციქულობა. მისი სწავლების მიხედვით მორწმუნეებს აეკრძალა წმინდა საფლავების მონახულება და მათ მათი აკლდამების განადგურებისკენ მოუწოდებდა. ალ-ვაჰაბის სწავლებაზე გავლენა ჰქონდა მე-13 საუკუნის თეოლოგის იბნ-თაიმიას იდეებს, რომელიც სახელმწიფოს რელიგიის გავრცელების დამხმარედ აღიქვამდა და კლასიკურ თეოლოგიურ სწავლებას უარყოფდა.

ვაჰაბიზმი მორწმუნეებს ავალდებულებს საჯარო ლოცვებს დაესწრნონ, მამაკაცებს წვერის გაპარსვას  და თამბაქოს მოწევას უკრძალავს. ვაჰაბიტური მეჩეთები უბრალო და არამდიდრულია.

მე-18 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ვაჰაბიზმი არაბეთის ნახევარკუნძულზე დომინანტური მიმდევრობა იყო. ამას მაშინდელი მონარქის ალ-საუდის მიერ სწავლების მიმართ სიმპათია იწვევდა. 1815 წელს, ოტომანებმა ეგვიპტის მმართველი მუჰამედ ალი ფაშა ვაჰაბიტების გასანადგურებლად გააგზავნეს. მაგრამ ვაჰაბიზმი პოლიტიკური ძალა პირველი მსოფლიო ომის დროს კვლავ გახდა, როდესაც საუდი მეთაურმა აბდ ალ-აზიზმა ბედუინებისგან საბრძოლო დანაყოფი ‘იხვანი’ (საძმო) ჩამოაყალიბა. იხვანის ქმედებები ძალიან წააგავს დაეშისას, რადგან ისინი სასტიკნი და დაუნდობელნი იყვნენ ბრძოლისას. საბრძოლო დანაყოფი უმოწყალოდ ჟლეტდა სოფლებში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს და ტყვედ ჩავრდნილ მამაკაცებს ყელს ჭრიდა. დაჯგუფება ჯიჰადის საყოველთაობის მიზეზით თავს ესხმოდა ბრიტანეთის პროტექტორატებს რეგიონში: ერაყს, იორდანიასა და კუვეიტს. 1925 წელს, ვაჰაბისტებმა ქალაქი მექა აიღეს, მაგრამ სახელმწიფომ პილიგრიმებს საშუალება დაუტოვა წმინდა ადგილები მოელოცათ და ჰაჯი განეხორციელებინათ. 1930 წელს თავად ალ-აზიზიმ იხვანის მოძრაობა თავად გააუქმა. ვაჰაბიზმა ჯიჰადისტური მიდგომები უკუაგდო და კვლავ ისლამის კონსერვატიულ მიმდევრობად გადაიქცა.

იხვანის ტერიტორიული ექსპანსიის იდეა 1970-იან წლებში იწყებს გაცოცხლებას, როდესაც საუდის არაბეთი რეგიონში მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ინტერესებში მოექცა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა საუდის არაბეთს ეგვიპტის ლიდერის ჯამელ აბდელ ნასერის და რეგიონში საბჭოთა გავლენის წინაამღდეგ საბრძოლველად მხარი დაუჭირა. ამერიკული მხარდაჭერა ირანში 1979 წელს მომხდარი შიიტური რევოლუციის შემდგომ კიდევ უფრო გაძლიერდა.

1973 წელს არაბული ქვეყნების მიერ ისრაელის საბრძოლო ქმედებების საპასუხოდ ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი გაზრდით არაბულმა ქვეყანამ დიდი ფინანსური სარგებელი ნახა. ამან საუდის არაბეთს საშუალება მისცა ისლამის მისეული ფორმა მსოფლიო მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში გაევრცელებინა. კულტურული ექსპანსიის ფარგლებში  საუდის არაბეთმა ბევრ ქვეყანაში – აშშ, დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, პაკისტანი, სირია – სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, ვაჰაბიტური მეჩეთები, მედრესეები დააფუძნა, სადაც ვაჰაბიტების მიერ თარგმნილი ყურანის სწავლება ვაჰაბმა მქადაგებლებმა დაიწყეს. ვაჰაბიზმი ისლამის სხვა სახეებს მკაცრად კრძალავდა და ებრძოდა, რამაც ისლამურ პლურალიზმს საფრთხე შეუქმნა.

ნეო-ვაჰაბიზმის სალაფიას იდეოლოგია, როგორც პრიმიტიული ისლამის სახე პოპულარობას 1980-იან წლებში ღარიბ, უმუშევარ ფენებში და ახალგაზრდებში იძენს. იდეოლოგია სოციალურ სამართლიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებაში ყურანით მიერ გათვალისწინებულ სასჯელების განხორციელებას ითვალისწინებდა. საუდის არაბეთი სატელევიო საშუალებით აქტიურად გადასცემდა სხვა ქვეყნებში (პალესტინა, ლიბანი, ავღანეთი) მუსლიმი მოსახლეობის სიღარიბესა და იმპერიულ რეპრესიას და საუდი მოქალაქეებს მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. ავღანეთში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ხოლო შემდგომ ჩეჩნეთსა და ბოსნიაში საუდის არაბეთის ვაჰაბი მებრძოლები არა დასავლეთის მიმართ ზიზღის გამო იბრძოდნენ, არამედ მათ ღარიბ მუსლიმ მოძმეებს დახმარებოდნენ.

ისლამური სახელმწიფო იხვანის ტიპის რადიკალური ვაჰაბიზმის დაბრუნებაა პრაქტიკაში, რომელიც ოფიციალურ დონეზე საუდის არაბეთის ვაჰაბიტურ სწავლებას ეწინააღმდეგება. რეალურად კი, არაბული ქვეყანა მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს ტერორისტულ ორგანიზაციას. არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს დაახლოებით 2500 საუდი მებრძოლი იბრძვის დაეშის რიგებში. ამას გარდა, ისლამურმა სახელმწიფომ სკოლებში საუდის არაბეთში დაბეჭდილი ვაჰაბიტური ტექსტების ბავშვებისთვის სწავლება დაიწყო.

 

ვაჰაბიზმი ევროპაში

ბოლო ათწლეულში საუდის არაბეთის გავლენა დასაველთზე და საუდების რაოდენობა ევროპაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. საუდის არაბეთი აქტიურად განაგრძობს მეჩეთების მშენებლობას და ვაჰაბიტური ცენტრების დაფინანსებას გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და დიდ  ბრიტანეთში. ვაჰაბიტური არატოლერანტული და ექსტრემისტული სწავლებები დასავლეთ ევროპაში მცხოვრები მუსლიმების მათ საზოგადოებებში ინტერგაციას ხელს უშლის, ზრდის მათში არამორწმუნეთა მიმართ აგრესიას და ბევრ მათგანს სირიასა და ერაყში დაეშის რიგებში გაწევრიანებისკენ უბიძგებს. ამასთანავე, ევროპულ ქვეყნებში იზრდება ვაჰაბიტური სკოლების მიმდევრებიც. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს რიგებში 4000-მდე ევროპელი მუსლიმი ჩაეწერა.

ბოსნია და კოსოვო დაეშისა და ალ ყაედას სირიული ნაწილის ალ-ნუსრას ფორნტის რიგების მთავარი ევროპელი შემავსებლები არიან. ბალკანეთში 90-იან წლებში მიმდინარე ბრძოლებში საუდის არაბეთის დაფინანსებით, ბოსნიელი მუსლიმების გვერდით ისლამისტური მოძრაობები და უცხოელი მოჯაჰედინები სერბებისა და ხორვატების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ომის შმედგომ ბევრმა მათგანმა ბოსნიის მოქალაქეობა მიიღო და ქვეყანაში დარჩა. ისლამისტური მოძრაობები ბოსნიაში კიდევ უფრო ძლიერდებოდა, რასაც ქვეყანაში შექმნილი სიღარიბე და უიმედობა უწყობდა ხელს. ბოსნიის შემთხვევის მსგავისა კოსოვოც. მრავალი უცხოელი მოჯაჰედინი ალბანელი კოსოვარების მხარდამხარ იბრძოდა სერბების წინააღმდეგ. ბოსნიის სახელმწიფო გამოძიებისა და დაცვის სააგენტოს ინფომრაციით, სირიაში ისლამისტურ დაჯგუფებებთან ერთად 200-ზე მეტი ბოსნიელი იბრძვის, ხოლო კოსოვოს მთავრობის თქმით, 300-მდე კოსოვარი. ინფორმაციას ამერიკული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც ადასტურებს.

ადრეულ პერიოდში ევროპელი პოლიტიკოსები საუდის არაბეთის კრიტიკისგან თავს იკავებდნენ, რადგან ქვეყანა მათი სტრატეგიული პატრნიორი და ნავთობმომწოდებელი რჩებოდა. მაგრამ პროტესტი ბოლო წლებში დასაველთ ევროპაში გახშირებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა გააძლიერა. თავდასხმების უმეტესობაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, მაგრამ თავდამსხმელებსა და ტერორისტულ ორგანიზაციას შორის პირდაპირი კავშირები არ დადგენილა. ბელგიისა და გერმანიისკვლევითი ორგანიზაციები და სახელმწიფო სამსახურები სწორედ, საუდის არაბეთის მიერ დაფინანსებულ ვაჰაბიტური ინსტიტუტების მიერ ევროპაში მცხოვრები მუსლიმების რადიკალიზაციას აბრალებს. დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში ბელგია ლიდერია ისლამური სახელმწიფოს მიერ მისი მოქალაქეების რეკრუტირებაში.

ევროპელ პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ისლამისტურ ტერორიზმთან საბრძოლველად დასავლეთმა საუდის არაბეთისგან ნავთობის ყიდვა უნდა შეამციროს. მხოლოდ ალ ყაედასთან, თალიბათან და ისლამურ სახელმწიფოსთან სამხედრო დაპირისპირებით ტერორიზმის საფრთხე არ შემცირდება. საჭიროა ექსტრემიზმის ფესვებთან ბრძოლა, რომლის შედეგია ტერორისტული აქტებიც. ამ ექსტრემიზმის მთავარი დაფინანსების წყარო კი საუდის არაბეთია, მასთან შენარჩუნებული აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კი ტერორიზმის პრობლემას ვერ მოაგვარებს.