რუსულ-ქართული ურთიერთობები და 2011 წლის ხელშეკრულების რეალიზაციის პერსპექტივები: ხედვა სომხეთიდან
ჯონი მელიქიანი

ჯონი მელიქიანი – პოლიტიკური და სამართლებრივი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი (ერევანი, სომხეთი)

 

თანამედროვე ქართულ-რუსული ურთიერთობები უკვე 11 წელია კრიზისსა და ჩიხშია – ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, ხოლო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ცალმხრივად მოქმედებს სავიზო რეჟიმი. ამავდროულად, ორი ქვეყნის ცხადი და სტაბილური ურთიერთობა, მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობის მთელი სირთულისა, რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია და საკვანძოა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებისთვისაც. თუმცა, რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებამ 2000-იანი წლების მეორე ნახევარში ის პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა.

ორმხრივმა მტრულმა რიტორიკამ და რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ (2008 წელს) გაამძაფრა გამოწვევები, რომელიც სომხეთის ხელისუფლებების წინაშე დგას. შედეგად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის და აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრიდან ბლოკადის ფონზე სომხეთს საქართველოს ტერიტორიის გავლით დსთ-ს ქვეყნებთან და უპირველეს ყოვლისა რუსეთთან დასაკავშირებლად სტაბილური სახმელეთო საექსპორტო მარშრუტის ფუნქციონირების მხრივ სირთულეები შეექმნა. პირველი პრობლემები ჯერ კიდევ 2006 წელს გაჩნდა, როდესაც თბილისთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციის მიზეზით, რუსეთმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ დაკეტა, რის შემდეგაც სომხური ტვირთების რუსეთში და სხვა ქვეყნებში შეტანის ერთადერთ მარშრუტად საქართველოს შავი ზღვის პორტ ფოთიდან საბორნე გადაზიდვები იქცა. თუმცა, სამი წლის შემდეგ, 2010 წლის მარტში, შვეიცარიის შუამდგომლობით და ოფიციალური ერევანის აქტიური დიპლომატიური მონაწილეობით, გამშვები პუნქტი „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ მუშაობა კვლავ აღდგა.

.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებლობის წლებში, ოფიციალურმა ერევანმა მოახერხა ორივე ქვეყანასთან (რუსეთის ფედერაციასა და საქართველოსთან) კეთილმეზობლური, პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ოფიციალურ ერევანს არსებული რეალიების ნაწილობრივი შეცვლის შესახებ მოლოდინები საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გაუჩნდა. მაშინ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო დაპირების შესრულების კონტექსტში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ახალი ფორმატის შექმნას დათანხმდა, რომელმაც ჟურნალისტებისგან „კარასინი-აბაშიძეს“ სახელი მიიღო. დღეს, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ორ პარალელურ მოლაპარაკებების ფორმატში მიმდინარეობს: ამიერკავკასიაში უსაფრთხოების შესახებ ჟენევის დისკუსიებსა და „კარასინი-აბაშიძის“ შეხვედრებზე. პირველი, მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში მხარეებმა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწიეს. არც მოსკოვი და არც თბილისი მზად არ არიან განიხილონ და მითუმეტეს დათმობებზე წავიდნენ იმ საკითხებზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება. მეორე, ორმხრივი ფორმატი, წმინდად ეკონომიკური კონტაქტების განვითარებისთვის იქნა ინიცირებული. ამ კონტექსტში აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი პრაგმატული ნაბიჯით მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ თემებს დააშორა. ამან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელი გახადა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაცია, ხოლო რუსული ემბარგოს მოხსნის შემდეგ რუსული ბაზარი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, მინერალური წყლებისა და ღვინისთვის გაიხსნა.

თუ 2012 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეექვსე ადგილს იკავებდა, უკვე 2013 წელს 779 მილიონ დოლარიანი მაჩვენებლით იგი მეოთხე ადგილზე გადავიდა. იმავე წელს, ქართულ პროდუქციაზე სავაჭრო ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ექსპორტი ოთხჯერ, 45 მილიონი დოლარიდან (2012 წელს) 190 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უკვე 2014 წელს (852,6 მილიონ დოლარიანი სავაჭრო ბრუნვით) რუსეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შევიდა და მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს ჩამორჩებოდა, ხოლო 2017-2018 წლებში აზერბაიჯანი უკან ჩამოიტოვა და მეორე ადგილი დაიკავა (სავაჭრო ბრუნვამ 2017 და 2018 წლებში შესაბამისად 1,183 მილიარდი და 1,373 მილიარდი დოლარი შეადგინა). პროცესებს მიღმა არ დარჩა სომხეთიც, რომლის საგარეო ვაჭრობაშიც ტრადიციულად პირველ ადგილს რუსეთი იკავებს. სავაჭრო ტვირთბრუნვა გაიზარდა, მათ შორის 2015 წლის 2 იანვარს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში შესვლის შედეგად. მხოლოდ 2016 წლის მონაცემებით, სომხეთის ექსპორტი რუსეთში 51,5%-ით გაიზარდა და 371 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვამ 15,1%-იანი ზრდა აჩვენა და 1,366 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2017 წელს ექსპორტმა სომხეთიდან განაგრძო ზრდა (გაიზარდა 36%-ით) და შეადგინა 514 მილიონი დოლარი, მაშინ როდესაც საერთო სავაჭრო ბრუნვა 26,1%-ით გაიზარდა და 1,746 მილიარდ დოლარზე ავიდა. უახლესი მონაცემებით, 2018 წელს სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 1,968 მილიარდ დოლარს შეადგენს (12,7%-იანი ზრდა), სადაც ექსპორტის ზრდამ 21,82% შეადგინა, ხოლო მოცულობამ – 627 მილიონი დოლარი.

ზურაბ აბაშიძე & გრიგორი კარასინი

მიუხედავად სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რუსეთთან ვაჭრობის შთამბეჭდავი ზრდისა, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ხელისშემშლელი ფაქტორია სასაზღვრო პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსის“ მარშრუტის შეზღუდული გამტარიანობა. მითუმეტეს, „ზემო ლარსის“ გახსნის და რუსული ემბარგოს მოხსნის შემდეგ, რუსეთთან ვაჭრობაში სახმელეთო მარშრუტს არა მხოლოდ სომხეთი, არამედ საქართველოც იყენებს. სამართლიანობისთვის აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქართული ტვირთებისთვის რუსეთში შესასვლელად არსებობს ალტერნატიული აზერბაიჯანული მარშრუტიც, თუმცა ის ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველია და ეფექტურობით შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვებს ჩამოუვარდება. თუ 2006-2009 წლებში სომხეთი ძირითადად საზღვაო მარშრუტს იყენებდა და საკუთარი ტვირთების ექსპორტს საქართველოს პორტ ფოთიდან რუსულ ნოვოროსიისკში, პორტ კავკაზში (და უკრაინულ ილიჩოვსკშიც კი) ახორციელებდა, დღეს „ზემო ლარსის“ ამ ალტერნატიული, საზღვაო მარშრუტის არსებობა სომხეთში დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს. თუმცა, სწორედ ეს ალტერნატივაა ყველაზე რეალური და ერთადერთი, თუ არ ჩავთვლით რუსეთთან საჰაერო მიმოსვლას.

ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ რეგიონის ქვეყნების მედიაში დროდადრო ჩნდება ინფორმაცია საქართველოდან რუსეთამდე რკინიგზის ხაზის აფხაზური მონაკვეთის „შესაძლო ამოქმედებაზე“ ან როკის გვირაბის გავლით ტრანსკავკასიური მაგისტრალის გახსნაზე. ყველა ეს „სენსაციური“ პუბლიკაცია ექსპერტების გაზრდილი მოლოდინებით ქრონოლოგიურად ემთხვევა ქართულ-რუსული დღის წესრიგის აქტივიზაციას და „კარასინი-აბაშიძეს“ ფორმატში შეხვედრებს. შესაბამისად, პერიოდულად ჩნდება „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის ქართულ-რუსული შეთანხმების შესაძლო რეალიზაციის თემაც. შედეგად ჩვენ გვაქვს პუბლიკაციები და რეპორტაჟები სენსაციური განცხადებებით „სატრანსპორტო ბლოკადის“ გარღვევის და „ზემო ლარსის ალტერნატივების“ შესახებ.

რა ხდება ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დღეს, განსაკუთრებით 2011 წლის ხელშეკრულების რეალიზაციის კუთხით და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ყველაფერ ამას სომხეთის რესპუბლიკაზე?

2011 წლის ხელშეკრულების რეალიზაციის პროცესში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, 2017 წელს რუსეთმა და საქართველომ გამოხატეს მზადყოფნა ხელი მოეწერათ კონტრაქტებზე ნეიტრალურ შვეიცარიულ კომპანია SGS-თან (Société Générale de Surveillance SA). მან, სამმხრივი ქართულ-რუსულ-შვეიცარიული შეთანხმების თანახმად, უნდა მოახდინოს არსებული შეთანხმების რეალიზაცია. კონტრაქტებს ხელი მოეწერა, ხოლო მხარეებმა შექმნეს სატრასტო ფონდი, სადაც შვეიცარიული კომპანიის მონიტორების სამომავლო სამუშაოს ასანაზღაურებლად თანხა გადარიცხეს. შესაბამისად, დასრულდა შეთანხმების რეალიზაციის მოსამზადებელი პროცესი და ჩაინიშნა სამმხრივი კომიტეტის (საქართველო-რუსეთი-შვეიცარია) პირველი შეხვედრა. 6 თებერვალს გამართული კომიტეტის სხდომის შედეგად გადაწყდა არსებული შეთანხმების რეალიზაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნა. გარეგნულად ყველაფერი პოზიტიურად გამოიყურება, მაგრამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები იყო მშრალი და მათში შეთანხმების რეალიზაციის პრობლემების სრული კომპლექსურობა გამოჩნდა. მთავარი მათგან არის რუსული და ქართული მხარეების მხრიდან 2011 წლის შეთანხმების წაკითხვასა და ინტერპრეტაციაში განსხვავება.

2011 წელს შვეიცარიის შუამდგომლობით დადებული ხელშეკრულება შესაძლებლობას აძლევდა რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო, ხოლო საქართველოს, რომელმაც ამაზე თანხმობა განაცხადა – მიეღო მსოფლიოში უპრეცედენტო ვაჭრობის მონიტორინგის დამოუკიდებელი სისტემა (რუსეთსა და არაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის) საკუთარ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებზე. თვითონ მონიტორინგის განხორციელება მოხდება სამი სავაჭრო დერეფნის ამოქმედებით, რომელთაგანაც ორი არაღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გაივლის (შვეიცარიელი მონიტორები უნდა განთავსდნენ შეთანხმებაში დაფიქსირებულ გარკვეულ კოორდინატებზე და მოახდინონ სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგი დერეფნებში შესვლის და გასვლის დროს), თუმცა მათი სტატუსის საკითხი ხელშეკრულების რეალიზაციის ეტაპზე არ განიხილება. მესამე მათგანი, რომელიც სასაზღვრო პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსზე“ გადის, პრობლემას არ ქმნის და მონიტორები ქართველი და რუსი მებაჟეების დუბლირებას მოახდენენ.

აღსანიშნავია, რომ მომავალში ოფიციალური თბილისისთვის საკმარისია ისიც, რომ შვეიცარიელი მონიტორები რუსულ-აფხაზურ და რუსულ-სამხრეთ ოსურ ვაჭრობას დააფიქსირებენ. რუსეთი, თავის მხრივ, პერიოდულად აცხადებს, რომ შესაძლოა ამოქმედდეს ტრანზიტი ამ დერეფნების გავლით, რასაც თბილისში სკეპტიკურად, ხოლო ერევანში იმედით უყურებენ. ცხადია, თავად შეთანხმება არ გულისხმობს „ზემო ლარსის“ ორ ალტერნატიულ მარშრუტზე ტრანზიტის ავტომატურ ამოქმედებას, თუმცა ასევე არ კრძალავს მას. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები პრობლემების გარეშე შეუდგებიან მონიტორინგის რეალიზაციას, ხელშეკრულებაში გაწერილი მექანიზმები შესაძლებლობას იძლევა დერეფნების ტრანზიტისთვის გამოყენებას ელექტრონული GPS გადამცემების შესასვლელში და გასასვლელში ფიქსაციის წყალობით. ყველაზე სავარაუდო ალტერნატიული მარშრუტი ცხადია ამ შემთხვევაში არის ტრანკავკასიური მაგისტრალი, რომელიც 80 კილომეტრით გრძელია ლარსისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა ამავდროულად უფრო მოსახერხებელია უსაფრთხოებისა და უწყვეტობის კუთხით.

დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტი

მოლაპარაკების პროცესის ე.წ. „წყალქვეშა ქვებს“ შორის უნდა დავასახელოთ ის ფაქტიც, რასაც ტრანზიტის ბევრი მომხრე ყურადღების მიღმა ტოვებს. საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც მკაცრად კრძალავს ვაჭრობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, ასევე ტრანზიტს მათ ტერიტორიებზე. ცხადია, კონსენსუსის მიღწევის შეთხვევაში, ტრანზიტის საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ რუსეთის და საქართველოს ურთიერთშეთანხმების შედეგად. სამხედრო გადაზიდვების საკითხი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსულ ბაზებზე ასევე პრინციპულია პრობლემურ საკითხებს შორის. ამასთან, დამატებით პრობლემად შეიძლება იქცეს არაღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის სურვილი გახდეს ამ ხელშეკრულების მონაწილე, რაც აპრიორი ვერ მოხდება, რადგან მას ხელი ორი სახელმწიფოს – საქართველოს და რუსეთის დონეზე მოეწერა. ყველა ამ ფაქტორს აქვს გავლენა 2011 წლის ხელშეკრულების რეალიზაციის სამმხრივი კომისიის სამომავლო მუშაობაზე. ამ დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესს დიდი დრო და მხარეთა კომპრომისი დასჭირდება, თუმცა არა „წითელი ხაზების“ გადაკვეთის ხარჯზე, რომლებიც განსხვავდებიან, თუმცა საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხამდე დადის.

რომ დავუბრუნდეთ „ზემო ლარსის“ ალტერნატივის თემას, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სომხეთში ქართულ-რუსული ურთიერთობების არსებული რეალიების დროს აუცილებელია დავფიქრდეთ უფრო რეალურ „ალტერნატივებზე“, რომლებიც ქვეყნიდან საექსპორტო საქონლის მაქსიმალურად გატანას უზრუნველყოფენ. აქ მნიშვნელოვანია: საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის „სტეფანწმინდა-ლარსის“ გზის მოდერნიზაცია, ხიდების და გვირაბების მშენებლობა, რუსეთის მხრიდან სასაზღვრო-გამშვები პუნქცი „ზემო ლარსის“ მოდერნიზაცია და ა.შ. აუცილებელია ასევე აღინიშნოს საქართველოს ტერიტორიის გავლით ავტომობილებით ხორბლის და სიმინდის ტრანსპორტირების შესაძლო აკრძალვა. სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის გამოთვლებით, მხოლოდ სომხური ტვირთების ნაწილში, 2012-2017 წლებში ქართულმა რკინიგზამ ბრუნვის 43% (600 ათასი ტონა 1,4 მილიონი ტონიდან) დაკარგა, რომლის ტრანპორტირებაც დღეს ქართულ-რუსული სახმელეთო საზღვრის გავლით ავტოტრანსპორტით ხდება. საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯმა, რომლის მიზანიც სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ და ქვეყნის გზების განტვირთვა და ამავდროულად რკინიგზის დატვირთვა, შეიძლება ალტერნატივების ძიების პროცესი საზღვაო მარშრუტის მხარეს გადახაროს.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას