რუსეთ-საქართველოს სავაჭრო შეთანხმება: დერეფანი თუ ლაბირინთი?
პაატა ზაქარეიშვილი

პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი

როგორ მივიდა საქართველო შვეიცარულ კომპანია SGS-სთან შეთანხმებამდე და რას უნდა ველოდეთ ამ დოკუმენტის რეალურად და სრულად ამუშავების შემთხვევაში. რა რისკები და სარგებელია მოსალოდნელი და რა ფაქტორების გათვალისწინება მოუწევს საქართველოს, რომ დოკუმენტი სამშვიდობო პროცესისთვის სასარგებლო ბიძგად აქციოს.

 

 

ისტორია

როდესაც საქართველომ რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ნებართვა მისცა, გაფორმდა შეთანხმება საკმაოდ გრძელი და რთული სათაურით:  „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ”. შეთანხმებიდან გამომდინარე, ცალ-ცალკე, შვეიცარიის შუამავლობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ  გაფორმდა რამოდენიმე შეთანხმება შვეიცარულ კომპანია SGS-სთან. ეს დოკუმენტები იწვევენ ბევრ კითხვას, კამათს და როგორც ჩანს, რაც დრო გავა, კითხვები არა თუ შემცირდება, არამედ მოიმატებს კიდეც.  მოსალოდნელია, რომ „ხელშემკვრელი მხარეები” – საქართველო და რუსეთი – ინტერპრეტაციებს არ დაიშურებენ და თავისებურად წაიკითხავენ ამ ტექსტებს. ინტერპრეტატორების რიგს დაემატება აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეებიც, რომლებსაც სურთ ამ პროცესში თავისი ინტერესების რეალიზაცია განახორციელონ.

 

როგორ მივედით შეთანხმებამდე

დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტი

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2002 წელს დაიწყო. პირველი ინფორმაცია, რაც ამ თემაზე გვხვდება, არის 2002 წლის ივნისში ჩაწერილი ინტერვიუ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელშიც ის კმაყოფილებას გამოთქვამს იმის შესახებ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება ხელს შეუწყობს ვაჭრობას მთელს მსოფლიოში. ამავე დროს – 2002 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ვეტო დაადო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. “ვარდების რევოლუციის” შემდგომ, 2004 წლის თებერვალში, როცა რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, საქართველოს პარლამენტმა დროებით შეაჩერა აღნიშნული ვეტოს მოქმედება. ამის მიუხედავად, მოლაპარაკებები ჩიხში შედის – საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა იყო სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულიყვნენ ქართველი მებაჟეები, მაგრამ მთელი 8 წლის განმავლობაში მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ მოიტანა. საბოლოო ჯამში, აშშ-ს პრეზიდენტის ჩართულობის შედეგად, საქართველოს ინტერესი განისაზღვრა შემდეგი პოზიციით – იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ განახორციელებდა ტვირთბრუნვის კონტროლს საქართველო-რუსეთის სახელმწიფოს საზღვრის გასწვრივ, მაშინ ეს ფუნქცია უნდა აეღო უცხოურ ავტორიტეტულ ორგანიზაციას. ამ პოზიციიდან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2011 წლის 9 ნოემბერს, ჟენევაში. პროცესში ნეიტრალურ მესამე მხარეს წარმოადგენდა შვეიცარიის მთავრობა, რომელსაც რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ფონზე, უკვე ჰქონდა მინიჭებული განსაკუთრებული დიპლომატიური როლი. ამასთან ერთად, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაც სწორედ შვეიცარიაშია განთავსებული. გარდა შეთანხმებისა, ხელი მოეწერა დოკუმენტების მთელ პაკეტს, მათ შორის იყო შვეიცარიის მიერ სავაჭრო საქონლის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის მექანიზმის განმახორციელებელი ორგანიზაციის მოძებნის შესახებ. შედეგად შერჩეულ იქნა შვეიცარული კომპანია SGS.

2012 წელს, როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გამოწვევის წინაშე დადგა – ხელში შერჩა საკმაოდ ბუნდოვანი დოკუმენტი, რომელშიც პასუხებზე მეტი კითხვა იყო. ამასობაში რუსეთი აფხაზურ და ოსურ მხარეებთან იწყებს ორმხრივ ურთიერთობებს, აფორმებს მათთან საქართველოს კანონმდებლობასთან შეუთავსებელ შეთანხმებებს. ამით რუსეთი ფაქტის წინაშე აყენებს საქართველოს, რომელიც იძულებული ხდება დამატებითი საფრთხეების გამოვლენის მიზნით, დეტალურად შეისწავლოს რუსეთის მიერ განხორციელებული ნაბიჯები. 2017 წლის დეკემბერში ხელი ეწერება კონტრაქტს საქართველოს მხარესა და შვეიცარიულ კომპანია SGS-ს შორის. რუსეთმა, საპასუხოდ, 2018 წლის მაისში მოაწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას შვეიცარულ კომპანიასთან, ხოლო ივნისში გადარიცხა სავალდებულო გადასახადი. საქართველომ შესაბამისი გადარიცხვა ნოემბერში განახორციელა და ამით დასრულდა ამ დრამატული ისტორიის სამართლებრივი პერიოდი. მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა მოლაპარაკებები საქართველოს, შვეიცარიასა და რუსეთს შორის და როგორც ჩანს, მონიტორინგის პროცესი უკვე მარტიდან დაიწყება.

 

რისკები და შესაძლებლობები

შეთანხმების ერთ-ერთი პლიუსი არის ის, რომ საქართველომ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის არის ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არ აპირებს, თავისი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოს პრობლემები შეუქმნას, ხელი შეუშალოს რა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს დოკუმენტი საქართველოსთვის უფრო არის პოლიტიკური, ვიდრე ეკონომიკური პროექტი. ის არის რუსეთთან გაფორმებული ერთადერთი დოკუმენტი, რომელშიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები იგულისხმებიან, თუმცა ისინი არ არიან ნახსენები და ჩართულები შეთანხმების რეალიზაციის პროცესში. ამ შეთანხმებით რუსეთი ირიბად ადასტურებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეთანხმებით იქმნება ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი – ერთობლივი კომიტეტი, რომელიც განიხილავს ყველა შესაძლო პრობლემას. კომიტეტში შედიან საქართველო, რუსეთი და  შვეიცარია. და, რა თქმა უნდა, არ არიან წარმოდგენილნი აფხაზური და ოსური მხარეები. ვფიქრობ, ეს კომიტეტი შეიძლება გახდეს დამატებითი რესურსი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ზოგადად, უაღრესად მნიშვნელოვანია შვეიცარიის, როგორც შუამავალი სახელმწიფოს ფაქტორი. ის არის ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო. ამასთან, შვეიცარია არც ევროკავშირ

ზურაბ აბაშიძე & გრიგორი კარასინი

ის წევრი სახელმწიფოა და ნეიტრალიტეტის სტატუსის გამო, არც ნატოს წევრი. შესაბამისად, მისი ჩართულობა საქართველო-რუსეთის კონტექსტში ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

შეთანხმებით დგინდება სამი სავაჭრო დერეფანი – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებებით და ლარსზე, სადაც ამჟამადაც ხორციელდება ტვირთბრუნვა. შვეიცარული კომპანიის ტერმინალები რუსეთის მხარეს განთავსდება ქალაქ ადლერში, ქალაქ ვლადიკავკაზთან და ლარსთან, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, რასაც თავისთავად, დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ტვირთბრუნვა იქნება განხორციელებული მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის, თუმცა, ტვირთი შესაძლოა განკუთვნილი იყოს სხვადასხვა სახელმწიფოსთვის – თურქეთისთვის, სომხეთისთვის, ირანისთვის და ა.შ. რატომ შევიდა შეთანხმებაში მესამე გამშვები პუნქტი – ლარსი, რომელიც ისედაც არსებობს? ვფიქრობ, ამით საქართველო პოლიტიკურად მომგებიან სიტუაციაში რჩება, ვინაიდან დასტურდება, რომ შეთანხმება სცილდება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და უფრო ფართო პერსპექტივებს მოიცავს. დოკუმენტი ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას არეგულირებს და შეთანხმებაში შეყვანილია დღეს მოქმედი გამშვები პუნქტიც, რომელიც დანარჩენ ორ ტერმინალთან ერთად, სრულად მოიცავს რუსეთ-საქართველოს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს.

ლარსისგან განსხვავებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საკმაოდ გრძელი დერეფნებია. აფხაზეთის მიმართულებით ის იწყება ადლერში რუსეთის მხრიდან და საქართველოს მხარეს მთავრდება ზუგდიდში. ცხინვალის მიმართულებით კი იწყება ვლადიკავკაზთან და მთავრდება გორში. სწორედ ეს გარემოებები იწვევს ყველაზე მეტ კამათს. ის, რომ შვეიცარიული კომპანიის მონიტორები იქნებიან ადლერში და ვლადიკავკაზში, კარგია, რადგან ამით ფიქსირდება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მაგრამ ის, რომ ისინი განლაგდებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან ახლოს – ზუგდიდსა და გორში, ეს უკვე რუსეთს აძლევს საშუალებას ილაპარაკოს, რომ მათ მოახერხეს მოენიშნათ მათ მიერ დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. სჯობდა, ეს ტერმინალები განთავსებულიყო არა ზუგდიდსა და გორში, არამედ ქვეყნის სიღრმეში – მაგალითად სამტრედიაში და თბილისში. თუ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტები დიდხანს არ მოგვარდება ან დეოკუპაცია არ განხორციელდება, საერთაშორისო თანამეგობრობა, შესაძლოა, მიეჩვიოს იმას, რომ სწორედ ამ წერტილებში დგას ტერმინალები და შესაძლოა, ამან მომავალში კონფლიქტის საზღვრების “განსაზღვრას” შეუწყოს ხელი.

ზოგჯერ, შეთანხმების კომენტირებისას ერევათ ორი სხვადასხვა პოზიცია – 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული უკვე არსებული ტვირთბრუნვის მონიტორინგი და მომავალში, ამავე შეთანხმებით დაშვებული შესაძლო დამატებითი სავაჭრო ურთიერთობების წამოწყება. ხშირად აპრიორი მიიჩნევა, რომ ამ დოკუმენტით დამატებითი ტვირთბრუნვა დაიწყება, რაც ავტომატურად არანაირად არ გამომდინარეობს არსებული დოკუმენტებიდან. მაგალითად, სომხეთიდან ხშირად ისმის ოპტიმისტური განცხადებები, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაიხსნება გზები რუსეთისკენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით. სინამდვილეში ეს შეთანხმება ახალ რეალობას არ ქმნის. ის მხოლოდ არსებულ რეალობას აშუქებს.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩევანი, თუ რა გააკეთოს მომავალში – დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც დღემდე იყო, თავისი პლიუსებით და მინუსებით, თუ გახსნას სატრანზიტო დერეფნები ლეგალური ტვირთების გასატარებლად. პირველ შემთხვევაში, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ტვირთების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ არსებული კანონმდებლობის მიხედვით. რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება იქნება წარმოდგენილი როგორც საქართველოს სუვერენიტეტის დადასტურება. საქართველოს უჩნდება დამატებითი ბერკეტი უკანონო ვაჭრობის აღკვეთის მოსათხოვნად.

ამ შეთანხმების სერიოზული ხარვეზია ის, რომ მის ფარგლებში მხოლოდ საავტომობილო ტვირთების მონიტორინგი ხორციელდება. აფხაზეთის ტერიტორიაზე საავტომობილო გზების გარდა, ტვირთების მნიშვნელოვანი რაოდენობა შეედინება გემებით და რკინიგზით, მათ შორის, რუსეთის სამხედრო ბაზების აღჭურვილობა და იარაღი. ზღვით და რკინიგზით გადაზიდური ტვირთები არ დაექვემდებარებიან შეთანხმებით გათვალისწინებულ მონიტორინგს. რაც შეეხება ცხინვალის დერეფანს, ამ მიმართულებით მხოლოდ საავტომობილო გზაა და ამ შემთხვევაში ტვირთები უკეთ დაექვემდებარება შემოწმებას.

დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტი

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც იწვევს კამათს, არის ის, რომ შვეიცარიულ კომპანიას არ აქვს ე.წ. შლაგბაუმის უფლება, ანუ მას არ შეუძლია ყველა ტვირთი შეამოწმოს. კომპანიას შეუძლია, შეამოწმოს და დააფიქსიროს მხოლოდ ის ტვირთი, რომლის მფლობელიც დაინტერესებულია გაიაროს საერთაშორისო მონიტორინგი. თუ ასეთმა შემთხვევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, ამან შეიძლება ქართულ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიოს. თბილისში გაჩნდება კითხვა – რა გავიგეთ ამ შეთანხმებიდან ისეთი, რაც არ ვიცოდით აქამდე. ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს იცოდეს, თუ რა ტვირთები რჩება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ეს არის ამოცანა, რომელიც ამ შეთანხმებით შესაძლოა ბოლომდე ვერ იქნას განხორციელებული.

მნიშვნელოვანია ნიუანსი, რომელიც შეიძლება რუსეთმა გამოიყენოს თავისი პოზიციების გასამყარებლად: შეთანხმებით მხარეები ადასტურებენ ებრძოლონ უკანონო ვაჭრობას. საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთი უკანონოდ ვაჭრობს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან და თუ შეთანხმება გავალდებულებს, რომ უკანონო ვაჭრობა აღმოიფხვრას, მაშინ საქართველოს შესაძლოა მოეთხოვოს კანონიერად აღიაროს ბევრი ისეთი ქმედება, რომელსაც შეთანხმების ამოქმედებამდე უკანონოდ თვლიდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს შეეძლება საქართველოსთან იდავოს როგორც ერთობლივ კომიტეტში, ისე არბიტრაჟში. რუსეთი განაცხადებს, რომ ის აწვდის ინფორმაციას მხარეებს იმის შესახებ, რასაც ახორციელებს. საქართველო კი ამას უკანონო ვაჭრობად თვლის. შესაძლოა, მან განაცხადოს, რომ ამ შეთანხმებას იმიტომ მოაწერა ხელი, რომ ურთიერთობები გამჭვირვალე და ლეგიტიმური გაეხადა და თუ საქართველო ყველაფერს უკანონოდ მიიჩნევს, ნიშნავს იმას, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ სჭირდება დოკუმენტი  უკანონო ტვირთების გამოსავლენად. თუ ასეთ პოზიციას მესამე ნეიტრალური მხარე – შვეიცარიაც დაეთანხმა, მაშინ მათგან მოწოდებული შენიშვნა ანგარიშგასაწევი იქნება. საქართველომ კარგად უნდა აწონ-დაწონოს, როდის შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა კანონგარეშედ.

2011 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიოს განწყობა ყირიმის, სირიის თუ ვენესუელას მოვლენების გამო. ახალი გარემოებებიდან გამომდინარე რუსეთი შეიძლება შეეცადოს, ეს შეთანხმება გამოიყენოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების ლეგიტიმაციისათვის ანუ ხელი შეუწყოს მათი ე.წ. საბაჟოების თუ მესაზღვრეების მუშაობას. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში რუსეთის არასახარბიელო როლის გამო, ამ შეთანხმების ამუშავება დამატებით რისკებს წარმოაჩენს.

შეთანხმების უფრო ეფექტურად ამოქმედებისთვის იზრუნებს ევროკავშირიც, გაეროც და ეუთოც. როცა ისინი დაინახავენ, რომ სამშვიდობო პროცესში ასეთი საინტერესო ინსტრუმენტი გაჩდა, ისინი მოგვთხოვენ პასუხს კითხვაზე, რას ვაპირებთ ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით? საქართველო მუდმივად იქნება კონსტრუქციული დიპლომატიური ზემოქმედების ქვეშ, რათა მეტი ნაბიჯი გადადგას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გახსნისთვის, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან მეტი ურთიერთობისა და გამჭვირვალობის დასამყარებლად.

როდესაც ვსაუბრობთ რისკებსა და მოსალოდნელ სარგებელზე, ვგულისხმობთ მხოლოდ იმ შემთხვევას, თუ ეს დერეფნები გაიხსნება. თუ საქართველო ამ დერეფნებს გახსნის, ეს მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა შედის მძიმე წინასსარჩევნო ორწლიან ფაზაში, საეჭვოა, რომ ხელისუფლებამ შეთანხმების რეალიზაციის მიმართულებით თამამი ნაბიჯები გადადგას. სავარაუდოდ, მოხდება ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მხოლოდ საწყის ეტაპზე და შემდეგ პროცესი გაჩერდება. თუმცა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ამ თემასთან დაბრუნება და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთი აუცილებლად შეეცდება საკუთარი ინტერპრეტაციით მის ამუშავებას. ჩვენი სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების სწორ მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული – იქცევა ამ შეთანხმების ამოქმედება სამშვიდობო პროცესისთვის სასარგებლო მოვლენად თუ საქართველო ისეთ აგრესიულ და რთულად გასათვლელ მოთამაშესთან, როგორიც რუსეთია, ბრძოლის ველზე პირისპირ დარჩება.

 

გამოყენებული ფოტოები: 1tv.ge; flickr.com

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას